ავტორი:

"უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინი" - ნადეჟდა სავჩენკოს გზა

"უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინი" - ნადეჟდა სავჩენკოს გზა

კიევის ცენტში, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს. დეპუტატის დაკავება, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთში მოხდა - კოლეგებმა მას დეპუტატის ხელშეუხებლობა გაუუქმეს და მის დაპატიმრებას დათანხმდნენ.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ნადეჟდა სავჩენკო 8 მარტს დაკავებულ ორგანიზაცია "ოფიცერთა კორპუსის" ხელმძღვანელ ვლადიმირ რუბანთან ერთად კონსტიტუციური წყობის დამხობასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა.

მისივე ინფორმაციით, სავჩენკო და რუბანი უკრაინის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და პარლამენტის წევრების მკვლელობას, ასევე, დონეცკელი სეპარატისტების დახმარებასა და მათთვის იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გადაცემას გეგმავდნენ.

გამოძიების ვერსიით, სავჩენკოს გეგმის შესახებ სამართალდამცავებს იმ უკრაინელმა სამხედროებმა შეატყობინეს, ვისაც სავჩენკომ და რუბანმა გადატრიალებაში მონაწილეობა შესთავაზეს.

22 მარტს უკრაინის პარლამენტის სხდომაზე ნაჩვენები იყო საქმეში არსებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რაც პროკურატურის განცხადებით, მათ გეგმებზე ნათლად მიანიშნებდა... თუმცა, თავად სავჩენკომ პროკურატურის მასალებს "პოლიტიკური პროვოკაცია" უწოდა. მისივე თქმით, ძალიან გაუხარდა, რომ გადატრიალებაში დაადანაშაულეს და სინამდვილეში მას მხოლოდ ხელისუფლების შეშინება სურდა. მან დონბასელი სეპარატისტებისგან იარაღის შესყიდვის ფაქტებიც აღიარა, რითაც კიევში სამთავრობო კორპუსების აფეთქებას გეგმავდა და მოტივად "ომის ნებისმიერ ფასად შეჩერება დაასახელა..."

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, სავჩენკო სისხლიან ტერაქტებს, პირდაპირ უკრაინის პარლამენტის კედელთან გეგმავდა... 15 მარტს, უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ სავჩენკო რადაში იარაღით მივიდა... ინტერნეტ გამოცემა LB.ua-ს ინფორმაციით, მაშინ რამდენიმე დეპუტატის თქმით, სავჩენკო დარბაზში იარაღით შესვლის შემდეგ, იქიდან გააძევეს...

იური ლუცენკოს უწყების ცნობით, ვლადიმირ რუბანი თანამოაზრეებთან ერთად, ღამის საათებში, ერთდროულად პეტრო პოროშენკო, ალექსანდრე ტურჩინოვის, არსენი იაცენიუკის, არსენი ავაკოვისა და სხვა მაღალჩინოსნების საცხოვრებელზე თავდასხმასა და მათ მკვლელობას გეგმავდა... ხუთშაბათს, ასევე ცნობილი გახდა, რომ სავჩენკო და რუბანი, პოროშენკოს კორტეჟზე აპირებდნენ თავდასხმას... ამ ბრალდებას სასაცილოს უწოდებს რუბანი, რაც შეეხება, სავჩენკოს, მის განცხადებით, ის ყველაფერს თავის თავზე იღებს.

ხუთშაბათ დილით, სავჩენკომ კომიტეტის სხდომაზე, დემონსტრაციულად ორი ცალი ბროწეული მიიტანა და მაგიდაზე დადო. მისივე თქმით, ამ ჟესტით იმ ბრალდებების გაქარწყლება უნდოდა, რომელიც მისი და რუბანის მისამართით წამოვიდა.

"ჩვენ არავის მკვლელობას არ ვგეგმავდით... დიახ, ვიყავი დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და იარაღი მხოლოდ იმიტომ გამოვზიდე, რომ მისგან უკრაინელი სამხედროები დამეცვა. სისულელეა ეს თავდასხმები და აფეთქებები, სროლები და პარლამენტის დაბომბვა ყუმბარტმყცორცნებით... მე შემიძლია ვითამაშო თეატრში, მაგრამ არ შემიძლია იმ სცენარის რეალიზება... ნებისმიერ უკრაინელს აქვს ოცნება, უკრაინის უმაღლესი რადა აფეთქდეს... "- აცხადებს სავჩენკო.

სავჩენკომ თავისი წარსულიც გაიხსენა. ის დრო, როდესაც არმიაში სამსახურს იწყებდა. "მაშინ დამჭირდა და საკუთარ თავზე ანონიმური წერილი დავწერე, თითქოს უკრაინის უშიშროების სამსახურთან ვთანამშრომლობდი... კიდევ ერთი აღიარება მინდა გავაკეთო, როდესაც რუსეთის ტყვეობიდან დავბრუნდი, სხვადასხვა აგენტები მიკავშირდებოდნენ და ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდნენ, ამ გზით ჩემი "დავერბოვკება" უნდოდათ... არ გამოუვიდათ, რადგან ასეთ მდაბიო შემოთავაზებებს არასდროს ვთანხმდები..."- აცხადებს სავჩენკო.

დაკავებამდე, ის კომიტეტის ბოლო სხდომას დაესწრო და იური ლუცენკოს 2014 წლის საპროტესტო დღეები შეახსენა, როდესაც მისივე თქმით, ის სვამდა და ფულს იპარავდა... საქმე ის არის, რომ კომიტეტის სხდომაზე, სავჩენკოს არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. ლუცენკოს გადაწყვეტილება, მიეცათ სავჩენკო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, არავის გაუპროტესტებია.

ნადეჟდა სავჩენკო, 1981 წლის 11 მაისს, კიევში დაიბადა. სამხედრო სამსახურზე ყოველთვის ოცნებოდა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, დიზაინერის სპეციალობა აირჩია. გარკვეული დროის განმალობაში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ისწავლა, შემდეგ კი, უკრაინის სამხედრო ძალებში კონტრაქტტორად წავიდა. 2004-2005 წლებში სამშვიდობო მისიით ერაყში იმყოფებოდა, იქიდან დაბრუნების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის რეკომენდაციით, სწავლა ხარკოვის საჰარეო ძალების უნივერსიტეტში გააგრძელა...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ნადია, დონბასში სავჩენკო აიდარის ბატალიონში იბრძოდა. 2014 წლის 17 ივნისს, რუსმა ბოევიკებმა დააკავეს და მისი კვალი კარგა ხნით დაკარგა... შემდეგ, გავრცელდა ცნობა, რომ ის ვორონეჟის საგამოძიებო სისტემაში ჰყავდათ დაკავებული. რუსეთის მთავრობა სავჩენკოს უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებდა. რუსეთში მას 22 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2016 წელს, ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა... მანამდე, მის გათავისუფლებას ევროპარლამენტსა და ამერიკის კონგრესში აქტიურად ითხოვდნენ.

რუსეთის ციხეში მან 100 დღე იშიმშილა და "გაუტეხლობის გამო" მას მსოფლიომ "უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინიც" კი შეარქვა, უკრაინაში კი გმირად აღიარეს... თუმცა, ახლა უკრაინული მედია წერს, რომ სავჩენკო რუსეთის უშიშროების ძალებთან აქტიურად თანამშრომლობს და ეს შესაძლოა, წლების წინ დაიწყო...

მასალა მომზადებულია bbc.com-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე