დავით ზურაბიშვილი გიორგი გახარიას მიმართავს - "ჩემს შვილს პოლიციის სახელით ემუქრებიან"

დავით ზურაბიშვილი გიორგი გახარიას მიმართავს - "ჩემს შვილს პოლიციის სახელით ემუქრებიან"

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და მისი ვაჟის მიმართ მუქარის ფაქტის შესწავლას ითხოვს. ზურაბიშვილის თქმით, მის შვილს გიორგი ზურაბიშვილს, რომელიც სპორტული ჟურნალისტია ფეისბუქის პოსტის გამო, მუქარისშემცველ წერილებს უგზავნიან. ამის შესახებ პოლიტიკოსი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსს, ბ-ნ ვახტანგ გომელაურს.

მსურს მოგმართოთ სრულიად ოფიციალურად იმ უმსგავსო კამპანიასთან დაკავშირებით, რაც ფეისბუქის მეშვეობით აგორდა ჩემი შვილის, გიორგი ზურაბიშვილის მიმართ

მოგახსენებთ, რომ ჩემი შვილი, გიორგი ზურაბიშვილი არის საკმაოდ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და საერთოდ შორს დგას პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისგან. ამის აღნიშვნა შესაძლოა ზედმეტიცაა, მაგრამ მაინც ვაფიქსირებ, მერე რომ არ იყოს ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ სპეკულაციებზე.

იმავდროულად, გიორგი, ისევე როგორც არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, ბუნებრივია, მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობებში. კერძოდ ის, თავის მეგობრებთან ერთად ხშირად აპროტესტებს ხოლმე არსებულ ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში გამომწყვდევის დრაკონულ პრაქტიკას. რაშიაც, ის ცხადია მარტო არ არის და მსგავსი შეხედულება აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.

ამჯერადაც მან გააპროტესტა ის ფაქტი, როდესაც მის მეგობარს ორ გრამამდე ემდიემეის ფლობისთვის მიუსაჯეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამგვარი სასჯელის სისასტიკეს და არაადამიანურობას საქართველში არ უარყოფს არავინ, მათ შორის ისინიც, ვინც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას დიდად არ ემხრობიან. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ არსებული კანონმდებლობა უვარგისია და მისი ჰუმანიზაციაა საჭირო, თუმცა, ამ ამბავს და შესაბამისი კანონპროექტის მიღებას რომ დღემდე არ დაადგა საშველი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

პრობლემა პრობლემად და რაც გიორგის მიერ მისი მეგობრის პატიმრობის გაპროტესტებას მოჰყვა, ის უკვე საერთოდ არაფერში არ ჯდება. მისი ფოსტა ორი დღეა წაილეკა ანონიმი და ე. წ. ფეიკ-ექაუნთების მქონე პირების მხრიდან ლანძღვა-გინებთ და მუქარებით. თან ეს ხალხი იგინება და იმუქრება პოლიციის და ხელისუფლების სახელით.

აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი შემოტევები სოციალურ ქსელში, მსგავსი აგრესია და ლანძღვა-გინება პოლიციის სახელით არ არის პირველი შემთხვევა და პერიოდულად ხორციელდება ხოლმე სწორედ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მტკიცედ და მკვეთრად აკრიტიკებს არსებული ნარკოპოლიტიკის არაადამიანურ პრაქტიკას, რაც გვაფიქრებინებს რომ ადგილი აქვს ორგანიზებულ და ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც ხორციელდება სწორედ ძალოვანი სტრუქტურების წიაღში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კატეგორიულად ვითხოვ:

ა) აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ძალოვანი სტრუქტურების სახელით ადამიანების მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ტერორიზირების ფაქტის გამო.

ბ) გამოვლენილი (კონკრეტულად, სახელებით და გვარებით) და უმკაცრესად დასჯილი იქნენ ის პირები, ვინც ამ უმსგავსოებას სჩადის. როგორც შემსრულებლები, ისე ორგანიზატორები.

P. S. აქვე ვაშეარებ რამდენიმე მესიჯს, სადაც ეს თავხედი ნაძირლები უკვე ემუქრებიან არა მხოლოდ გიორგის, არამედ მისი ფეისბუქ-სტატუსის კომენტატორებსაც" - წერს დავით ზურაბიშვილი და მუქარისშემცველ წერილებს ავრცელებს. როგორც ცნობილია, გიორგი ზურაბიშვილი უკვე დაბარებულია გენერალურ ინსპექციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი ზურაბიშვილის პოსტი, რომლის შემდეგაც მისი მისამართით მუქარისშემცველი შეტყობინებებია გაგზავნილი, ეხება მისი მეგობრის მამუკა ბერძენიშვილის დაპატიმრებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ 29 წლის მამუკა ბერძენიშვილს 2 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვა-მოხმარების გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ზურაბიშვილი წერდა: "ერთ-ერთი ყველაზე ჯიგარი და უბოროტო ადამიანი, ვისაც ვიცნობ - მამუკას 1 გრამი ემდიემეის (კლუბში ორი ადამიანის საგულაო რაოდენობა) ფლობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გასართობად კლუბისთვის ემზადებოდა და 8 წლით გაუშვეს ციხეში. თავისი საქმის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და უკარგესი მეგობარი მოგვპარა დღეს სამარცხვინო სისტემამ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ბოროტება მართლა არ ვიცი... ხმას რატომ არ იღებთ ადამიანებო, აუცილებლად თქვენი ოჯახის წევრი უნდა შეეწიროს ამ ფაშიზმს? დაგვიჭირეთ მაშინ ყველა, მთელი საზოგადოება და გაგვიშვით ციხეში! მამუკა არაფრით ჩვენზე მეტი დამნაშავე არ არის!!!"

"ძალიან საშიში ხალხი ვართ... ეს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას" - რას წერს ჟურნალისტი ბასილაშვილის საქმის "გარჩევებზე"

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე

"მწვრთნელს ვკითხე - სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ვიფიქრე გამაგდებდა, მაგრამ უკან არ დავიხიე... ბიჭები გასუსულები გვისმენდნენ..." - რას იხსენებს შოთა არველაძე