3 ვერტიკალური ბაღი თბილისში - ქალაქის მძიმე ეკოლოგიური საფრთხისგან გადარჩენის გზა

3 ვერტიკალური ბაღი თბილისში - ქალაქის მძიმე ეკოლოგიური საფრთხისგან გადარჩენის გზა

ვერტიკალური ბაღების იდეა სათავეს უძველესი დროიდან იღებს, სემირამიდას დაკიდული ბაღები თანამედროვე სამყაროში პროვანსის, პარიზის, ლონდონის, სიდნეის, მადრიდის, სინგაპურის, ტაივანის, ჰონკონგისა და ტულუზის ბაღებმა შეცვალა, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა აქვთ.

არქიტექტორები მიიჩნევენ, რომ მომავლის ქალაქები ვერტიკალური ბაღებით იქნება გაშენებული, რაც განსაკუთრებით ეფექტური და მოსახერხებელია მეგაპოლისებისთვის, რომელთაც ტერიტორიული სიმცირე, ურბანული და ეკოლოგიური პრობლემები აქვთ. ამ კონტექსტში, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში მოიაზრება თბილისიც, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობების და ურბანული ქაოსის გამო, ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას.

თბილისში, საჯარო სივრცეში სულ რამდენიმე ვერტიკალური ბაღია, პირველი, და ყველაზე ძველი ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზე არსებული ცოცხალი კედელია, მეორე ვერტიკალური მწვანე კედელი განახლებულ პლეხანოვზეა გაკეთებული, ვარდების ბაღის მიმდებარედ, მესამე კი სულ ახლახან გაკეთდა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე. თბილისის პირველი ვერტიკალური კედელი ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსისა და ლანდშაფტის არქიტექტორის პატრიკ ბლანის პროექტით მოეწყო. პატრიკ ბლანი მეგაპოლისების “ვერტიკალური გამწვანების” იდეის ავტორია, მის მიერ გამოყვანილი მცენარეები პირდაპირ კედლებზე იზრდება და ხარობს, არც ასფალტის აყრა სჭირდება, არც მიწის მოჩიჩქვნა და არც შენობების დანგრევა, პირიქით, რაც მეტი მაღალსართულიანი შენობაა ქალაქში, მისი კონცეფციით, უფრო მეტი ხე იზრდება.

ვერტიკალური ბაღების იდეა რამდენიმე წლის წინ აქტიურად განიხილებოდა ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ. ასეთივე პროექტზე საუბრობენ, ე.წ, ელიავას ბაზრობის მეპატრონეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ელიავას ბაზრობის ადგილას ააშენებენ თანამედროვე სტანდარტის სავაჭრო ცენტრს, რომელიც გამწვანებული იქნება ვერტიკალური დაკიდული ბაღებით. მათ პროექტიც მომზადებული აქვთ.

როგორც ლანდშაფტის არქიტექტორი, ლიკა ქურციკიძე ამბობს, უცხოეთის ქვეყენების პრაქტიკის მიხედვით, ვერტიკალური ბაღების მოწყობის ინიციატორები სწორედაც რომ კერძო კომპანიები არიან და თუ ეს ტენდენცია თბილისშიც დაინერგება, ეს ჩვენი ქალაქისთვის, რომელსაც მწვანე საფარის დიდი პრობლემა აქვს, ძალიან ხელსაყრელი იქნება. რა პერსპექტივა აქვს თბილისში ვერტიკალურ ბაღებს და რასთან არის დაკავშირებული მისი მოწყობა-მოვლა, ამის შესახებ რეკომენდაციებს ლანდშაფტის არქიტექტორი ლიკა ქურციკიძე გვიზიარებს. ის თავად მუშაობდა, როგორც ავლაბრის, ასევე ვაკის ვერტიკალური მწვანე კედლების მოწყობაში. მის სახელთან არის დაკავშირებული ურეკში სასტუმრო "პარაგრაფში" და თბილისში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში არსებული ვერტიკალური მწვანე კედლები.

"იმ ქალაქებისთვის, რომელთაც ურბანული და ეკოლოგიური პრობლემები აქვთ, ვერტიკალური ბაღების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ურბანულ გარემოში, უკვე იმდენად მწირია მწვანე საფარი, აუცილებელი გახდა სახურავების და ვერტიკალური კედლების გამწვანება, რაც ალამაზებს გარემოს, ასუფთავებს და ატენიანებს ჰაერს, ხელს უწყობს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენი ქალაქი ამ მიმართულებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რა თქმა უნდა ბუნებრივი სიმწვანე და ბაღები, ქალაქისთვის შეუცვლელია, მათ შორის მწვანე ზონები თბილისის გარშემო, რომელიც უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტაა.

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვაქვს პრობლემა მწვანე ფართობების სიმცირესთან დაკავშირებით, აუცილებელია სხვა ალტერნატიული გზები ვეძებოთ, ამ შემთხვევაში ხსნას ვხედავთ ორი მიმართულებით, ერთია - სახურავების გამწვანება, რომელიც შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ნაგებობების სახურავები, სკოლების, ბაღების, ალბათ, საცხოვრებლისაც, თუმცა საფიქრალია, რომ მათი მოვლის პრობლემა არ გაჩნდეს. იქ, სადაც მოსახერხებელია და ვიზუალური ეფექტის საჭიროებაც არსებობს, ვერტიკალური ბაღების მოწყობა კარგი შესაძლებლობაა, რათა ქალაქს შეემატოს მწვანე საფარი, რომელიც აკავებს მტვერს, გამონაბოლქვს.

- რამდენად დიდია ინტერესი საქართველოში ვერტიკალური ბაღების მიმართ?

- საქართველოში ამ მიმართულებით ინტერესი უკვე გაჩნდა, ადრე ბაღს რომ აკეთებდა ადამიანი ქართული ხასიათიდან გამომდინარე, პირველ რიგში იმას გვთხოვდა, ისეთი მცენარეები ჩამირგეთ ბევრი მოვლა არ სჭირდებოდესო. ეს მიდგომა უკვე შეიცვლა. ინტერესს უფრო ხშირად კერძო სექტორი გამოხატავს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ეს მიმართულება პოპულარულია კერძო კომპანიებში, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერტიკალური ბაღების გარკვეულ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, თუმცა მათ მოსაწყობად არც ისეთი "კოსმოსური" თანხებია საჭირო, როგორც ვიღაცას შეიძლება ეგონოს. იმის მიუხედავად, რომ ვერტიკალური ბაღების მოწყობა არაა იაფი სიამოვნება, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც ეს ბაღები გვაძლევს, როგორც ეკოლოგიური, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით, მათი გაკეთება კარგი იდეაა.

არის მეორე ფაქტორიც, იმის და მიხედვით, კონსტრუქცია რა მასალისგან არის დამზადებული, არის დამოკიდებული ბაღის მოწყობის ღირებულებაც, ბოლო წლებში უფრო და უფრო დაიხვეწა ვერტიკალური ბაღების მოწყობის ტექნოლოგია, ამ მეთოდების დახვეწა და გაუმჯობესება თავისთავად იწვევს ღირებულების შეცვლას და ფასს ამცირებს. ყველა კონსტრუქციას თავისი ფასი აქვს, მაგრამ არა ისეთი, რომ შეძლებულმა ადამიანმა ან კომპანიამ მისი გადახდა ვერ შეძლოს. ძირითადი პრობლემა ვერტიკალური ბაღებთან დაკავშირებით მაინც არის მათი მოვლა და მუდმივი ყურადღება, მცენარეებს ვერტიკალურ სივრცეზე, ზუსტად იგივე სამუშაოების ჩატარება სჭირდება, მაგალითად, გაკრეჭვა, სარეველას მოცილება, როგორც მიწაზე დარგულ ნარგავს, თუმცა რასაკვირველია კედელზე მუშაობა ბევრად უფრო ძნელია.

- ძირითადად რა სახის ნარგავები ხარობს ვერტიკალურ ბაღებში?

- ვერტიკალურ ბაღებში ყველაზე მცენარე ვერ ხარობს, უმჯობესია გამოვიყენოთ ბუჩქოვანი და ბალახოვანი მცენარეები, მრავაწლიანი მოყვავილე მცეენარები, რომლებიც სიმაღლეში ძალიან დიდი არ იზრდება. ცალკე თემაა მცენარეები, რომელთაც აქვთ უნარი, ხასიათი, განვითარდნენ ვერტიკალურად. ეს არის მცოცავი, მხვიარა მცენარეები, რომლებიც ჩვეულებრივად ირგვება მიწაში და იზრდება ვერტიკალურად. ამ მცენარეების დარგვა ყველაზე ადვილად გასაკეთებელი, ეკონომიური, და ხანგრძლივად დროში გაწელილია. თუმცა მქონია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი კედლის გაკეთების დროს შემთხვევით "ჯიბეში" მოხვდა ჭადრის თესლი და ამოვიდა ხე, იქ სადაც ჭადრის ტოტი ამოვიდა, ასეთ სივრცეში ჩვეულებრივი თესლი რომ ჩააგდოთ, ისიც კი გაიხარებს.

თბილისში რამდენიმე ვერტიკალური მწვანე კედელი გვაქვს - პირველად გაკეთდა ავლაბრის მწვანე კედელი, რომელიც ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზეა მოწყობილი, მერე იყო პლეხანოვის ვერტიკალური ცოცხალი კედელი ე.წ. ვარდების ბაღთან და ახლახან გავაკეთეთ ასეთი კედელი ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტთან ახლოს. დაახლოებით 10 წლის წინ 400 კვადრატულ მეტრზე გვაქვს გაკეთებული მწვანე კედელი ბიძინა ივანიშვილის ეზოში, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. პირველი კედელი გააკეთა პატრიკ ბლაანმა, დანარჩენი, ექსტერიერშიც და ინტერიერშიც, ჩემი გაკეთებულია. სამივე ცოცხალი კედლის შემთხვევაში, რაც არის დედაქალაქის საჯარო სივრცეში, გამოყენებულია განსხვავებული ტექნოლოგიები, თუმცა ყველა შემთხვევაში არსი ერთნაირია- მცენარეებს ვერტიკალურ სიბერტყეზე ხელოვნურად აქვთ შექმნილი პირობები, რასაც ისინი იღებენ მიწიდან იმისთვის, რომ გაიხარონ.

ავლაბრის ცოცხალი კედელი მოეწყო ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსისა და ლანდშაფტის არქიტექტორის პატრიკ ბლანის პროექტით, მას გამოყენებული აქვს უამრავი მცენარე, რომელთაც ხასიათში არ აქვთ ბუნებრივად ვერტიკალურად განვითარების უნარი და მცოცავი ხასიათი. ეს არის ჩვეულებრივი ბუჩქოვანი და ბალახოვანი მცენარეები, რომელთაც აქვთ განსხვავებული ჰაბიტუსი. პროექტის ტექნოლოგიით ყველა ეს მცენარე შენობის კედელზე საგანგებოდ მოწყობილ, ვერტიკალურ დამაგრებულ ორ ფენა ქეჩაშია განთავსებული, რომელიც ასრულებს მიწის, როგორც მცენარის ჩამაგრების ფუნქციას, მისი კვება ხდება თექის ქვეშ მოწყობილი ხელოვნური მორწყვის სისტემით, რომელიც მცენარეებისთვის სასუქისა და წყლის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. პლეხენოვის მწვანე ვერტიკალური კედელი სხვა კონსტრუქციით არის გაკეთებული, ამ შემთხვევაში გამოყენებულია უფრო მძლავრი კონსტრუქციაა, ვიდრე- ავლაბრის კედელში, შეკერილია ტორფის "ჩანთები", რომელში მოთავსებულ მცენარეებსაც არ სჭირდება ისეთი ხშირი მორწყვა და რეგულარულად სასუქის მიწოდება, როგორც ავლაბრის კედელში დარგულ მცენარეებს.

ვაკეში, ახლახან გაკეთებული კედელიც პატრიკ ბლანის მეთოდით გაკეთდა, რადგან კონსტრუქცია არ გვაძლევდა კედლის გასქელების საშუალებას. ბაღების მოწყობისას გამოიყენება პლასტმასის მასალისგან გაკეთებული სხვადასხვა პანელებიც, ვერტიკალური ბაღების მოწყობის უამრავი ვარიანტი აქვთ ჩინელებს, ისინი უმეტესად მცენარეებს რგავენ ქოთნებით, რომელსაც უკან უკეთდება სარწყავი სისტემა, რაც მცენარეთა გახარებისთვის მოსახერხებელია. ურეკში სასტუმრო პარაგრაფში მოვაწყვეთ ვერტიკალური კედელი, რომელიც გაკეთდა პატრიკ ბლანის მეთოდის გაუმჯობესებული ვარიანტით. ვერტიკალური ბაღების მოწყობის დროს დეტალურად უნდა იყოს გათვლილი და დაანგარიშებული მცენარეების კვების რეჟიმი; ის, თუ როგორი ორიენტაცია აქვს ვერტიკალურ კედელს მზის, ქარის მიმართ, როგორ უნდა იყოს განლაგებული მცენარეები ერთმანეთის გვერდით.

ბაღების მოვლას უნდა უძღვებოდნენ სპეციალისტები, რომელთაც აქვთ სპეციალური ცოდნა, მაგალითად, თბილ ზამთარში, როცა ყინვა არაა, ვერტიკალურ ბაღს მორწყვა აუცილებლად სჭირდება, მაშინ როცა ყინვის პირობებში მორწყვა არ შეიძლება და ა.შ. სწორედ ამ დეტალის გათვალისწინება გამორჩათ ადამიანებს, რომლებიც ავლაბრის კედლის მოვლის პროცესში იყვნენ ჩართულები, რის გამოც წლების წინ მცენარეებს გახმობის პრობლემა შეექმნათ.

- თბილისის კლიმატი და ბუნებრივი პირობები რამდენად მისაღებია ვერტიკალური ბაღებისთვის?

- ყველაფერი დამოკიდებულია მცენარეების სახეობის შერჩევაზე, არსებობს მზის, ჩრდილის მოყვარული, ქარის ამტანი და ვერ-ამტანი მცენარეები. კედლისთვის მცენარების შერჩევისას გასათვალისწინებელია კედლის ორიენტაცია მზის მიმართ, ასევე გასათვალისწინებელია ქარის გავრცელებული მიმართულებაც. ზოგადად ჩვენ ისეთ კლიმატურ ზონაში ვართ, რომ ვერტიკალური ბაღების გახარებისთვის მცენარეთა მრავალსახეობა არსებობს, რომელიც ამ ბუნებრივ პირობებში ხარობს. ჩვენთან ზაფხულში მშრალი კლიმატია, ხშირია ქარიც, საჭიროა ბევრი მწვანე ნარგავი, რაც უზრუნველყოფს ჰაერის დატენინიანებას და გასუფთავებას მტვრის ნაწილაკებისგან, შესაბამისად, უამრავი ფაქტორია, რომელიც ვერტიკალური ბაღების დადებით თვისებებად მიიჩნევა.

- კერძო სექტორის დაინტერესება ახსენეთ, როგორც ვიცი, საკმაოდ ხანია ელიავას ბაზრობის მფლობელებს აქვთ ბაზრობის ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი, სადაც უნდა აშენდეს თანამედროვე სავაჭრო მოლი, ვერტიკალური ბაღებით და საინტერესო მწვანე საფარით.

- ვინაიდან ამ პროექტს არ ვიცნობ, დეტალურად ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა თავად ფაქტი, ის რომ კერძო სექტორი ინტერესდება ვერტიკალური ბაღების თუ სახურავების გამწვანების იდეით, ეს თავისთვად მომწონს და ძალიან კარგია და ჩვენს რთულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ნამდვილად წაადგება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი