თსუ-ში საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

თსუ-ში საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი.

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თედო დუნდუა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველოს ისტორიის კათედრა საუნივერსიტეტო სივრცის სიმბოლოა, რომელმაც საქართველოს ისტორიოგრაფიის მთელი ეპოქა შექმნა.

„საქართველოს ისტორიის კათედრას 100 წელი შეუსრულდა. კათედრის პირველი გამგე ივანე ჯავახიშვილი იყო. ამ კათედრაზე იქმნებოდა საქართველოს ისტორია, აქ მიმდინარეობდა საერთაშორისო დონის კვლევა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნანა გაფრინდაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიის კათედრამ შექმნა ბრენდი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „საქართველოს ისტორიის კათედრამ 100 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ყველა წარმატება და ყველა პრობლემა გაიზიარა. ეს კათედრა იყო და იქნება ქართული მეცნიერებისა და ქართველოლოგიის კვლევის სათავეებთან და უნივერსიტეტი მის წინსვლას ყოველთვის შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა.

თსუ საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი საქართველოს ისტორიის კათედრის სამართალმემკვიდრეა. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ფუნქცია საქართველოს ისტორიის, როგორც ობიექტური რეალობის, შესწავლა და სტუდენტებისთვის გაზიარებაა. ინსტიტუტის ხელმძღვანელის თედო დუნდუას თქმით, 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებულ საქართველოს ისტორიის კათედრასაც ანალოგიური ფუნქცია ჰქონდა.

„საქართველოს ისტორიის კათედრა ჯერ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტში შედიოდა, მოგვიანებით ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ჩამოყალიბდა, შემდგომ კი ცალკე ისტორიის ფაკულტეტი. ისტორიის კათედრის პირველი გამგე გახლდათ ივანე ჯავახიშვილი, მოგვიანებით იყვნენ: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, შოთა მესხია, მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი. დღეს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური ცენტრია,“- აღნიშნა თედო დუნდუამ.

საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების“ XIII ტომის პრეზენტაცია გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი