ავტორი:

"მომავლის მასწავლებელი" სოფელ ჩიბათის სკოლიდან

"მომავლის მასწავლებელი" სოფელ ჩიბათის სკოლიდან

ჩიბათი - სოფელი, სადაც ლადო აფხაზავა ასწავლის, ლანჩხუთის რაიონში, ცენტრალური გზიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს. სკოლაში შესვლისთანავე ხვდები, რომ ეს ჩვეულებრივი სკოლა არ არის. მთავარ შესასვლელში ყურადღებას იქცევს ძველი სკივრი, რომელშიც მოსწავლეებს დავალებებსა და საჭირო ინფორმაციას უტოვებენ, რადგან სტანდარტულად დაფაზე გამოკრული ტექსტების კითხვა ყველას ეზარება და როგორც წესი, უყურადღებოდ რჩება.

ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახლავთ. აფხაზავა პროგრამის - ”მომავლის თაობა” ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში. წლის მასწავლებელი საკუთარ წარმატებას და პროფესიულ კვალიფიკაციას დიდწილად სწორედ ამ პროგრამას უმადლის.

ყურადღებას იქცევს მოსწავლეების მიერ გაკეთებული ცხრილი, რომელიც სხვადასხვა აქტივობისთვის მიღებულ ქულათა რაოდენობას განსაზღვრავს. ცხრილთან ჯგუფების მიერ მიღებული ქულებიც წერია. აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებში მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აღვივებს, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ლადო აფხაზავას მიერაა ინიცირებული. თუმცა, ამ აქტივობებში უკვე ყველა კლასი და ყველა პედაგოგი აქტიურადაა ჩართული. მაგალითად, საინტერესო სტუმრის მოწვევისა და შეხვედრის გამართვისთვის ჯგუფი 80 ქულას მიიღებს, საკლასო პროექტის შემუშავებისთვის 200 ქულას.

ყველაზე "ძვირად" ფასობს ადვოკატირება ანუ გარკვეული პრობლემის აღმოჩენა და მისი მოგვარება. პრობლემის აღმოჩენა 100 ქულაა, მისი სრულყოფილი ადვოკატირება კი - 350. შიდა კონკურენციის გარდა, ბავშვების წახალისებისთვის მრავალი მოტივატორიც არსებობს, მაგალითად, წლის ბოლოს გამარჯვებული კლასი მიჰყავთ ექსკურსიაზე, ჩუქნიან გასართობი პარკის ”ციცინათელას” ვაუჩერს და სხვა.

”მართალია სამოქალაქო განათლება მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლება, მაგრამ პრობლემის აღმოჩენა და ადვოკატირება ნებისმიერ კლასელს შეუძლია. მეხუთე კლასელებიც კი აკეთებენ ამას. მაგალითად, მათი ინიციატივით ზამთარში მწვანე საფარს მესერები დაუმაგრდა. ზოგადად, მოსწავლეები, სკოლასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში არიან ჩართული. სკოლის თვითმმართველობა მართავს სკოლას. ადმინისტრაცია არის აღმასრულებელი ორგანო და თვითონ მოსწავლეები - საკანონმდებლო. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში მშობლებიც ჩართულები არიან,” - აღნიშნავს აფხაზავა.

ბავშვებმა ბევრი რამ შეძლეს სოფლისთვის: დაადგმევინეს ნაგვის ურნები, მდინარის ჯებირები გააკეთებინეს, საფეხმავლო ხიდები და სანიაღვრე არხები აღადგენინეს, დამსკდარი მილები გამოაცვლევინეს და ა.შ. სკოლაში დიდ ყურადღებას აქცევენ მწვანე ნარგავების, განსაკუთრებით კოლხური ბზის, მოვლა-პატრონობას და შემდეგ მათ გაშვილებას. მიტოვებულ შენობაში დაწყებული საქმიანობა იმ დონეზე განავითარეს, რომ უკვე 4 000 ევროიანი დაფინანსება აქვთ და მაღალი დონის სათბურსაც აკეთებენ.

”პირველად თვითთმართველობაში რომ მივიდნენ მოთხოვნით, პროექტის დაწერა სთხოვეს, რაც მათთვის პირველი სირთულე იყო. მე არ დავუწერე, ვეცადე თვითონ ემუშავათ ამაზეც და ნაბიჯ-ნაბიჯ მისულიყვნენ საბოლოო შედეგამდე. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. საბოლოოდ მოსწავლეები იმდენად დაინტერესდნენ თემის პრობლემების მოგვარებით, რომ საკრებულოს სხდომებზეც კი დადიოდნენ და მათ მიერ ინიცირებული პროექტების განხილვასაც ესწრებოდნენ. თუ რომელიმე პროექტზე პასუხი გაიწელებოდა, ხშირად ბავშვები უჩემოდაც მიდიოდნენ გამგებელთან. გამგეობა სკოლის გვერდითაა”, - იხსენებს ლადო აფხაზავა.

ლადო მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის დიდი ნაწილი პრაქტიკული საქმიანობა, თამაშით სწავლაა. მისი ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა სექტორებს შორის თანამშრომლობას და მის მნიშვნელობას უკავშირდება. ამ აქტივობის დროს მას გაკვეთილზე მიაქვს კომბოსტო, რომელზეც დამაგრებულია ფერადი ფურცლები მუნიციპალიტეტში არსებული ყველა აქტიური ორგანიზაციით. მოსწავლეებმა უამრავი ფურცლიდან უნდა დატოვონ ის 5, რომელიც საზოგადოებას ააქტიურებს. ვინც დავალებას ვერ შეასრულებს, ლიმონის ჭამა მოუწევს. კომბოსტოც არაა პირობითად შერჩეული. როგორც პედაგოგი განმარტავს, კომბოსტოს ფოთლები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ისევე როგორც სექტორები უნდა იყვნენ დაკავშირებული. მისი ბირთვი კი დემოკრატიაა.

”სექტორებს შორის თანამშრომლობას ბევრი ადამიანის გააქტიურება და აქტიური მოქალაქეობის დანერგვა შეუძლია. ჩვენმა ბავშვებმა უკვე იციან, როგორ მართონ სოფელი და გამგეობა, პრობლემის მართვა და პოზიტიურად მოგვარება შეუძლიათ,” - დაამატა მან.

გაკვეთილებზე ხშირად მსჯელობენ ბულინგისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზეც, რაც თანამედროვე სკოლის აქტუალური გამოწვევებია.

”სწავლების პროცესი არატრადიციულია. არის შემთხვევა, როცა ბავშვს ამა თუ იმ მიზეზის გამო, გაკვეთილის მოყოლა არ უნდა. ამ შემთხვევაში მას ვთავაზობთ, რომ გაკვეთილის თემაზე უმცროსკლასელს პატარა ტრენინგი ჩაუტაროს. მაგალითად, კონფლიქტების საკითხების მომზადება და მოყოლა უჭირთ ხოლმე ბავშვებს. ცოტა ხნის წინ მე-10 კლასელებმა სწორედ ამ საკითხებზე ჩაუტარეს გაკვეთილი უმცროს კლასელებს. ეს პატარებისთვისაც უფრო დასამახსოვრებელი იყო, დიდებისთვის კი - კარგი გამოცდილებაა,” - განმარტავს პედაგოგი.

საბოლოოდ, ლადო აფხაზავას მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოაყალიბოს, რომ მათ შეძლონ აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება.

ლადო თავდაპირველად ხელოვნებას და რელიგიის ისტორიას ასწავლიდა. სამოქალაქო განათლების საგნის შემოღების შემდეგ კი ამ მიმართულებით საქმიანობს. 2012 წელს სამოქალაქო განათლების პროგრამაში ”მომავალი თაობა” მიიღო მონაწილეობა და სწორედ მას შემდეგ დაიწყო ინოვაციურ მეთოდებზე დამყარებული გაკვეთილების ჩატარება.

”როცა მუშაობა დავიწყე სკოლაში, გარკვეულ აქტივობებს ვახორციელებდი, მაგრამ ვერ ვარქმევდი ზუსტ სახელს, თუ რა იყო ეს. ”მომავლის თაობის” პროგრამამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და ჩემი საქმიანობის მიზანიც უფრო ცალსახა გახდა. ჩემს კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა ჩემი როგორც მასწავლებლის კორექცია, ამაღლდა ჩემი პროფესიული უნარები და შესაძლებლობები. ბევრი მასწავლებელი დაიხვეწა ამ პროგრამაში არა მხდოლოდ ჩვენს რაიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით,” - განმარტავს ლადო აფხაზავა.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც PH International ახორციელებს, ჩიბათის საჯარო სკოლის მსგავსად 1200-ზე მეტ სკოლას მოიცავს. 2018 წლიდან კი სამოქალაქო განათლების პროგრამა კიდევ 230 სკოლას გაუწევს დახმარებას. შესაბამისად, ქვეყანას ლადო აფხაზავას მსგავსად გადამზადებული კიდევ უფრო მეტი პედაგოგი ეყოლება.

აქვე გთავაზობთ რჩევებს ლადო მასწავლებლისგან, თუ როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი:

მასწავლებელმა ინოვაციური გადაწყვეტის გზები უნდა ეძებოს. ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ბავშვები ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას იღებენ. ამ პირობებში კი მასწავლებელმა თუ რამე განსაკუთრებული არ დაახვედრა მოსწავლეს გაკვეთილზე, მას ვერ დააინტერესებს. ამიტომ პედაგოგმა 2-3 განსაკუთრებული მასალა მაინც უნდა მოამზადოს და საინტერესო მეთოდით გადასცეს ბავშვს.

მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მის წინაშე რაღაც პრობლემაა, რომელიც მისგან გადაჭრას ელოდება. ესაა პროექტული სწავლება. სამოქალაქო განათლების სტანდარტი ხელს გვიწყობს, რომ სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი გავხადო. თუმცა, სხვა საგნებშიც შეიძლება საინტერესო გაკვეთილების ჩატარება. მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელმა ახლახან შესთავაზა ჩვენს მოსწავლეებს აქტივობა, რომ მდინარის მეორე ნაპირზე მდგარი ხის სიმაღლე გაეზომათ. კონკრეტულ მათემატიკურ ინფორმაციასთან ერთად, ბავშვებმა ბევრი სხვა უნარ-ჩვევაც გამოიმუშავეს.

  • მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეები მომავლისთვის მოამზადონ და არა მხოლოდ დღეისთვის, ერთი კონკრეტული გაკვეთილისთვის.
  • ჩვენ წინასწარ უნდა განვჭვრიტოთ, რა დასჭირდებათ მათ წლების შემდეგ, რა გამოწვევები ექნებათ.
  • უნდა ვასწავლოთ, რომ ყველაფერში მიიღონ მონაწილეობა, არ დარჩნენ მუდმივად კომფორტის ზონაში, რადგან ამ შემთხვევაში ახალს აღარ სწავლობენ.
  • ყველას ვეუბნები, რომ გააკეთონ ის, რაც არასდროს გაუკეთებიათ და შეიძლება ამ საკითხში თვითშეფასებაც დაბალი აქვთ, მაგრამ ცდის შემთხვევაში შეიძლება გამოცდილსაც კი აჯობონ. ეს ყველაფერი კი პრაქტიკულ სწავლებასა და აქტივობებზე უნდა იყოს დამყარებული.

ხანდახან ბავშვების რეაქცია მაინტერესებს ხოლმე და ტრადიციულ გაკვეთილს ვატარებ, ამ დროს მეკითხებიან, მასწავლებელო, ცუდად ხომ არ ხარო. ეს ნიშანია, რომ მათაც მოსწონთ ახალი მეთოდები და მიდგომები. მე მჯერა, რომ მოდომების შემთხვევაში მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ