იან კელი - მოვახდენთ იარაღის, სისტემების მოწოდებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია

იან კელი - მოვახდენთ იარაღის, სისტემების მოწოდებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია

ჩვენ გეხმარებით იმაში, რომ შეაკავოთ აგრესია, მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.

ელჩმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამართული ვიდეოკონფერენციისას უპასუხა ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, თუ რა დრო დასჭირდება საქართველოს, რომ გახდეს ნატო-ს წევრი.

“მე საკმაოდ დიდი ცხოვრების ისტორია მაქვს, ორჯერ ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში. 1976 წელს, როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი, ვინმე თუ მკითხავდა რა დროს დასჭირდება საქართველოს, რომ გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანაო, დაეჭვებით შევხედავდი, რაზე მელაპარაკებითთქო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ შემდგომი 20 წლის შემდეგ საქართველო გახდა დამოუკიდებელი. მე გეტყვით უბრალოდ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ვერ გეტყვით როდის, არ ვიცი. მე ვიტყოდი, რომ აქ უმნიშვნელოვანესი მომენტი არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება და შეძლოს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი. ასევე მოახერხოს საქართველოს კონტროლის გავრცელება კონფლიქტის რეგიონებზე, მოახდინოს მათი დაბრუნება და უზრუნველყოს, რომ არავინ არასოდეს მოიტანოს აგრესია ამ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძალისხმევაში ვეხმარებით საქართველოს, გეხმარებით იმაში, რომ შეაკავოთ აგრესია. ასევე არსებობს უამრავი ტრენინგ-პროგრამები სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, ასევე მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია, თუმცა მაინც ბევრი არის დამოკიდებული თქვენზე. ეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შექმნათ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, - განაცხადა იან კელიმ.

იან კელის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი მიდგომა აქვს. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებაში არის იმედგაცრუება იმის გამო, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატში განსახილველ ბევრ საკითხში არათუ პროგრესი, რეგრესი შეინიშნება. მან გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი, პროგრესს მიაღწიოს ჟენევის დისკუსიების ფორმატში.

„ჩვენ უკვე ჩართული ვართ ჟენევის ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები. ალბათ, უკვე დაახლოებით 40-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა. ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ემსახურება აღნიშნული ფორმატი, თუნდაც ის, რომ შეწყდეს „ბორდერიზაცია“, მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდებოდეს, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ა.შ. შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა საზოგადოებამ ვერცერთი მიმართულებით ვერ დაინახა. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვინდა დავეხმაროთ საქართველოს. ასეთი ტიპის ფორმატში აუცილებელია იყოს ჩართული ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვს გადაწყვეტილების მიღების საშაულება და ძალა. რა თქმა უნდა, იმ მონაწილეებს, რომლებიც ჩართულნი არიან, სურს პროგრესი, თუმცა გვჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იან კელიმ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები