ავტორი:

"ბასიანი ვეზირი" - გაიცანით ახალგაზრდა დიზაინერი, რომელიც ქართულ ჯავშანტრანსპორტიორებს ქმნის

"ბასიანი ვეზირი" - გაიცანით ახალგაზრდა დიზაინერი, რომელიც ქართულ ჯავშანტრანსპორტიორებს ქმნის

2011 წელს საზოგადოებამ პირვალდ ნახა ქართული მრავალფუნქციური შეჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება "დიდგორი", რომელმაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, მათ შორის, ინდუსტრიულ დიზაინერზე გიორგი თედორაძეზე. 2016 წელს საქართველოში შექმნილი სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები საექსპორტოდ გავიდა და სწორედ იმ პერიოდში დაიწყო გიორგიმ ჯავშანტრანსპორტიორზე ფიქრი.

"თუ ჩვენი შექმნილი პროდუქცია საზღვრებს გარეთ წარმატებით იყიდება, მაშინ ჩვენ ის უნდა განვავითაროთ და უფრო დავხვეწოთ. შეგვიძლია, შევქმნათ უკეთესი და უსაფრთხო ავტომობილი", - ამბობს გიორგი, რომელსაც დაებადა "ბასიანის" შექმნის იდეა და შექმნა კიდეც. თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდა 3 სხვადასხვა ზომის ჯავშანტრანსპორტიორი, რომლებსაც მანამდე პროექტის სახით წარმოადგენდა ხოლმე. "მიზანი მარტივია, უბრალოდ, მინდოდა, მეჩვენებინა, რომ გვაქვს პოტენციალი, შევქმნათ საუკეთესო ჯავშანტრანსპორტიორები", - განმარტავს გიორგი.

- ბავშვობიდან ვხატავ. ხატვა იმდენად პატარამ დავიწყე, რომ ჯერ ლაპარაკიც მიჭირდა. ვაკვირდებოდი ობიექტებს და სურვილი მქონდა, გამეგო, რატომ გამოიყურებოდნენ ასე და არა სხვაგვარად. ყველაზე მეტად ავტომობილები მიტაცებდა. როდესაც პირველად უცხოური ავტომობილი ვნახე, მეგონა, გადატრიალება მოხდა. ეს იყო ჩვეულებრივი Volvo 740, არადა, უცხოპლანეტელი მეგონა, ძველი საბჭოური ავტოტრანსპორტისგან განსხვავდებოდა, მაგრამ მაშინ რთული დრო იყო, საინტერესო მასალასაც კი ვერ ნახავდი, რომ წაგეკითხა. თუ ვინმე ნაცნობი უცხოეთში ცხოვრობდა, ვთხოვდი, ჩემთვის ჟურნალები და წიგნები ჩამოეტანათ. მერე ინტერენეტი გაჩნდა და თითქოს უსაზღვრო შესაძლებლობების ახალი სამყარო გაიხსნა. როცა ადამიანს რაღაც ძალიან გინდა ისწავლო, არ არსებობს ძალა, რომელიც შეგაჩერებს.

- ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა როდის დაიწყე?

- სხვადასხვა შეკვეთაზე დამოუკიდებლად მუშაობა 2007 წლიდან დავიწყე. ჩემი პირველი შემკვეთები მეგობრები იყვნენ. რა თქმა უნდა, ავტომობილის დიზაინს არავინ მიკვეთავდა, მაგრამ თავსაც ვერ ვანებებდი. ძირითადად შეფუთვის დიზაინის, ბრენდინგის და ავეჯის დიზაინის მიმართულებით ვმუშაობდი. როგორც კი ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, დიზაინერების მიმართ მოთხოვნებიც შეიცვალა და სწორედ მაშინ გამომადგა ამდენი წლის წვალება. ახლა ჩემმა შემკვეთმა იცის, რომ თუ მას რაღაც უცნაურად ეჩვენება, ეს "ცუდს" არ ნიშნავს. ინოვაციები მომხმარებლისთვის ყოველთვის საეჭვოა, დიზაინერს უნდა შეეძლოს, დაარწმუნოს ადამიანები, რომ შეთავაზებული იდეა უკეთესია, ვიდრე მანამდე იყო. ყოველთვის იფიქრეთ, რა იქნება ხვალ და ზუსტად გეცოდინებათ, როგორ უნდა მოიქცეთ დღეს!

- როგორია თქვენ მიერ შექმნილი ჯავშანტრანსპორტიორი "ბასიანი"? და რატომ ეს სახელწოდება?

- დასაწყისისათვის საჭირო იყო შესაბამისი სახელის მოფიქრება. "დიდგორს" სახელი 1121 წელს დავით აღმაშენებლის მეთაურობით ჩატარებული სახელგანთქმული ბრძოლის აღსანიშნად დაერქვა. ახალი ქართული მრავალფუნქციური დაჯავშნული კონცეპტის სახელი კი 1202 წლის "ბასიანის ბრძოლის" აღსანიშნად შევარჩიე, რომელიც თამარის მეფობის პერიოდში იყო. "ბასიანის" მთავარი მიზანია, ეკიპაჟის უსაფრთხო გადაადგილება, სამხედრო ოპერაციის ჩატარება სხვადასხვა პირობებში და დაზვერვითი სამუშაოების განხორციელება.

ახლა მინდა, ამ პროექტის ბოლო, მესამე მოდელი - "ბასიანი ვეზირი" წარმოგიდგინოთ. ეს არის ჯავშანტრანსპორტიორის ახალი იდეა და მომავლის კონცეპტუალური ხედვა, რომლის დიზაინიც საქართველოში დაიბადა. ზოგადად, ამ ტიპის ტრანსპორტის შექმნისას, გასათვალისწინებელია უამრავი ტექნიკური დეტალი. ჯავშანტრანსპორტიორის ვიზუალურ მხარეს ნაკლები დატვირთვა აქვს, თუმცა სწორად შერჩეული ფორმები ავტომობილის უსაფრთხოების და წარმატების გარანტიას იძლევა.

- კონკრეტულად რა ფუნქციები აქვს "ბასიანი ვეზირს" და რითი განსხვავდება ის "დიდგორისგან"?

- "ბასიანი ვეზირის" ბორტზე შესაძლებელია 7 ჯარისკაცის განთავსება. მათგან ერთი დისტანციურად მართავს ავტომობილის სახურავზე განთავსებულ ცეცხლსასროლ მოწყობილობას. ინტერიერში მოხვედრა შესაძლებელია როგორც უკანა კარით, ასევე გვერდითა კარებებით. ეს საშუალებას იძლევა, აქტიური ცეცხლის დროს, ეკიპაჟმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოახდინოს ავტომობილიდან ევაკუაცია. "ვეზირი" აღჭურვილია ორი სტაციონალური ფართოკუთხიანი და ერთი პანორამული ვიდეო კამერით, რომელთაც ღამის ხედვის ფუნქციაც აქვთ. ჯავშანტრანსპორტიორის შექმნისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის ფსკერს, რადგან ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში, ჯავშანმა ეკიპაჟის წევრები უნდა დაიცვას. "ვეზირის" ფსკერი V ფორმის და სამფენიანი სენდვიჩის ტიპისაა. პირველი ხელს უწყობს ნაღმზე აფეთქების დროს ნამსხვრევების ასხლეტვას და გაფანტვას, მეორე კი ნაღმის აფეთქების პირველ ტალღას იღებს და ავტომობილს ტოვებს საბრძოლო მდგომარეობაში.

"ბასიანი" ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ნამუშევარია, ამიტომ რთულია ძრავზე საუბარი, თუმცა მისიიდან და ზომებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, 8-ცილინდრიანი ძრავი საკმარისი იქნებოდა.

- რა პერსპექტივები აქვს მას და აქვს თუ არა თქვენს პროექტს "დელტასთან" საერთო, რომელსაც "დიდგორი" უკავშირდება?

- ჩემს პროექტს არავითარი შეხება არ აქვს "დელტასთან". "ბასიანი" ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენც შეგვიძლია საქართველოში საუკეთესო პროდუქტი შევქმნათ. ეს არის დაწყებულის განვითარება და მისი სრულყოფის იდეა. პერსპექტივებს რაც შეეხება, რთულია ვარაუდი, თუმცა თუ შესაბამისი წრეებიდან დაინტერესება იქნება, მზად ვარ ვითანამშრომლო.

- როგორც ავტორს, რა მოლოდინი გაქვთ?

- მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოში მიხვდებიან, რომ ჩვენი განვითარებისთვის საჭიროა ახალი იდეების მიღება და გააზრება. საზოგადოება ზოგადად ძალიან რთულად ეგუება სიახლეებს და უჭირს მათი პოტენციალის დანახვა. თუმცა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, იმ პირობებში, რომ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და მათი განვითარებით შეგვიძლია, შევქმნათ უფრო მეტი სამუშაო ადგილი და მეტად გავაძლიეროთ ქვეყანა. ცნობილი ბრიტანელი მწერალი ართურ კლარკი ამბობდა, "ნებისმიერი საკმაოდ განვითარებული ტექნოლოგია არ განსხვავდება მაგიისგან". ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის, რაც ქართველებს შეგვიძლია და რაც აუცილებლად უნდა განვავითაროთ ნათელი მომავლისთვის. თუ 300 წლის წინ ვინმეს ეტყოდით, რომ ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა ათასობით კილომეტრის მოშორებით მყოფ ადამიანებს შორის საუბარი, როგორც დღეს სოციალურ ქსელითაა შესაძლებელი, ან ეტყოდით, რომ ადამიანი იფრენდა - თქვენ გიჟად ჩაგთვლიდნენ, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ყოველღიურობაა, ასე იქნება მომავალში იმ ტექნოლოგიების დანეგვით, რაც დღეს ქართველებს შეუძლებელი ან სიგიჟე ჰგონიათ. "ბასიანი" ეს ამ დიდი მომავლის პატარა ნაწილია, რომელიც იმედი მაქვს, ოდესმე განხორციელდება, თუ არადა, მომავალ თაობას მაინც აჩვენებს, რაზე ვფიქრობდით ათეული წლით ადრე.

- იცით ექსპერტების და სპეციალისტების მოსაზრება თქვენს ნამუშევარზე?

- ქვეყანაში ყველაზე დახვეწილი ექსპერტი ჩვენი საზოგადოებაა. მსმენია ძალიან ბევრი კრიტიკული აზრი, ზოგისთვის ფორმა არაა მისაღები, ზოგისთვის სახელი, მაგრამ რეალური შენიშვნები ყოველთვის საინეტერსო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყველა დიზაინერს უნდა ესმოდეს, - კრიტიკული მოსაზრებები განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. პირველი ორი მოდელის ჩვენების შემდეგ, რაც კი საფუძვლიანი კრიტიკა და შენიშვნები მოვისმინე, აბსოლუტურად ყველა გავითვალისწინე ბოლო მოდელის "ვეზირის" პროექტირების დროს, ამიტომაა ეს იდეა ჩემთვის მნიშველოვანი. უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, ამიტომ საჭიროა, დაწყებული განვავითაროთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ. განვითარება კი არის ცვლილება!

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?