მედიაორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

მედიაორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

მედიაორგანიზაციები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებსა და ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც მედიაორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, მათთვის მიუღებელია ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი ხორციელდება, ისევე როგორც მიუღებელია მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები "პოლიტიკურ აქტივად" მოიხსენიებოდეს.

"18 იანვარს 60-მდე მედიაორგანიზაციამ, საქართველოში მოქმედმა ტელე, რადიო, ონლაინ და ბეჭდურმა გამოცემებმა, გაავრცელა ერთობლივი მიმართვა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაეჭირათ "მაუწყებლობის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებებისთვის.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მედია კვლავ ერთსულოვანია და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე მედიაში უპრეცენდენტო კონსენსუსი არსებობს.

საჭიროდ ვთვლით გამოვეხმაუროთ 16 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი ხორციელდება. ჩვენთვის მიუღებელია კანონის მოწინააღმდეგე მედიისა და სამოქლაქო სექტორის წარმომადგენლები "პოლიტიკურ აქტივად" მოიხსენიებოდეს, მიუღებელია მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სიტყვა ეზღუდებოდეს მედიის წარმომადგენელს.

კანონპროექტის განხილვის პროცესში მედიამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც არაერთგზის წარუდგინა პარალმენტს დასაბუთებული არგუმენტები. ჩვენ, მედიის მდომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად უკვე ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი გვაქვს პარლამენტის თითოეული წევრი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და მხარს არ დაუჭერს "მაუწყებლობის შესახებ" კანონის სადავო რედაქციის ამოქმედებას.

ჩვენ, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, ყურადღებით დავაკვირდებით როგორც კენჭისყრის პროცესს, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მედიაბაზარზე მიმდინარე მოვლენებს", - ნათქვამია მედიაორგანიზაციების განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები