დაღესტნის ქრისტიანულ ტაძარში ISIS-თან კავშირში მყოფი შევარდა - დაღუპულია 5 ადამიანი

დაღესტნის ქრისტიანულ ტაძარში ISIS-თან კავშირში მყოფი შევარდა - დაღუპულია 5 ადამიანი

დაღესტნის ქალაქ ყიზლარში, ქრისტიანულ ტაძარზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიკალურ დაჯგუფებასთან კავშირის მქონე სააგენტო Amaq-ი ავრცელებს.

18 თებერვალს, სანადირო თოფით შეიარაღებულმა 22 წლის მამაკაცმა, ცეცხლი გაუხსნა მართლმადიდებლური ტაძრის მრევლს, რა დროსაც დაიღუპა 4 და დაიჭრა ასევე, 4 ადამიანი, მოგვიანებით, კიდევ ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყველა დაღუპული ქალია. რაც შეეხება დაჭრილებს, მათ შორის არის დაღესტნის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაგომედ რამაზანოვი და რუსეთის გვარდიის სამხედრო სულთან ვიზორიევი. 

თავდამსხმელი, ტარუმოვის რაიონის სოფელ რასვეტის მცხოვრები ხალილ ხალილოვი იყო. მან ადგილზე მისული სამართალდამცველების მისამართითაც გახსნა ცეცხლი. ორმხრივი სროლის დროს ახალაგაზრდა მოკლეს...

წინასწარი მონაცემებით, ხალილოვი ექსტრემისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. ინტერნეტგამოცემა kavkaz-uzel.eu-ს ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივ სამართალდამცველების ცნობებს ეყრდნობა, ხახილოვის სახლში აღმოჩენილია მისი ვიდეომიმართვა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზეა ჩაწერილი...

novayagazeta.ru-ს ინფორმაციით, ხალილოვი ტერორისტებთან კავშირში ჯერ კიდევ შარშან იყო შემჩნეული, თუმცა, რადიკალური ორგანიზაციის ცნობილი წევრებისგან შემდგარ სიაში არ იყო შეყვანილი. მისი პირადი მონაცემები არც სპეცსამსახურების მიერ შედგენილ ბაზაში იყო შესული, რომელშიც უწყება არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებების წევრებზე ინფორმაციას ინახავს.

თვითმხილველის თქმით, დაახლოებით 16 საათზე, ყიზლარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ლოცვის დასრულების შემდეგ, სანადირო თოფით შეიარაღებული ახალგაზრდა "ალაჰ აკბარის" ყვირილით შევარდა და სროლა ატეხა.

რამდენიმე დღით ადრე, 15 თებერვალს, უნცუკულსკის რაიონში, სოფელ ხარაჩთან ახლოს, სპეცოპერაციის ფარგლებში, ტერორისტების აყვანისას დაიღუპა ორი ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ერთი სპეცრაზმელი... არიან დაჭრილებიც, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას სამართალდამცავი უწყება არ აკონკრეტებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაღესტანი ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი რეგიონია. 2017 წლის განმავლობაში, იქ, ოფიციალურად, 24 შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რა დროსაც 44 ადამიანი დაიღუპა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე