დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ანა დოლიძეს სატელევიზიო კომენტარების გამო "უსაყვედურეს"

დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ანა დოლიძეს სატელევიზიო კომენტარების გამო "უსაყვედურეს"

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად საერთო სასამართლოებში საქმეების ელექტრონული სისტემით განაწილების საკითხი განიხილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული სატელევიზიო კომენტარების გამო "უსაყვედურეს".

საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან თევზაძემ 10 მაგალითი მოიყვანა, სადაც მისი თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით "ანა დოლიძემ ტყუილები გაავრცელა".

"ტყუილი ნომერი სამი - თქვენ თქვით, რომ "ყველა კანდიდატის მიმართ არ გქონდათ კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება". მას შემდეგ რაც კანდიდატებმა აგიცილეს, ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ თუ კითხვები გქონდათ, დაგეტოვებინათ ჩვენთვის, ჩვენ დავსვამდით ამ კითხვებს და ეს დაფიქსირდებოდა ოქმში. თქვენ ეს არ გააკეთეთ და გააგრძელეთ ტყუილების კასკადი ტელევიზიებში.

ტყუილი ნომერი ხუთი - თქვენ თქვით, რომ "ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ადეიშვილის ნარჩენებისგან. მე მათ კლანსაც ვერ ვუწოდებ". საბჭოს მოსამართლე წევრებმა თქვენი განცხადება შევაფასეთ, როგორც არაეთიკური და გთხოვეთ მეტი კონკრეტიკა. თქვენი განცხადება შეფასდა, როგორც ტყუილი", - მიმართა ლევან თევზაძემ ანა დოლიძეს. მან ჯამში 10 მსგავსი შემთხვევა ჩამოთვალა და ანა დოლიძეს საჯაროდ მოუწოდა, ნუ ეცდება საბჭოს დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ანა დოლიძემ კოლეგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს "ამხანაგური სასამართლო" უწოდა და საბჭოს ურჩია, დღის წესრიგში ცალკე საკითხად ჩასვან "ანა დოლიძის განცხადებების განხილვა".

"რაც უფრო ხშირად და დაწვრილებით მოხდება ჩემი განცხადებებისადმი ყურადღების მიქცევა მოსამართლეების მიერ, ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულოა თუ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მოქცეული კოლეგიალურ და თავაზიან ფორმაში. იმდენი დრო დავუთმეთ ჩემი გამონათქვამების განხილვას, როცა საქმის ელექტრონულად განაწილების წესზე უნდა გვესაუბრა, გთავაზობთ, მომავალში, უფრო სტრუქტურიზებული რომ იყოს ჩვენი საქმიანობა, დღის წესრიგში პირველ ნაწილად ჩასვით ხოლმე "ანა დოლიძის განცხადებების განხილვა". მაინც ჩვენი საქმიანობა ამ ხასიათს იღებს. ეს არის ჩვეულებრივი "ამხანაგური სასამართლო", რომელიც ჩემი საჯარო საქმიანობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული", - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ საბჭოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. ისინი სავარძლებიდან წამოდგნენ და კამათს აგრძელებენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები