"ვიზალიბერალიზაციით 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა" - ვიცე-პრემიერის პასუხი ბოლო დროს წარმოქმნილ ყველა კითხვაზე

"ვიზალიბერალიზაციით 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა" - ვიცე-პრემიერის პასუხი ბოლო დროს წარმოქმნილ ყველა კითხვაზე

ვიზალიბერალიზაციით 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში განუცხდა, სადაც ამ წუთებში ცენტრის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ვიზიტები ძირითადად ტურისტული მიზნით, ბიზნეს და კულტურული კავშირების დასამყარებლად განხორციელდა.

"ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა ძალიან ბევრმა ადამიანმა, 220 ათასმა პირმა. ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება, დიდი შესაძლებლობა. ეს ვიზიტები ძირითადად ემსახურებოდა ტურისტულ მიზნებს, ბიზნესკავშირებისა და კულტურული კავშირების გაღრმავებას, თუ სხვა მოკლევადიან ვიზიტებს. არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც თავშესაფარს ითხოვს ევროკავშირში. ისინი არასწორად, არამიზნობრივად ითხოვენ თავშესაფარს. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დევნილია თავის ქვეყანაში პოლიტიკური წნეხის, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის გამო და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ასეთი შემთხვევების დაკმაყოფილება, თუ ავიღებთ შვედეთის მაგალითს, საერთოდ არ მოხდა გასულ წელს, რადგან საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ თავისუფლებას და ასევე ბევრად უკეთ არის დაცული ადამიანის უფლებები, ვიდრე ეს იყო წლების წინ. ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად ადამიანის უფლებების და თავისუფლებების კუთხით. შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმურია და არ კმაყოფილდება. ამიტომ ეს არის ლატარია ამ მოქალაქეებისთვის, ისინი ხარჯავენ თავიანთ ისედაც მცირე რესურსს, რომ ჩავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ. საბოლოო ჯამში კი, მათი მოთხოვნა არ კმაყოფილდება. ამიტომ მათთვის ეს არის რისკი, საფრთხე. გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი, რომ არ წამოეგონ ცრუ ინფორმაციას, ცრუ დაპირებებს შუამავლებისგან თუ ნაცნობებისგან, კარგად გაიაზრონ რა მიზანს ემსახურება მათი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, - განაცხდა ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით, დღეს არ დგას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები. მისივე განცხადებით, ეს კითხვები გარკვეულწილად, მზარდი სტატისტიკის შედეგია.

"მე მქონდა საუბარი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე ვესაუბრე გერმანიის კანცლერის სამსახურს და ბუნდესტაგის წევრებს. ჩვენ განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გვაქვს და შემდგომი ნაბიჯები. დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები, გარკვეულწილად მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ," - განაცხადა ჯანელიძემ.

ჯანელიძის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნა არარეალურია და ისინი, ხშირ შემთხვევაში ამ მოთხოვნასთან ერთად დანაშაულსაც სჩადიან.

"გარკვეულწილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და დანაშაულის ჩადენა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ მიმართულებით, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან და ასევე წევრი ქვეყნების სტრუქტურებთან. ძალიან წარმატებით მიმდინარეობს უკვე თანამშრომლობა და აქაც ის მოქალაქეები, რომლებიც ჩადიან კრიმინალის მიზნით, კანონის დასარღვევად რომელიმე ქვეყანაში, აუცილებლად დაისჯებიან.

ძალიან წარმატებული მაგალითებიც არის ჩვენი თანამშრომლობის პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც წარმოიშვა ეს კითხვები. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გვაქვს გასული წლის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე, ცალკეულ მიწებთანაც. გაფორმებულია 6 მიწასთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩრდილოეთ რაინ- ვესტფალიის მიწასთან შეთანხმების გაფორმებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უახლოეს დღეებში ვიზიტი აქვს დაგეგმილი და მოხდება შეთანხმება როგორც ამ ხელშეკრულებასთან, ასევე სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება, ერთად შევებრძოლებით კრიმინალს არა მარტო საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ინფორმაციის გაცვლით და თანამშრომლობით შეგვიძლია იმ წუხილებს ვუპასუხოთ, რაც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ. 220-მა ათასმა ადამიანმა ისარგებლა ძალიან დიდი პოზიტივით, რომელიც ვიზალიბერალიზაციამ მოიტანა", - განაცხადა ჯანელიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები