ავტორი:

"ვან გეგა" - 7 წლის თვითნასწავლი ქუთაისელი მხატვრის საოცარი ნამუშევრები

"ვან გეგა" - 7 წლის თვითნასწავლი ქუთაისელი მხატვრის საოცარი ნამუშევრები

ასაკის მიუხედავად უკვე მოირგო დიდი მხატვრების სახელები. მეგობრები "პიკასოს" ეძახიან, ოჯახში კი "ვან გეგა" შეარქვეს. 7 წლის გეგა სოფრომაძე დედასთან, უმცროს დასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ქუთაისში, პატარა ბინაში ცხოვრობს. ფართის სიმცირის გამო, ხშირად ვერ ხატავს და ამიტომ საკუთარი ფანტაზია მხოლოდ კონტურის სახით გადააქვს ფურცელზე. მოგვიანებით, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა, აფერადებს და როგორც თავად ამბობს, ნახატს აცოცხლებს. ახლაც გაცოცხლების მოლოდინში ბევრი პერსონაჟია...

გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად, მულტფილმის პერსონაჟებს ხატავდა. დედამ შვილის ნიჭი შეამჩნია და შეეცადა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სამხატვრო სკოლაში მიიყვანა, თუმცა უსახსრობის გამო მალევე შეწყვიტა სტუდიაში სიარული. ახლა საკუთარ ცოდნას თავად იღრმავებს და მულტფილმის გმირებიდან კერპ მხატვრებზე და პერსონაჟებზე გადავიდა. ხატავს ყველაფერს და იყენებს ყველა ფერს. მუშაობს ფანქრით, საღებავებით, ზეთში, გუაშით, აკვარელში.

მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს დედაშვილობა იკავებს. ხატავს საყვარელ პერსონაჟებს, ხედებს და სახლებს. სჯერა, ერთ დღესაც მისი დახატული ოცნების სახლი აუცილებლად ექნება.

ბოლო დროს კუბიზმმა და აბსტრაქციამ გაიტაცა. დაიწყო ორსახოვანი პერსონაჟების დახატვა, როგორც ამბობს, ამით ადამიანების განცდებს უკეთ გადმოსცემს. "კუბიზმი და აბსტრაქცია ძალიან მომწონს, სხვანაირია ამ მიმართულებით მუშაობა, შენ ქმნი და არ ახდენ მხოლოდ ნანახის შესრულებას. თავიდან მულტფილმის გმირებს ვხატავდი, მაგრამ ახლა თავად ვქმნი პერსონაჟებს, წარმოვიდგენ და ფურცელზე გადავიტან. ვცდილობ, ჩემებურად შევქმნა და ჩემი განცდებით გამოვხატო. მომწონს ორსახოვანი ადამიანების ხატვა, გონიათ რომ ეს ადამიანები მოწყენილი არიან, მაგრამ მათ სხვადასხვა ემოცია აქვთ".

დედის თქმით, გეგას შეუძლია დღეში საათობით უწყვეტად ხატოს, მაგრამ ოჯახში არსებული გარემო ამის შესაძლებლობას არ აძლევს. განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ, ზაფხულში კი ბუნებაში გადიან, მოლბერტი მიაქვთ და გეგას ხატვის შესაძლებლობას აძლევენ. ოჯახმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რომ მათთვის პატარა ფართი მოიძებნოს, სადაც გეგა მუშაობს შეძლებს, ამ დრომდე პასუხის მოლოდინში არიან.

"ფართის პრობლემა გვაქვს, ერთ ოთახში ვცხოვრობთ ჩემს მშობლებთან ერთად, ამიტომ ვერ ვახერხებთ მოლბერტი სულ გაშლილი იყოს და გეგამ ხატვა შეძლოს. ამის გამო კონტურებს მოხაზავს და მერე ვინახავთ ამ ნახატებს, რომ ოდესღაც მოახერხებს ნახატის შექმნას. ვითხოვ, იქნებ პატარა ფართი მოგვიძებნონ, რომ გეგამ ხატვა შეძლოს, მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა, ვერც სამხატვრო სკოლაში ვატარებ, მაგრამ ერთის მხრივ კარგია, დამოუკიდებლად რომ მუშაობს.

ვფიქრობ, თვითონ კარგად ხედავს ხარვეზებს და თავად უკეთ იცის როგორ გააგრძელოს ნახატი. ვცდილობ, ჩემს შვილს მაქსიმალურად შევუწყო ხელი. ხშირად ბოლო თეთრი გადაგვიხდია საღებავებში, ფანქრებსა თუ ნივთებში. უთქვამთ, რა გეხატებათ, როგორ იხდით ამდენ ფულს ამ ნივთებშიო? მაგრამ, მე ვიცი, ჩემს შვილს სჭირდება, ახლა თუ არ დავეხმარე, მერე გვიანი იქნება", - გვეუბნება ქრისტინე მესხი.

გეგა ცდილობს, დედას მატერიალურად დაეხმაროს, ამიტომ თავის ნახატებს ყიდის. გაჩუქებაც უყვარს და ადამიანს ხასიათის მიხედვით, თავისი წარმოდგენით უქმნის ნახატს.

"ვან გეგას ნახატები" ახლობლების სახლებში არის შენახული. ავტოფარეხში პატარა სახელოსნო ჰქონდა მოწყობილი, თუმცა ნესტმა ნახატები დააზიანა და იძულებული გახდნენ ყუთებში შეენახათ.

7 წლის გეგა უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია. მისი ნაშრომი "სნოს" კონკურსის ფავორიტი იყო და სტიკერი საახალწლოდ წყლის ბოთლებზე განთავსდა. "სიზმარას" კონკურსში გაიმარჯვა დედაშვილობის თემაზე შექმნილი ნახატით, ასევე გახდა ჟიურის რჩეული.

"ნესქვიკის" კონკურსის გამარჯვებულია საახალწლო თემაზე, ასევე გაიმარჯვა წიგნის და ოლიმპიადის თემებზე გამოცხადებული კონკურსებში. ბოლოს "ტოიოტას" კონკურსის გამარჯვებულიც გახდა, მისმა ნაშრომმა საერთაშორისო კონკურსში რვა წლამდე ასაკის კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და ახლა თავადაც ემზადება იაპონიაში წასასვლელად.

პატარა კოლეგას უკვე დაუკავშირდნენ ცნობილი მხატვრები, მათ შორის "ფანქრის ჯადოქარი" გურამ დოლენჯაშვილი, რომელმაც პერსონალურ გამოფენაზე დაპატიჟა და დაპირდა, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე ინახულებს. ამასთან, 7 წლის გეგა სოფრომაძემ უკვე მიიღო შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ჯერ მათ არ თანხმდება.

ნესტან ჩაგელიშვილი

AMBEBI.GE

ჰოლივუდი ოპერაში

სტილის მასტერკლასი 51 წლის ჯენიფერ ენისტონისგან - ახალი ფოტოსესია, სადაც მსახიობი თინეიჯერს ჰგავს

საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება