დღის ფოტო: კახა კალაძემ თავშესაფრიდან მერიაში ლეკვი წაიყვანა

დღის ფოტო: კახა კალაძემ თავშესაფრიდან მერიაში ლეკვი წაიყვანა

"გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც მერიაში დაიდებს ბინას" - ასე გააცნო ჟურნალიტებს და მერიის თანამშრომლებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი ბინადრი. კალაძე თავშესაფარს სტუმრობდა, საიდანაც მან მერიაში ლეკვი წაიყვანა.

დედაქალაქის მერს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, რას დაარქმევენ ცხოველს, თუმცა თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ ლეკვი იღბლიანია, ამიტომ შესაძლოა მას "ლაქი" დაარქვან.

თბილისის მერმა ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, რომ ცხოველთა მონიტორინგის კუთხით მერია ცვლილებებს გეგმავს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით შესაძლოა, მერიამ დამატებითი ხარჯებიც გაიღოს.

კალაძე ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას თავშესაფარში ჭირის ეპიდემიის არსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

"ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს სამ თავშესაფარში იყო გავრცელებული ჭირი, არის გაუსაძლისი პირობები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ მიმართულებას ჩვენგან დიდი ყურადღება დაეთმობა. გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში ახალი ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი. ცვლილებებს და რეფორმების განხორციელებას ვაპირებთ. თუ რამე პრობლემა იქნება, მოვაგვარებთ.

აქ არის შესაძლებლობა, რომ თავშესაფარი გაფართოვდეს. ახალი ხელმძღვანელობა წარმოადგენს გეგმას, რა უნდა გაკეთდეს, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს, ჩვენ დავეხმარებით. თუ დამატებითი დახმარება იქნება საჭირო, მზად ვართ, დამატებით ხარჯები გავიღოთ", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მუნიციპალურ თავშესაფარში სულ 200 ადგილია, თუმცა, ამჟამად იქ 87 ცხოველია.

თამთა კაკაურიძე

AMBEBI.GE

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!

ამირან გამყრელიძე ქართველებს სთხოვს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ