რას ყვება კიევი-თბილისის რეისის მგზავრი - "ეკიპაჟის წევრი უწყვეტ რეჟიმში იმეორებდა, რომ თვითმფრინავი ავარიულად, სწრაფად ეშვებოდა"

რას ყვება კიევი-თბილისის რეისის მგზავრი - "ეკიპაჟის წევრი  უწყვეტ რეჟიმში იმეორებდა, რომ თვითმფრინავი ავარიულად, სწრაფად ეშვებოდა"

ავარიულად დაშვებული კიევი-თბილისის ავიარეისის მგზავრი, "ინტერეპრენიუსის“ კორესპონდენტი ნინო ხოზრევანიძე ინციდენტის დროს თვითმფრინავში არსებულ ვითარებას იხსენებს.

მისი განცხადებით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაშვებლად მოემზადა, დედამიწამდე მანძილიც შემცირდა, თუმცა მოულოდნელად ისევ აკრიფა სიმაღლე და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო ფრენა.

"მსგავსი სიტუაცია კიდევ ორჯერ განმეორდა და როგორც მივხვდით, თვითმფრინავმა თბილისს სამჯერ შემოუარა, მაგრამ დაშვებას ვერ ახერხებდა. განმარტებებს არავინ აკეთებდა, რის გამოც მგზავრების ნაწილმა გამცილებლებისგან ინფორმაციის მიღება მოითხოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ მფრინავმა განმარტა, რომ იყო რაღაც გართულება, თუმცა 5 წუთში სწრაფი სიჩქარით დაეშვებოდა. მფრინავმა მოგვიწოდა, დავმორჩილებოდით მითითებებს, ღვედები შეგვეკრა და სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა. მფრინავის მითითებას მოჰყვა ეკიპაჟის წევრის ინსტრუქტაჟი, რომელიც დაშვებამდე 2 წუთის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმეორებდა, რომ თვითმფრინავი ავარიულად, სწრაფად ეშვებოდა, რის გამოც, მაქსიმალურად მყარად უნდა მოვთავსებულიყავით, ღვედები მჭიდროდ შეგვეკრა და თავი დაგვეხარა. სალონში, რა თქმა უნდა, იყო დაძაბულობა, თუმცა ყველა მგზავრი მაქსიმალურად ემორჩილებოდა ინსტრუქტაჟს. მფრინავმა სწრაფად შეამცირა დისტანცია დედამიწამდე, მაღალი სიჩქარით დაეშვა და მოახერხა თვითმფრინავის გაჩერება. სავარძლები უჩვეულოდ წინ გადაიხარა. გააზრებისთანავე, რომ გადავრჩით და ცუდი შედეგები არ მოჰყვა ავარიულ დაშვებას, მგზავრებმა ტაში დაუკრეს და მფრინავის მისამართით კომპლიმენტებიც უხვად იყო. ნამდვილად, თავისი საქმის პროფესიონალი აღმოჩნდა. უკვე გადარჩენილებმა ილუმინატორისკენაც გავაპარეთ თვალი, სადაც დავინახეთ სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო ბრიგადები და პოლიცია. როგორც მივხვდით, სათადარიგო ბილიკზე დავეშვით, გარშემო იყო ნაავარიევი თვითმფრინავებიც. როგორც გავიგეთ, ავარიულად დაშვება გამოიწვია სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობამ", - განაცხადა ნინო ხოზრევანიძემ.

კიევი-თბილისის ავიარეისი დღეს საღამოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. წინასწარი ინფორმაციით, ამის მიზეზი თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა გახდა. "უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის გარშემო ორჯერ დაუგეგმავად გააკეთა წრე. საბოლოოდ, 20 წუთის დაგვიანებით, თვითმფრინავი ბილიკზე ავარიულად, მაღალი სიჩქარით დაეშვა. დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა. აეროპორტში დაშვებამდე მფრინავმა და რეისის ეკიპაჟმა მგზავრებს საინფორმაციო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ავარიულად დაშვების დროს. თვითმფრინავს აეროპორტში სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და პოლიცია დახვდა. ავარიულად დაშვების გამო არც მგზავრები და არც თვითმფრინავი არ დაზიანებულან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია