როგორ ინაწილებენ აფხაზეთს ჩრდილო კორეელი, სომეხი და თურქი ბიზნესმენები

როგორ ინაწილებენ აფხაზეთს ჩრდილო კორეელი, სომეხი და თურქი ბიზნესმენები

"სანქციები, რომელიც არაფერს ნიშნავს! აკრძალვები, რომლებიც ბავშვის დატუქსვასავითაა და არაფერს ცვლის! ნედლეულს, ვისაც როგორც უხარია, ისე ეზიდება. ხვალინდელზე არავინ ფიქრობს..." - ასე ეხმაურება ბოლო დროს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა, მათი თქმით, ერთეულების პროტესტი არაფერს ცვლის...

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი ჩრდილო კორეასთან ენერგეტიკული ნედლეულით, კერძოდ, ქვანახშირით უკანონოდ ვაჭრობისთვის ღიად დაადანაშაულა... აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს, რომელიც მან ჩრდილოეთ კორეის 16 მოქალაქეს დაუწესა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ შეურთდა. მიზეზი გასაგებია, ისინი ჩინეთის, რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მუშაობენ და ძირითიდად, ნედლეულს მოიპოვებენ...

სანქციები 24 იანვარს ამოქმედდა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო კორპორაციის Ryonbong-ის წარმომადგენლებს შეეხოთ. ეს კორპორაცია, ოფიციალურად ლითონების, მინერალებისა და ავტომანქანების ექსპორტს ახორციელებდა. სინამდვილეში კი, გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მრეწველობაში აქტიურად მონაწილეობს და ქიმიური იარაღის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების საიდუმლო იმპორტით არის დაკავებული. სწორედ ამიტომ, მას გაეროს სანქცია დაუწესდა...

თუმცა, Ryonbong-ის თანამშრომლები ჩრდილოეთ კორეის საკონსულოს ეგიდით მოქმედებენ და ჩინეთსა და რუსეთში მუშაობას არ წყვეტენ. "დიპლომატიური" იმუნიტეტის მქონე კორელეები, რუსეთის რეკომენდაციით, მის მიერვე ოკოპირებულ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ რეგიონებშიც აქტიურად მუშაობენ, - ერთ-ერთი მათგანი, პაკ ტონგ სოკი, რომელიც აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის კონსულის სტატუსით იმყოფება, საქართველოს კანონმდებლობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის სრული იგნორირებით, სოხუმში, წითელ ხიდთან სასტუმრო, - "სოხუმის რივიერას" აშენებს.

იხილეთ: "დღის თემა" - როგორ ინაწილებენ აფხაზეთს ჩრდილო კორეელი, სომეხი და თურქი ბიზნესმენები

ამონარიდი აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის პრესრელიზიდან, სადაც პაკ ტონგ სოკია მოხსენიებული

როგორც აფხაზური მედია წერს, მათ მუშახელიც კი ჩრდილოეთ კორეადან ჩამოიყვანეს, რადგან "ისინი ბევრად პროფესიონალები არიან"... მათ კვებასა და დროებით საცხოვრებელს კომპანია უზრუნველყოფს. ანუ, მათი შემოსავალი, პირდაპირ ფხენიანში მიდის... აფხაზების თქმით, მხოლოდ იმ მშენებლობაზე, ტურბაზის ტერიტორიაზე 50-მდე ჩრდილო კორეელია დასაქმებული.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2017 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მიღებულმა რეზოლუციებმა, ჩრდილო კორეადან შრომითი მიგრანტების მიღება აკრძალა. მისი ამოქმედების შემდეგ - გაეროს წევრი ქვეყნები, მათ შორის, რუსეთიც, ვალდებულია, ჩრდილო კორეელ მუშახელს სამუშაო ვიზები გაუუქმონ - თუმცა, პირიქით ხდება, ნაკადი იზრდება...

აფხაზების თქმით, ძირითადად საშენ მასალებს, ქვა-ღორღს, ხრეშსა და ქვიშას ადგილზე, მიზერულ ფასად მოიპოვებენ. იგივე ხდება, ხე-ტყესთან დაკავშირებით - საქმეს ამარტივებს, ის, რომ ასეთი ტიპის სამშენებლო ობიექტები, ოფიციალურად, ადგილობრივზეა გაფორმებული და ვინაიდან, აფხაზეთი პატარა რეგიონია და ყველა ერთმანეთს იცნობს და გავლენებიც ამ პრინციპით არის გადანაწილებული, სასტუმრო "სოხუმის რივიერას" "მეპატრონე" ელიზ გულიასაც არ ექმნება პრობლემები...

გადანაწილებულია ქალაქებიც, მაგალითად: სოხუმი ადგილობრივი ე.წ. ბიზნესმენების არის, რომელთა უკანაც, როგორც ირკვევა, რუსეთის ეგიდით შემოსული ჩრდილოეთ კორეელი ბიზნესმენები დგანან... გაგრა და ბიჭვინთა კი სომეხი ბიზნესმენების ინტერესის ობიექტია. ბოლო წლებში, იქ სახლები სომხეთიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა სომეხმა შეიძინეს და საოჯახო სასტუმროდ გადააკეთეს...

ბოლო დროს, როგორც ჩანს, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ყირიმის "რეფერენდუმის" შედეგების აღიარება დაუფასა და ბიზნესის კუთხით ასათვისებლად, ცხინვალის რეგიონიც შესთავაზა. ოსური მედიის ცნობებით, შესაძლოა, ფხენიანმა, იქ სპილენძისა და თუთიის საბადოების შესწავლაც დაიწყოს...

რაც შეეხება აფხაზეთს, რომელსაც ბოლო დროინდელი პროცესების შემდეგ, ძნელი სათქმელია გაუმართლა თუ არა, რომ ასეთი მდიდარი ნედლეულით არის დაჯილდოებული - მისი რესურსის სრულად ათვისებას ცდილობენ თურქული კომპანიებიც, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია, ამას ხელმძღვანელობის გარეშე აკეთებდნენ.

უკონტროლო თევზჭერა აფხაზეთისთვის კიდევ ერთი პრობლემაა - ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თურქული სეინერები აფხაზეთის რეგიონს უდიდეს ზიანს აყენებენ. თევზი რეგიონის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი წილიც მასზე მოდის. თუმცა, თურქული კომპანიების მიერ შექმნილი განუკითხაობის გამო, ამ მხრივ კატასტროფული შედეგი დადგა.

"მიმდინარე წელსაც, რამდენიმე თევზსაჭერი გემი ნაპირს დაშვებული 500 მეტრზე ნაკლები მანძილით მიუახლოვდა... ცოტა ხანში, ჩვენს ზღვაში, თევზის ნასახიც აღარ დარჩება... ძალიან ცუდი თაობა გამოვდექით, ჩვენი შვილებისთვის ვერაფერს ვაკეთებთ, განადგურებულ, გაუნათლებელ, დაჭაობებულ, კორუმპირებულ ქვეყანას ვუტოვებთ, რომელსაც 25 წელია, საგარეო და საშინაო სფეროში არაფერი უკეთებია...", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში.

საყოველთაო აღშფოთების მიზეზი მხოლოდ უკანონო თევზჭერა არ არის - სეინერები, რომელთა მარშრუტს თავად კომპანიები ადგენენ, შავი ზღვის ფსკერზე არქიტექტურულ ძეგლებსაც ანადგურებენ.

"ასე დაზიანდა უძველესი, ჩაძირული სატვირთო და სამხედრო გემები, რომლებიც ჩვენთვის შეუფასებელი განძია, რადგან ისტორიას ეკუთვნის... ჩვენ მისი აღდგენის კი არა, მოვლის შესაძლებლობა არ გვაქვს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვკარგავთ ყველაფერს...", - წერს აქტიური ოპოზიციონერი ირინა აგრბა და წუხს, რომ ძალზედ პოლიტიზირებული აფხაზური საზოგადოება საკუთარი ისტორიის გადასარჩენად ვერაფერს აკეთებს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?