"წინა დღეს ესაუბრა დედას, უთხრა, საშიში არაფერიაო..." - დიმა ბებიაშვილის საბედისწერო მესამე მისია ავღანეთში

"წინა დღეს ესაუბრა დედას, უთხრა, საშიში არაფერიაო..." - დიმა ბებიაშვილის საბედისწერო მესამე მისია ავღანეთში

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. 26 წლის მდინარი ბებიაშვილი ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე.

"დიმა, ზესტაფონის მუნიციპილიტეტის სოფელ მარტოთუბანში ცხოვრობდა. სკოლა მეზობლად, დაბა შოროპანში დაამთავრა. ყოველთვის ძალიან წესიერი, მორიდებული და პატიოსანი ბიჭი იყო... საერთოდ, მისი ოჯახი გამოირჩევა წესიერებით... 2010 წელს, სავალდებულო სამსახურში წავიდა, შემდეგ კი კონტრაქტი გააფორმა. მეც ვერ წარმომედგინა დიმა სხვაგან და ალბათ, თავადაც არ უფიქრია, სხვა სამსახურზე..." - ამბობს დაღუპული სამხედროს ბავშვობის მეგობარი დავით გაჩეჩილაძე, რომლის თქმითაც, ტრაგედიის დეტალები უცნობია, მაგრამ იცის, რომ დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ორი, მსუბუქად არის დაჭრილი...

მეგობრის თქმით, ბებიაშვილი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბიჭი იყო და როგორც ყველა მამაკაცს, იარაღი მასაც უყვარდა... პირველად, 2012 წელს წავიდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, მშვიდობით დაბრუნდა... შემდეგ, 2014- წელსაც და ახლა, მესამე წასვლა იყო:

"ძალიან ჭკვიანი და დაფიქრებული ბიჭი იყო... ოქტომბერში უნდა ჩამოსულიყო... წასვლამდე ერთი კვირით ადრე ვნახე. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა და თავის სამსახურზე თითქმის არ ლაპარაკობდა. როგორც ვიცი, ბოლო დროს არ იყო საშიში და არც კი ჰქონდა ეჭვი, რომ რამე პრობლემა იქნებოდა... საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის ეს მისია" - გვიყვება დიმა ბებიაშვილის ახლობელი, რომელის თქმითაც, ოჯახი მისი სამხედრო არჩევანის წინააღმდეგი არ ყოფილა, რადგან შვილის აზრს პატივს სცემდნენ...

"არ ულხინთ, ხელმოკლე ოჯახია, მაგრამ ძალიან წესიერი ადამიანები არიან. ახალგაზრდა მშობლები ჰყავთ, 50-წლამდე ასაკის... კიდევ ორი შვილი ჰყავთ, მდინარის უმცროსი და-ძმა ჰყავს. და სტუდენტია და მას სწავლის ქირას უხდიდა... მთელ სოფელში გამორჩეულად მოკრძალებული ხალხია. დამაკლდა მეგობარი, სოფელსა და ქვეყანას კი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც სამშობლო და თავის საქმე უყვარდა... წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. აპრილში წავიდა და ოქტომბერში მშვიდობით დაბრუნებას ელოდებოდა", - ამბობს დავით გაჩეჩილაძე, რომლის თქმითაც, ავღანეთში დაღუპულ ახალგაზრდას სამშობლოში კვირას გადმოასვენებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.

მომხდარი თავდასხმისას ასევე დაშავდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ასეულის ზომის ქვედანაყოფი 10-ჯერ გაზარდა. 2012 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს წვლილი გაორმაგდა და უკვე 1600-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. ნატოს ISAF-ის სარდლობის შეფასებით, ქართველ სამხედროებს გაბედული და თავდადებული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ: ჩვენი დროის გმირები - ვინ იყვნენ ქართველი სამხედროები, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაიღუპნენ

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე