"რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ვინ იყო ავღანეთში დაღუპული 26 წლის სამხედრო

"რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ვინ იყო ავღანეთში დაღუპული 26 წლის სამხედრო

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. 26 წლის მდინარი ბებიაშვილი ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპული სამხედრო "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის". იხილეთ ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მარი კევლიშვილი ფეისბუქზე დაღუპული სამხედროს და მისი კოლეგების ფოტოს ავრცელებს და ბებიაშვილის შესახებ წერს:

"რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო, მეგობრებისთვის უთქვამს. ხომ იცით, ყველაფერი კარგად იქნებაო...

არადა, ყველაფერი ძალიან ცუდად მოხდა! დიმა ბებიაშვილი, უმცროსი სერჟანტი. დიმა, მადლობა სამსახურისთვის..."

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმისას დაშავებული სამი სამხედრო მოსამსახურედან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი