თინეიჯერული ლიტერატურის გემო

თინეიჯერული ლიტერატურის გემო

ჟურნალ "ინდიგოს" სტატია თინეიჯერებზე, თინეიჯერულ წიგნებზე და წიგნებზე თინეიჯერების შესახებ

"15 წლის ჰარიეტ მანერსი ნამდვილი გიკია", - ამოიკითხა მამაჩემმა წიგნის უკანა ყდაზე და სათვალიდან ამოიხედა: - ეს "გიკი" რა არის? ნიცას გაეცინა: - გიკი რა, - უპასუხა, - ყველაფერი რომ იცის, ეგეთი - გენიოსა.

- ჟიულ ვერნი წაიკითხე, ჟიულ ვერნი. და "გრაფი მონტე კრისტო", - მცირე პაუზის შემდეგ უთხრა მამაჩემმა და ოთახიდან გავიდა.

ეს "გიკი" ნაღდად არ მოეწონა. ნიცამ თვალები აატრიალა. ასე აკეთებენ 12 წლის გოგოები, როცა რაღაცას აპროტესტებენ. სოუ ბოორინგ, - გააგრძელა მერე (ანუ ისე მოსაწყენიაო) და აიპედში ჩაძვრა. იქნებ, მაინც "80 000 კილომეტრი წყალქვეშ" წაგეკითხხხხ... - შევთავაზესავით, მაგრამ ეგრევე მივხვდი, დამთავრებას აზრი არ ჰქონდა. ამ დროს ის უკვე ზოი საგის "ონლაინგოგოში" იყო თავით გადაშვებული და დროდადრო აღფრთოვანებული ჭყლოპინებდა. მგონი, გუშინ რაღაც მისწერა ტვიტერზე და იმან დაულაიქა. "გესმის, ხო, რა ხდება? იმაზე წერს, რაც მეც ვიცი. ტექსტში "კოკა კოლას" ახსენებს და "აიპედს" და ისეთ სიტყვებს და ნივთებს, რაც აქაც არის, ჩვენც ვიცით, ხვდები? - მიხსნის, - წარმოიდგინე, საერთოდ არ არსებობს დისტანცია".

წიგნის თაროებზე ახლადგამოცემული თინეიჯერული ლიტერატურის სერიები აღარ ეტევა. მოზარდები ყოველ ახალ წიგნს ისე ელიან, როგორც დიდები - თანამედროვე კომერციული სერიალების მორიგ სერიას. მიდი, აბა, ერთხელ თუ მოიწამლე, სცადე და აღარ უყურო.

"პალიტრის" და "ლიბერთინსის" წიგნებს მთლად ბეჭედივით არტყია ყდაზე ყვითლად და მკვეთრად წარწერა - შენი თაობის არჩევანი. თითქოს გეუბნება - ხო, შშშენნნნი თაობის.

"მოგესალმები, სამყაროვ (ისე ხმამაღლა და თამამად იწყება, შეხტები)! გადავწყვიტე, ბლოგი შემექმნა. შეიძლება მკითხოთ, რატომ? ხომ იცით, რა მოხდება, თუკი "კოკა კოლას" შეანჯღრევთ და მერე გახსნით? ამოიფრქვევა და ყველაფერს დაასველებს. სწორედ ასე ვგრძნობ თავს" (წერს ზოი საგი თავის "ონლაინგოგოში").

"გადავწყვიტე, ბლოგის წერა დავიწყო", - წერს ნიცა თავის არასაიდუმლო დღიურში, რომლის კითხვა ყოველ საღამოს გამოწერილი გვაქვს, როგორც სავალდებულო საკითხავი. კარგად ვიცი, მკითხველის გარეშე გავქრებით, ამიტომ ვკითხულობ. ორი წლის წინ რომ ვკითხე, რომელი იყო მისი საყვარელი მაღაზია, თქვა, რომ სათამაშოების და წიგნების. წელს რომ კითხვა გავუმეორე, თქვა, რომ კოსმეტიკის და წიგნების. წიგნები ჯერჯერობით უცვლელია. იცვლება და ბევრდება მხოლოდ გამოცემები.

ერთი დაკლიკვა კმარა, "გუდრიდსის" ვებსაიტზე მოზარდების ლიტერატურის (young adult book) უგრძესი სია რომ ამოგიგდოს - ნაირ-ნაირი ყდებითა და ჟანრებით: ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, მისტიკა, ისტორიული, ჰორორი, კლასიკა. აუ აუ აუ აუ. ახლა რომ 13 და 14 და 15 და 16 წლის ვიყო! ქვეშ მოკლე-მოკლე ანოტაციებია - ზუსტად ისეთი, ნიცა როგორც მიყვება ხოლმე უკვე წაკითხულ წიგნებზე: "ერთ გიკ გოგოზეა რა. მთელი თავგადასავლები აქვს. მეც ჩემს სკოლაში გიკი ვგონივარ ბავშვებს. მაგრამ სინამდვილეში არც ისე გიკი ვარ". ჰოლი სმეილის ტრილოგიას გულისხმობს. ან: "მოკლედ, ეს ბიჭი, თომასი, ლიფტში გაიღვიძებს და თავისი სახელის მეტი არაფერი ახსოვს. მერე სხვა ბიჭებს ხვდება და თავგადასავალი იწყება", - ჯეიმს დაშნერის "ლაბირინთში მორბენალის" სიუჟეტს მიხსნის.

ზოგჯერ სიტყვის მნიშვნელობები არც მე მესმის და ბეჯითად ვგუგლავ. ეგრე ადვილი არ არის, 12 წლის გოგოს, რომელსაც ყველაფრის მცოდნე ჰგონიხარ, უთხრა, რომ რაღაც სიტყვები შენც არ იცი - ასე ვმეცადინეობ.

რა დასამალია და, "ლიბერთინსის" ბავშვებს რომ შევხვდი, მანდაც კარგად მოვემზადე. "ლიბერთინსი" - ეს წიგნების მოყვარული თინეიჯერების ჯგუფია, რომლებიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ისთვის თანამედროვე ბესტსელერებს არჩევენ - ე.წ. მოზარდების ლიტერატურას. ინგლისურად კითხულობენ და მერე ამა თუ იმ წიგნს რეკომენდაციას უწევენ. "ლიბერთინსი" დაახლოებით ორი წლის შეიქმნა. გამომცემლობამ კონკურსი გამოაცხადა - ცნობილ ბესთსელერზე საუკეთესო რეცენზიის ავტორებს ჯგუფში მოხვედრის ბედნიერი ბილეთები ერგებოდათ. ასე შეგროვდა 15-მდე ბავშვი, რომელთა აზრსაც "პალიტრა L" ყოველი ახალი წიგნის გამოცემისას ითვალისწინებს.

მგონი, ჩვეულებრივი სამსახურია. კიარადა, გადასარევი. აი, ასეთი:

გიორგი კიკაბიძე, მარიამ გაბელაია, თაკო ახალაძე - "ლიბერთინსიდან", გაცხარებულები იწყებენ წიგნების ძებნას ინტერნეტში. ამაზონზე, გუდრიდზე, თუ სადმე რეცენზია დაიბეჭდა, სად რა ბესტსელერი გამოიცა, ვინ რა თქვა. მერე მიდის ანოტაციების შესწავლა, წიგნის გამოწერა და წაკითხვა და დიახ! ეს ისაა, რაც გვინდა - გადაწყვეტილება.

"რაღაცით მგონი ლიტერატურულ აგენტებს ვგავართ, ხო? მოგვწონს ეს - შენივე თანატოლს ურჩიო კარგი წიგნი და დააკვირდე, როგორ წაიკითხავს, მოეწონება თუ არა, რას დაწერენ", - გიორგი კიკაბიძის რჩეული თინეიჯერული ლიტერატურიდან მაინც ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლებია", სხვებიც, მაგრამ ახლა ეს გაახსენდა.

თაკოს თავისი ბლოგი აქვს და ახალ წიგნზე შთაბეჭდილებებსაც იქ ჩამოყრის ხოლმე: "ესე იგი. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი", ემი იტერანტას "წყლის საიდუმლო" და... ხო, რიკ იანსის "მეხუთე ტალღა". ეს მისთვის ამ ჟანრში რჩეულებს რაც შეეხება, თორემ ისე უკვე ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელს" მიადგა.

და მერე ისევ ვლაპარაკობთ - არის თუ არა წიგნებისა და ავტორების ასეთი გადალაგება - "მომავალი?" და ამ მომავალში დაიწყებენ თუ არა მოზარდები კითხვას თანამედროვე წიგნებით და არა, მაგალითად, მეოცე საუკუნის კლასიკოსი ავტორებით, რომელთა რომანებში გმირები ეტლებით გადაადგილდებიან, ხოლო საყვარელი ქალის გულისთვის ერთმანეთს დუელში იწვევენ? რაც მოსწონთ, რატომ მოსწონთ და რით ჩანაცვლდა, თუ საერთოდ ჩანაცვლდა კლასიკური ნაწარმოებები?

არადა, რა მამაცი იყო ეს დარტანიანი! და ჭკვიანი - ათოსი, დაუსახლებელ კუნძულზე მოხვედრასა და პარასკევასნაირ მეგობარზე ოცნება, მგონი დღემდე შემომრჩა "რობინზონ კრუზოს" გავლენით. და უდედმამო რემი ჰექტორ მალოს "უსახლკაროდან"? სამყაროს უსამართლობის გამო დღემდე უსუსურობის განცდა მკლავს.

და იმ კუნძულზე აიპედი მაინც მექნება? - იკითხავს ხოლმე ნიცა, როცა "რობინზონ კრუზოს" სიკეთეებზე ვიწყებ ლაპარაკს. ის ამ დროს ჩემს საკითხავ წიგნზე ვითომ შემთხვევით ზემოდან დაადებს ხოლმე ჯონ გრინის "ქაღალდის ქალაქებს" და ცოტა ცნობისმოყვარეობით და ცოტაც ხათრით ვკითხულობ.

მეგობრობაც არის, გახსნილი სასიყვარულო ურთიერთობებიც, თავგადასავლებიც, ერთგულებაც და ღალატიც ამ და სხვა წიგნებში, უბრალოდ, ენაა თანამედროვე და ამბებიც ისეთი, წინა დღეს მეზობელ უბანში რომ მოხდა.

ამიტომ ჩემს სკეპტიციზმზე "ლიბერთინსის" ჯგუფის ბავშვებს გამზადებული აქვთ მარტივი პასუხი - "ეს არის ვარჯიში კითხვაში" და "კითხვის სიყვარულის სწავლა".

ე.წ. იანგ ედალთ საკითხავის პლუსად იმასაც ასახელებენ, რომ ხშირად წიგნები მარტივი ენით რთულ თემებზე ჰყვება, მაგალითად, სუიციდზე.

და იქნებ, პირიქით, წაახალისოს მოზარდები ამ თემამ? - მაინც სკეპტიკოსის როლში ვარ.

არა, პირიქით, სწორი აქცენტებია. არასოდეს მაგის გაკეთება არ მოგინდება, - მეკამათებიან   განაგრძეთ კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს