წიგნი, რომლის კითხვისას თინეიჯერებს თავი სხვა სამყაროში ჰგონიათ

წიგნი, რომლის კითხვისას თინეიჯერებს თავი სხვა სამყაროში ჰგონიათ

მათ, ვინც უკვე მოასწრო ამერიკელი ბესტსელერი ავტორის ლორენ ოლივერის "დელირიუმის" წაკითხვა, ალბათ უამრავი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი... მწერალი უნიკალური სტილითა და ფანტაზიით აგრძელებს ალექსისა და ლინას ისტორიის თხრობას. ტრილოგიის მეორე წიგნში "პანდემონიუმში" უამრავი რამ გახდება ცნობილი. "იმედი მაქვს, კიდევ ბევრი მკითხველი დაავადდება დელირიით და შეიყვარებს ამ საოცარ და სევდიან წიგნს, ხოლო ისინი, ვინც უკვე გამოსცადა დელირიის ძალა, საბოლოოდ გაიგებენ, ალექსი ცოცხალია თუ არა" - ეს "ლიბერთინსის" წევრის, მარიამის შეფასებაა, რომელიც ლორენ ოლივერის "პანდემონიუმს" აღწერს. "დელირიუმის" გაგრძელების პრეზენტაცია გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ტრადიციისამებრ, "ბიბლუსი გალერეაში" გამართა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

"პანდემონიუმი" აკრძალული სიყვარულის ამბავს უყვება მკითხველს, რომელიც წინა ნაწილში დაიწყო. "ლინა ჰოლოუეი სახიფათო გზას ადგას. ტევრიდან ბრძოლის ეპიცენტრში მოხვდება და თანაც განსაკუთრებული მისიით. თუმცა, უნებურად, დაგეგმილი გატაცების მონაწილე გახდება", - ამბობენ გამომცემლობაში.

"პანდემონიუმის" ქართული თარგმანის ავტორი, ნინო შეყილაძე ambebi.ge-სთან წიგნის განსაკუთრებულობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლორენ ოლივერი ამ ჟანრის საუკეთესო წარმომადგენელია: "წიგნი ჩემთვის განსაკუთრებულია. როდესაც მხატვრული ლიტერატურის თარგმნა დავიწყე, სწორედ ამ წიგნზე შევაჩერე არჩევანი. ეს ავტორი ამ ჟანრის საუკეთესო წარმომადგენელია. წიგნი აგებულია ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობაზე - სიყვარულზე", - ამბობს მთარგმნელი და დასძენს, რომ წიგნის მთავარი მესიჯია: გვიყვარდეს ერთმანეთი.

"წიგნი მკითხველს დააფიქრებს, რომ სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძალიან ბუნებრივია მთავარი პერსონაჟი. ეს არის ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელიც შეიძლება შენი მეზობელი იყოს. ის უჯერებს მშობლებს, ემორჩილება კანონებს, წესებს, მაგრამ ჩადის ყველაზე მომაკვდინებელ ცოდვას და ყველაზე ძლიერ დანაშაულს იმ საზოგადოებისთვის - მას უყვარდება...", - ამბობს ნინო შეყილაძე.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერის, თინათინ ფეიქრიშვილის თქმით, გამომცემლობისთვის სასიხარულოა პრეზენტაციებზე უამრავი მოზარდის ხილვა: "ეს იმას მოწმობს, რომ მოზარდები კითხულობენ, თან ძალიან აქტიურად და ეს პროცესი მათთვის დიდი სიამოვნებაა. გვიხარია, რომ "ლიბერთინსის" პროექტმა წიგნებთან დააბრუნა თინეიჯერები, ისინი უზარმაზარ რიგში დგომასაც კი არ უშინდებიან იმისთვის, რომ წიგნი გამოსვლისთანავე პირველებმა შეიძინონ. "ლიბერთინსის" პროექტიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ზუსტად ის ლიტერატურა მივაწოდოთ მოზარდებს, რომელიც მათ თაობას აინტერესებს (პროექტის სლოგანიც ხომ ეს არის - "შენი თაობის არჩევანი"), რომელიც კითხვას შეაყვარებს მათ და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად მიიყვანს კლასიკამდე", - აღნიშნავს თინათინ ფეიქრიშვილი.

წიგნის შესაძენად "ბიბლუსი გალერეაში" მოსული თინეიჯერები ambebi.ge - სთან საუბრისას საკუთარ პოზიტიურ ემოციებს ვერ ფარავდნენ, რომელიც "ლიბერთინსის" აქციებთან და შეძენილ წიგნებთან აკავშირებთ. მოზარდები იმასაც აღნიშნადნენ, რომ ამ პროექტმა მათი კითხვისადმი ინტერესი და წიგნის სიყვარული კიდევ უფრო გაზარდა.

მაკო მერაბიშვილი, 14 წლის: "ვცდილობ "ლიბერთინსის" აქციებზე ხშირად ვიარო. პირველი იმიტომ, რომ აქ მეგობრებს ვხვდები, მეორე იმიტომ, რომ აქ ვყიდულობ არაჩვეულებრივ წიგნებს. შეძენილი წიგნებიდან ყველაზე მეტად მომეწონა "დელირიუმი" და ჯეიმს დაშნერის ტრილოგია. დელირიუმი განსხვავებული წიგნი იყო: ქალაქი, რომელშიც სიყვარული აკრძალულია. დამამახსოვრდა ფრაზა: "მე შენ მიყვარხარ, გახსოვდეს, ამას ვერ წაგართმევენ", რომელიც ნინას დედამ უთხრა სიკვდილის წინ. ჯეიმს დაშნერის ტრილოგიაში კი მნიშვნელოვანია ერთი რამ: ის თავებს ისე ასრულებს, შემდეგი თავი რომ არ წაიკითხო, არ შეიძლება. შემდეგი თავიც ისე სრულდებოდა, ინტრიგა გკლავდა. ეს წიგნი ერთ დღეში წავიკითხე. რაც შეეხება ახალ წიგნს, "პანდემონიუმის"გამოსვლას ძალიან ველოდი, ძლივს დადგა ეს დრო და როგორც კი სახლში მივალ, ამ წიგნის კითხვას დავიწყებ. რომ არა "ლიბერთინსი", ჩვენ ასეთ წიგნებს ვერ ვიპოვიდით და ვერ წავიკითხავდით".

ტავარია ბიჩნიკაური, 13 წლის: "ბევრ აქციაზე ვარ ნამყოფი. ძალიან ბევრი წიგნი მაქვს შეძენილი: "პირველი მოთამაშე, მოემზადე"; "დელირიუმი"; "ლურჯის ძიება"; "გამღები"; "ონლაინ გოგო" და ა.შ. ყველაზე მეტად "გამღები" მომეწონა. ისეთი რამ მოხდა, რასაც არ ველოდი. ბოლო წიგნმა გამაოგნა. ძალიან შთამბეჭდავი იყო სამყაროს და საკუთარი თავის პერსონაჟისეული აღქმა."

თინეიჯერები, სავარაუდოდ, ისევე მოუთმენლად დაელოდებიან ლორენ ოლივერის ტრილოგიის მესამე წიგნს, როგორც "პანდემონიუმს" ელოდნენ. "ლიბერთინსის" ერთ-ერთი წევრი, რომელიც რა თქმა უნდა, უკვე გაეცნო პირველ ორ ნაწილს, ტრილოგიისადმი თავის დამოკიდებულებას ასე გამოხატავს: "ეს წიგნი დელირიუმის საოცარი გაგრძელებაა, მოვლენების ასეთ განვითარებას ვერც კი წარმოვიდგენდი. წიგნი ისე წავიკითხე ბოლომდე, თავი არ ამიწევია, მეგონა სხვა სამყაროში ვიყავი. ახლა კი მოუთმენლად ველოდები ტრილოგიის ბოლო, მესამე წიგნს".

მესამე წიგნს "რეკვიემი" ჰქვია, რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტი "ლიბერთინსი" ახლო მომავალში შესთავაზებს ერთგულ მკითხველს.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

დღეიდან კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად