დიზაინერი, რომელიც "მანდარინების" ქართველ მსახიობებს წითელი ხალიჩისთვის შემოსავს

დიზაინერი, რომელიც "მანდარინების" ქართველ მსახიობებს წითელი ხალიჩისთვის შემოსავს

"ოსკარის" ნომინანტი ფილმის - "მანდარინები" მსახიობები ოსკარის ცერემონიალისთვის ემზადებიან. როგორც ამბობენ, თითოეული შოკშია, რადგან ასეთი რამ მათ ცხოვრებაში პირველად ხდება. ხუმრობა ხომ არ არის, ამერიკის კინოაკადემიის ღონისძიებაზე მოხვედრა. მიშა მესხს და გიორგი ნაკაშიძეს დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე სმოკინგებს უკერავს.

ambebi.ge დიზაინერს დაუკავშირდა.

- როგორ მოხვდა თქვენთან ეს შეკვეთა?

- ჩემმა მეგობარმა, რომელიც კინოსტუდიაში მუშაობს, დამირეკა და მკითხა, - თუ დავთანხმდებოდი საკუთარი სახსრებით ფილმის - "მანდარინები" ქართველი პერსონაჟებისთვის სმოკინგები შემეკერა. სიამოვნებით დავთანხმდი და ეს ადამიანები ჩემთან ასე მოხვდნენ...

- და ახლა კერავთ ამ სმოკინგებს?

- დიახ, სმოკინგებს ვკერავთ, რომელშიც რაღაც დეტალები შევცვალეთ, - ოდნავ გლამურული გავაკეთეთ. ეს უკვე მსახიობებიდან გამომდინარე მოხდა.

- და წითელი ხალიჩის დრესკოდის სტანდარტებს ასცდით?

- არ არის აცდენა. ისეთი იქნება, როგორიც უნდა იყოს საერთოდ სმოკინგი...

- სხვა დროს თუ გიმუშავიათ მსგავს კოსტიუმებზე?

- არ მიმუშავია, მხოლოდ საქორწინო პიჯაკებსა და ფრაკებზე ვმუშაობდი და აქედან გამომდინარე, გავბედე ამ სამუშაოსთვის ხელი მომეკიდა. თითქმის იგივეა, უმნიშვნელო დეტალებშია სხვაობა...

- რა შეგრძნებაა, როდესაც წითელი ხალიჩისთვის სამოსს კერავთ? პრაქტიკულად, პირველი ქართველი დიზაინერი ხართ, ვინც ასეთ პროექტზე მუშაობს.

- მოკლედ, რადგან სტანდარტია, ჩემი განსაკუთრებული დამსახურება ამ საქმეში არაფერი იქნება, უბრალოდ ვასრულებ სამუშაოს და სასიამოვნოა, რომ მე მომიწია ამ საქმის შესრულება. თავისთავად მიხარია, მაგრამ ჩვენი, ქართული ჯგუფისთვის ბევრად მნიშვნელოვანი დღე და ფაქტი იქნება იქ მოხვედრა და წითელ ხალიჩაზე გავლა... ისინი ხომ "ოსკარის" ნომინანტები არიან.

- რეჟისორს - ზაზა ურუშაძეს არ უკერავთ?

- არა, რადგანაც ზაზას აქვს შესაბამისი კოსტიუმი...

- როგორები არიან ქართველი მსახიობები, ხომ არ ჭირვეულობენ?

- არა, გიორგის უფრო კლასიკური სტილი უნდოდა, მიშას - მეტად გლამურული, მაგრამ ძალიან საინტერესო. ორივე კარგი ადამიანია და ძალიან მინდა, რომ ამ სიტუაციაში დავეხმარო. მოკლედ, სმოკინგი არ ჰქონდათ და ახლა ვუკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი მსახიობები შოკში არიან.

- რამდენი ხანია, რაც მუშაობა დაიწყეთ?

- ერთი კვირაა... ჯერ მხოლოდ ერთი "პრიმერკა" გვქონდა.

ალბათ 10 დღეში დავასრულებთ. ცოტა დრო კი სჭირდება, დეტალებს დამუშავება...

- მათთვის ფეხსაცმელსაც თქვენ შეკერავთ?

- არა, ირაკლი ბოჭორიშვილი, თუმცა მოდელები ერთად შევარჩიეთ. ირაკლი ერთ-ერთ პროფესიონალია, ვინც ასეთი დონის ფეხსაცმელის შექმნაზე არაჩვეულებრივად მუშაობს...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება