ვინ არის ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც შესაძლოა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს?

ვინ არის ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც შესაძლოა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს?

შემოსახაზი შემოიხაზა, გადასახაზი გადაიხაზა და მოსახაზს მოეხაზა - როგორც შალვა ნათელაშვილი იტყოდა. გადახაზულებს შორის თავად ნათელაშვილიც აღმოჩნდა, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა. დღეს უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ საკრებულოს მეორე ტური და დამატებითი ტაიმი აღარ სჭირდება - თბილისის თვითმმართველი ორგანო არჩეულია, მთავარ ინტრიგად კი კვლავ ის კითხვა რჩება, რაც ბოლო 2 თვეა განუწყვეტლივ ისმის – ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პოლიტიკურ კულუარებში ვცადეთ, ლოგიკურ ჯაჭვს გავყევით და რამდენიმე, უფრო სწორად, 3 რეალურ კანდიდატზე გავედით.

საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, ექსნაციონალი ირაკლი შიხიაშვილი არათუ ამ პოსტზე მოიაზრება, არამედ საერთოდ პარტიულ სიაშიც აღარ არის. თვეების წინ ამბობდნენ, თითქოს, საკრებულოს თავკაცის პოსტს პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის შვილი, გიორგი ტყემალაძე დაიკავებდა. ტყემალაძე "ოცნებამ" პარტიული სიის ათეულში კი მოახვედრა, მაგრამ ამ პოსტზე აღარ აირჩევს. შესაბამისად, ისიც "გადახაზულია". ერთადერთი, ვინც საკრებულოში უზურგოდ, უფულოდ და უპარტიოდ შევიდა, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილია. მან საბურთალოს სამიდან ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ოცნება-ნაციონალებს გადაუსწრო და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. სწორედ ელისაშვილია საკრებულოს თავმჯდომარების სამი რეალური კანდიდატიდან ერთ-ერთიც. თუმცა საქმე ისაა, რომ თავმჯდომარეს უკვე არა ხალხი, არამედ საკრებულოს უმრავლესობა აირჩევს. თეორიულად, ელისაშვილს შანსი იმ შემთხვევაში აქვს, თუ მის კანდიდატურას მხარს, ხელისუფლების ჯინაზე, მთელი ნაციონალური მოძრაობა, ყველა სხვა გასული პარტიისა და თავად ოცნების წევრთა რაღაც რაოდენობა დაუჭერს, მგარამ ეს მაინც ნაკლებსავარაუდოა. საკრებულოს უმრავლესობას ხომ სწორედ "ოცნება" წარმოადგენს, რომელსაც ორი ძირითადი კანდიდატი ჰყავს – გიორგი მუსხელიშვილი და ირაკლი ფავლენიშვილი. გიორგი მუსხელიშვილის კანდიდატურაზე საუბარი ისედაც დიდი ხანია მიდის. პოლიტიკურ კულუარებში არასოდეს გამორიცხავდნენ, რომ ირაკლი ალასანიას პარტიის ეს საკმაოდ აქტიური წარმომადგენელი, საკრებულოს არჩევნების დასრულების შემდეგ, თავმჯდომარე გახდება. მუსხელიშვილი თბილისის საკრებულოში "ოცნების" ფრაქციის ლიდერი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური დეპუტატიც იყო. წინასაარჩევნოდ, მუსხელიშვილი კოალიციამ ვაკის ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქის კანდიდატად დაასახელა, სადაც, ცხადია, გაამარჯვებინა კიდეც. თუმცა აქ საკითხავია, რამდენად დაუჭერენ მხარს ალასანიასპარტიელ მუსხელიშვილს კოალიციაში შემავალი "ოცნებელები", რესპუბლიკელები და სხვები.

ყველაზე რეალური კანდიდატი, რომლის შესახებ "ვერსია" ინფორმაციის მოპოვებას თავად მმართველი პარტიის კულუარებში ცდილობდა, ირაკლი ფავლენიშვილია. გარდა იმისა, რომ იგი კოალიცია "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომერი გახლდათ და რაღა თქმა უნდა, საკრებულოშიც შევიდა, ფავლენიშვილი უშუალოდ პარტია "ქართული ოცნების" წევრია. თანაც, როგორც წესი, სიის პირველი ნომერი საკრებულოს თავმჯდომარეობასთან სხვებზე ერთი ნაბიჯით ახლოსაა. მის კანდიდატურაზე "ოცნების" ლიდერები საჯაროდ არაფერს ამბობენ, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, დღეს საკრებულოს თავმჯდომარეობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ირაკლი ფავლენიშვილი 2003 წლიდან დღემდე რეზიდენტურის პროგრამის - "ნეონატოლოგია" დირექტორატის წევრია. პროფესიული საქმიანობის მანძილზე მომზადებული აქვს 250 პუბლიკაცია, მათ შორის ოთხი სახელმძღვანელო. 1989 წელს მან ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის დიპლომი და მედალი მიიღო, 1993 წელს - სოდერბერგის ფონდის პრემია. ამავე წელს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა, ხოლო 1994 წელს, ჰოსპიტალური ინფექციის საერთაშორისო საზოგადოების პრემიაც დაიმსახურა. სხვადასხვა დროს, იგი დაჯილდოვებულია ლუიზიანას შტატის სამედიცინო საზოგადოების დიპლომითა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ვერცხლის მედლით. მოკლედ, ბატონი ირაკლი დამსახურებული ექიმია და ეგეც რომ არ იყოს, უშუალოდ "ქართული ოცნების" წევრია. ლოგიკურად, ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებსა" და სხვა ნებისმიერი პარტიის კანდიდატზე მეტი მხარდაჭერაც სწორედ ირაკლი ფავლენიშვილმა უნდა მიიღოს საკრებულოს უმრავლესობიდან.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის თვითმმართველი ორგანოს შემადგენლობას - იგი 50 წევრისგან შედგება. ნახევარს თბილსიის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული კანდიდატები, მეორე ნახევარს კი გამარჯვებული პარტიების პარტიული სიის წევრები დააკომპლექტებენ. ორივე ნახევარში დამაჯერებლად ლიდერობს მმართველი პარტია, რომელმაც ერთის გარდა, თბილისში ყველა მაჟორიტარი გაიყვანა. სამაგიეროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა უკეთესი შედეგი პარტიული რეიტინგებით აჩვენეს. მაშ ასე – თბილისის საკრებულოს დააკომპლექტებენ შემდეგი პარტიები: "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია", რომელსაც 10,25% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 26,13%-ით, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 3,41%-ით, კოალიცია "ქართული ოცნება" - 45,98%-ით და "დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 6,37%-ით. რაც შეეხება თბილისის რაიონების მაჟორიტარებს ანუ იმ ხალხს, ვინც მოსახლეობამ პიროვნულად აირჩია: მთაწმინდაზე ჯაბა ჯიშკარიანი გავიდა, ვაკეში გიორგი მუსხელიშვილმა და გოჩა ბაბუნაშვილმა გაიმარჯვეს, საბურთალოზე – შორენა ბუხრაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა, კრწანისში - ბექა ნაცვლიშვილმა, ისანში - ილია ჯიშკარიანმა, ზურაბ ნეფარიძემ და ირაკლი აბუსერიძემ მოიგეს არჩევნები, სამგორში - ია მაკასარაშვილმა, ლევან დარახველიძემ, გულო ზუმბაძემ და ლია ჯახველაძემ, ჩუღურეთში - რამინა ბერაძემ, დიდუბეში ვლადიმერ ძნელაძემ და თამარ შურღაიამ გაიმარჯვეს, ნაძალადევში - დავით ჭელიძემ, გივი გოგლიძემ, ზურაბ კოლელიშვილმა და ჯაბა სამუშიამ, ხოლო გლდანის მაჟორიტარები კობა კობალაძე, ნინო გოგუაძე, მურთაზ შელია და ქეთევან ჯოხაძე გახდნენ. თბილისის საკრებულოს მიღმა დარჩა არასაპარლამენტო ოპოზიცია ანუ კახა კუკავასა და ფიქრია ჩიხრაძის გაერთიანება, ასევე გელა-მიხეილ სალუაშვილი, "მწვანეების" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, "სამართლიანი საქართველოს" ლიდერი სერგო ჯავახაძე პაატა დავითაიასთნ დუეტში, სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზა" და წვრილ-წვრილი პარტიები 0%-იანი მხარდაჭერით.

რაც შეეხება საკრებულოს უმრავლესობის პარტიულ სიას. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" თავისი მაჟორიტარები სიაში ჩასვა და ამგვარად დააზღვია, ოლქებში წაგების შემთხვევაში, საკრებულოში მაინც შესულიყვნენ, თუმცა დაზღვევა ერთის გარდა, სხვა კანდიდატს არ დასჭირვებია, შესაბამისად, მაჟორიტარებად გასული კანდიდატები ჩაიჩოჩებენ და პარტიულ სიაში ადგილს შემდეგი პირები დაიკავებენ: ირაკლი ფავლენიშვილი ("ქართული ოცნება"), გიორგი ტყემალაძე (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს), ნუგზარ მალაღურაძე ("ქართული ოცნება"), თევდორე კობახიძე ("ქართული ოცნება"), ირაკლი გვილავა ("ქართული ოცნება"), ავთანდილ დავითაძე (ეროვნული ფორუმი), თამარ ტალიაშვილი ("ქართული ოცნება"), ხათუნა სამნიძე (რესპუბლიკური პარტია), მალხაზ მჭედლიშვილი ("ქართული ოცნება"), რატი იონათამიშვილი ("ქართული ოცნება"), ბესიკ ქარცივაძე ("ქართული ოცნება"), გიორგი ახვლედიანი (თავისუფალი დემოკრატები), ნიკოლოზ დერიუგინი ("ქართული ოცნება"), კახა ჩაკვეტაძე (ეროვნული ფორუმი), ლაშა სამხარაძე ("ქართული ოცნება"), დავით სოსელია (ეროვნული ფორუმი), ირმა ზავრადაშვილი ("ქართული ოცნება"), ნინელი ფუტკარაძე (თავისუფალი დემოკრატები) და ნელი კობიაშვილი ("ქართული ოცნება").

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა