სიზიფე - კორინთოს მეფე, რომელსაც მთაზე ქვის ატანა ჰქონდა მისჯილი მთელი ცხოვრების განმავლობაში. შუა გზიდან მას ქვა უგორდებოდა და ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდა.
“რეალი” - სამეფო კლუბი, რომელიც ქვის არა, მაგრამ ბურთის გორებით ცდილობს მიზნის მიღწევას (ჩემპიონთა ლიგის მოგებას), მაგრამ ბოლო 6 წელია 1/8 ფინალში ეთიშება ასპარეზობას და ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს.
მადრიდული კლუბისთვის ლიგის 1/8 ფინალი კიდევ ერთხელ იქცა გადაულახავ ბარიერად. ამჯერად “რეალი” იმ “ლიონს” ვერ გასცდა, რომლისთვისაც უკვე გამართულ 6 მატჩში მოგებული არ აქვს.
გუშინდელი მატჩის დასაწყისი და მთლიანობაში პირველი ტაიმი მადრიდული კლუბის ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევდა. გოლის გატანის შანსი “რეალს” პირველივე წუთზე მიეცა, მაგრამ კაკას ლორისმა აჯობა. სამაგიეროდ ფრანგების მეკარემ გუნდი ვეღარ იხსნა მე-6 წუთზე. გუტის კარგი გადაცემის შემდეგ, რონალდუ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მიუხედავად მახვილი კუთხისა, ლორისისთვის ბურთის ფეხებშუა გაძვრენით ანგარიში გახსნა - 1:0. 25-ე წუთზე მასპინძლებს უპირატესობის გაზრდის შესანიშნავი შანსი მიეცათ, როდესაც იგუაინი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მოატყუა კიდეც იგი, მაგრამ ბურთი სრულიად ცარიელი კარის ძელს გაარტყა. მალევე არგენტინელის დარტყმული კარგი რეაქციით ლორისმა მოიგერია.
პირველი ტაიმისგან განსხვავებული სურათი ვიხილეთ შესვენების შემდეგ. “ლიონი” გაცილებით უკეთ ათამაშდა და ნელ-ნელა მოედნის ცენტრსაც დაეპატრონა. სტუმართა უპირატესობამ შედეგი 75-ე წუთზე გამოიღო, როდესაც კალსტრომის, დელგადოს, ლისანდროს და პიანიჩის კომბინაცია ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან შედეგიანი დარტყმით დაასრულა - 1:1. ამ გოლმა “რეალი” ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მადრიდელებს 15 წუთში 2 გოლის გატანა სჭირდებოდათ. მაგრამ გოლის გატანის საფრთხე დარჩენილ წუთებში “ლიონის” კი არა, “რეალის” კართან იყო. 90-ე და 92-ე წუთებზე კასილიასთან პირისპირ ლისანდრო და დელგადო გავიდნენ, მაგრამ ორივე მათგანს მიზანმა უმტყუნა.
მართალია “რეალმა” მარცხს თავი აარიდა, მაგრამ ეს ნანატრ 1/4 ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. მადრიდულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საკუთარ მოედანზე ჩატარების შანსი გაუშვა ხელიდან.
სხვაგვარად განვითარდა მოვლენები მეორე მატჩში, სადაც პირველი თუ არა, მე-2 ტაიმის დასაწყისში უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. მილანში გამართული შეხვედრის მსგავსად, მთავარი მოქმედი პირი “ოლდ ტრაფორდზეც” რუნი იყო. შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფორვარდმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, როდესაც ნევილის ფლანგურ გადაცემას თავი წარმატებით დაუხვედრა. მე-2 ტაიმი რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როდესაც რუნიმ უკვე ნანის კარგი გადაცემის შემდეგ დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე და ანგარიში 2:0 გახდა. 59-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში პარკი შეიჭრა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. წერტილი 88-ე წუთზე ფლეტჩერმა დასვა, რომელმაც რაფაელის ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით აქცია გოლად.
“მანჩესტერმა” ორრაუნდიან ორთაბრძოლაში ისტორიაში პირველად დასძლია “მილანის” ბარიერი, იტალიური კლუბი კი შინ შერცხვენილი დაბრუნდა.
მანჩესტერი-მილანი 4-0 (1-0)
მანჩესტერი: ვან დერ სარი, ნევილი (რაფაელი 66), ევრა, ვიდიჩი, ფერდინანდი, ნანი, ვალენსია, ფლეტჩერი, სქოულზი (გიბსონი 73), პარკი, რუნი (ბერბატოვი 66).
მილანი: აბიატი, იანკულოვსკი, აბატე (ბექჰემი 64), ბონერა (ზეედორფი 46), ტიაგო სილვა, ამბროზინი, ფლამინი, პირლო, რონალდინიო, ჰუნტელაარი, ბორიელო (ინძაგი 69).
გოლი: 1-0 2-0 რუნი (13, 46), 3-0 პარკი (59), 4-0 ფლეტჩერი (88).
გაფრთხილება: სქოულზი (68), რონალდინიო (71),ფლამინი (85).
დაწყება: მანჩესტერი, I აუტი: მილანი, I კუთხური: მანჩესტერი, კ-ში დარტყმა: (5-5), კ-კენ დარტყმა: (7-2), ჯარიმა: (15-13), კუთხური: (5-5), ყვითელი: (1-2), ბურთის ფლობა: (43%-57%).
რეალი-ლიონი 1-1 (1-0)
რეალი: კასილიასი, სერხიო რამოსი, არბელოა (დიარა 84), გარაი, ალბიოლი, ლ. დიარა, გუტი, გრანერო (ვან დერ ვაარტი 62), რონალდუ, კაკა (რაული 78), იგუაინი.
ლიონი: ლორისი, სისოხო, რევეილერი, კრისი, ბუმსონგი (კალსტრომი 46), ტულ-ალანი, პიანიჩი (ედერსონი 84), მაკოუნი (გონალონსი 46), გოვუ, დელგადო, ლისანდრო.
გოლი: 1-0 რონალდუ (6), 1-1 პიანიჩი (75).
გაფრთხილება: კრისი (26), გრანერო (38), დელგადო (67), ვან დერ ვაარტი (88).
დაწყება: ლიონი, I აუტი: რეალი, I კუთხური: რეალი, კ-ში დარტყმა: (6-3), კ-კენ დარტყმა: (7-5), ჯარიმა: (11-13), კუთხური: (9-2), ყვითელი: (2-2), ბურთის ფლობა: (63%-37%).
”მსოფლიო სპორტი”
11:21 / 11-03-2010
"რეალის" "სიზიფეს შრომა" გრძელდება






















