დღეს მოქმედი წარმატებით მოთამაშე ქართველი მოჭადრაკე ქალებიდან, მაია ჩიბურდანიძის შემდეგ, ნინო ხურციძე ყველაზე გამოცდილი სპორტსმენია.
იგი ერთადერთი მანდილოსანია, რომელმაც საქართველოს ვაჟთა პირველობა მოიგო (1999 წელს). არის საქართველოს 5-გზის ჩემპიონი ქალთა შორის. მოგებული აქვს მსოფლიოს ასაკობრივი და 20-წლამდელთა პირველობა. მოპოვებული აქვს საჭადრაკო ოლიმპიადის მცირე ოქროს, დიდი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.
საკლუბო დონეზე საქართველოს, იუგოსლავიისა და სომხეთის სახელით მოგებული აქვს ევროპის პირველობა. შარშან, ევროპის გუნდურ ჩემპიონატში, საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი მოიგო. ანალოგიური სინჯის მედალი ერგო საქართველოს 2009 წლის პირველობაზე. რაც შეეხება 2010 წლის პირველობას, ხურციძე დიდხანს ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს მაინც მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.
ამჟამად, იგი რიეკაში (ხორვატია) იმყოფება და ევროპის პირველობაზე თამაშობს.
გთავაზობთ ინტერვიუს ნინო ხურციძესთან, რომელიც მოჭადრაკისგან ხორვატიაში გამგზავრებამდე ავიღეთ.
- ქუთაისში ჩატარებულ საქართველოს 2010 წლის პირველობაზე ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი დარჩით?
- ოქროს მედლის მოპოვებაც შემეძლო, მაგრამ მე-2 ადგილზე გავედი. არც ვიცე-ჩემპიონობაა ურიგო და შედეგით, მაინც კმაყოფილი ვარ.
- თუ ოქროს მედლის მოპოვებაც შეგეძლოთ, ხელი რამ შეგიშალათ?
- თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ვლიდერობდი. ბოლოს ისე გადავიღალე, რომ დასკვნით ტურში, სადაც ჩემპიონის ბედი წყდებოდა, მერი არაბიძესთან ბევრად უკეთესი პოზიცია ვერ გამოვიყენე და საბოლოოდ, ყაიმით დავკმაყოფილდი. რაც შეეხება მომავალ ჩემპიონ სალომე მელიას, მან შეძლო გამარჯვების მოპოვება და პირველ ადგილზე გავიდა.
- რა იყო თქვენი გადაღლის მიზეზი, ფიზიკურად ცუდად მოემზადეთ?
- შეგახსენებთ, რომ წლევანდელი პირველობა ახალი სისტემით ჩატარდა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სპორტსმენებს 30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება არ შეეძლოთ. ასეთ პირველობაში, მინიმუმ ორი დღე უნდა დაგვესვენა, მაგრამ მხოლოდ ერთი დღე დაგვასვენეს და ამიტომ გადავიღალე. სხვა მხრივ, ჩემპიონატი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ქუთათურებმა შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწიეს.
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, 30 სვლამდე ყაიმი იმიტომ აკრძალა, რომ ჩემპიონატში წინასწარ შეთანხმებულ ყაიმებს ბრძოლა გამოუცხადა და შეეცადა, ასპარეზობა უფრო დაძაბული ყოფილიყო.
- ქალთა პირველობაზე ამ ცვლილების შეტანა არ იყო საჭირო, რადგან ქალები ვაჟებზე უფრო აგრესიულები არიან და ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. ჩემი აზრით, ქალთა ტურნირებში ამ ცვლილებამ არ გაამართლა.
- 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, თქვენ დიდ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ. თქვენი აზრით, თქვენზე გაცემული პროგნოზები გაამართლეთ?
- მართალია, წარმატებები მქონდა, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა შემეძლო, მაგრამ ვიზარმაცე და გულშემატკივართა იმედი ბოლომდე ვერ გავამართლე.
- ხომ არ ნანობთ, არჩევანი ჭადრაკზე რომ შეაჩერეთ?
- რა თქმა უნდა, არა.
- რა მოგცათ ჭადრაკმა?
- გარდა იმისა, რომ ჭადრაკის დახმარებით მსოფლიოს უამრავი ქვეყანა ვნახე, იგი გაჩვევს დისციპლინას და გაძლევს ლოგიკური ფიქრისა და აზროვნების უნარს.
- თავისუფალ დროს რას საქმიანობთ?
- მიყვარს კითხვა და მეგობრებთან ერთად ყოფნა.
- რა ჟანრის ლიტერატურას ანიჭებთ უპირატესობას?
- სიამოვნებით ვკითხულობ ისტორიულ ნაწარმოებებს.
- და ბოლოს, ევროპის პირველობაზე რა მიზნები გაქვთ დასახული?
- მაქსიმუმ, პირველ სამეულში და მინიმუმ, 22 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვედრა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს იძლევა.
”მსოფლიო სპორტი”
10:01 / 11-03-2010
ნინო ხურციძე: ”ქალთა ჭადრაკში წესების ცვლილების მომხრე არ ვარ”






















