ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების გუშინდელი საპასუხო მატჩები უხვგოლიანი გამოდგა. მართალია, გუშინ გამართულ ორივე შეხვედრაში 5-5 გოლი გავიდა, მაგრამ მათი მიმდინარეობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
შემდეგ ეტაპზე რთულ ბრძოლაში გავიდა მიუნხენის "ბაიერნი", მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ გერმანელებს სუსტი დაცვის გამო 1/4-ფინალში პრობლემები შეექმნებათ. ამის თქმის საფუძველს ფლორენციაში გამართული შეხვედრა იძლევა. "ფიორენტინას" ფეხბურთელების მიერ გატანილი სამივე გოლი სტუმართა მცველების შეცდომის წყალობით გავიდა. პირველ მათგანში თავისი, არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის ბუტს, რომელმაც მარკიონის შორეული დარტყმულის შემდეგ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ვარგასს დამატებაზე გატანის საშუალება მისცა. ამ ეპიზოდში ვარგასმა მასზე გაცილებით უკეთეს პოზიციაში მყოფ ვან ბუიტენს აჯობა.
50-ე წუთზე, მიუნხენელთა მცველების მორიგი სერიოზული შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ჯილარდინო დარჩა, მაგრამ ბუტს ვერ აჯობა. თუმცა 4 წუთში სტუმრები ვეღარაფერმა იხსნა. მარკიონის ფლანგური გადაცემის შემდეგ ჯილარდინომ ქუსლით იოვეტიჩს უპასა, ხოლო მეტოქის საჯარიმოში მცველებისგან მარტოდმარტო დატოვებულმა ჩერნოგორიელმა ფეხბურთელმა ანგარიში 2:0 გახადა. მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარკიონის გადაცემის დროს ჯილარდინო თამაშგარეში იმყოფებოდა.
პირველ მატჩში ნორვეგიელი არბიტრის ევრებოს მიერ მიყენებული ზარალი "ფიორენტინას" მეორეში უნდიანო მალიენკომ აუნაზღაურა. ამ გოლიდან 5 წუთში სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. 2 მატჩის ჯამში საყაიმო შედეგი ვან ბომელმა დააფიქსირა შორეული დარტყმით. 62-ე წუთზე მასპინძლები კვლავ 2 ბურთით იყვნენ წინ. ჯილარდინოს გადაცემის შემდეგ იოვეტიჩმა მას გაცილებით ძლიერ ვან ბუიტენს როგორც ფიზიკური, ასევე პოზიციური ბრძოლა მოუგო და ახლო მანძილიდან დარტყმით დუბლი გაიფორმა. მაგრამ მატჩის მშვენებად იქცა 2 წუთში რობენის მიერ შორეული დარტყმით გატანილი შესანიშნავი გოლი. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თანამემაულე ვან ბომელს მხარი აუბა და ფაქტიურად დაცვის გარეშე მოთამაშე "ბაიერნი" 1/4-ფინალში გაიყვანა.
მოსალოდნელზე იოლად მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური ლონდონის "არსენალმა". არსენ ვენგერის გუნდმა "პორტუს" უმასპინძლა და ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაზე ზრუნვა პირველივე წუთებიდან დაიწყო. ინგლისელთა მცდელობამ შედეგი მე-10 წუთზე გამოიღო, როდესაც ელტონის წინ შეცდომით გამოსვლით ბენდტნერმა ისარგებლა, მეტოქის მცველებს ბურთზე თამაში დაასწრო გოლი ცარიელ კარში გაიტანა. დანიელმა ფეხბურთელმა 15 წუთში დუბლი გაიფორმა მას შემდეგ, რაც არშავინის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბურთი კვლავ ცარიელ კარში შეაგორა. 63-ე წუთზე ნასრიმ მეტოქის საჯარიმოში 3 მცველი იოლად მოატყუა და ეფექტური გოლით ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. 3 წუთში თავისი გოლი ებუემაც გაიტანა, გამოიყენა რა არშავინის კარგი გადაცემა. შეხვედრას წერტილი პირველ დამატებულ წუთზე ბენდტნერმა დაუსვა, რომელმაც თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულებით გაიფორმა ჰეთ-თრიკი.
მიშა ზაქარეიშვილი
"მსოფლიო სპორტი"
18:55 / 10-03-2010
მეოთხედფინალში დაცვის გარეშე






















