6-14 მარტს ნორვეგიის ქალაქი მერაკერი პნევმატური პისტოლეტიდან ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირში ევროპის უძლიერესი ტყვიის მსროლელები მიიღებენ მონაწილეობას, საქართველოდან კი მერაკერში ორი სპორტსმენი გაისვრის – ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე.
სალუქვაძე ევროპის ჩემპიონატებზე 1982 წლიდან მონაწილეობს და პირად-გუნდურ ტურნირებში 12 გამარჯვება აქვს მოპოვებული. ბოლო ორი წელია, ნინო ევროპირველობას მეორე ადგილზე ასრულებს. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი მერაკერში 12 მარტს გაისვრის, 13-ში გავა სტარტზე ლევან ქადაგიძე, ხოლო 14-ში გუნდი თბილისში დაბრუნდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებ-გვერდის ცნობით, ნორვეგიაში გამგზავრებამდე, სალუქვაძემ და ქადაგიძემ 10 დღიანი შეკრება ერევნის ტყვიის სროლის ბაზაზე გაიარეს, 5-6 მარტს კი ძალები საქართველოს ჩემპიონატში მოსინჯეს.
საქართველოს ჩემპიონატი ნინო სალუქვაძის ტირში ჩატარდა და მისმა მფლობელმა ტურნირი მეოცედ მოიგო, რის გამოც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების – გია გალდავასა და ირაკლი სამყურაშვილისგან საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის პრიზით დაჯილდოვდა.
საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში
კაცები
1. ლევან ქადაგიძე 572 ქულა
2. გიორგი ბურჭულაძე 560
3. გია სვანიძე 552
ბიჭები
1. შოთა გირგვლიანი 554
2. გიორგი ბერიშვილი 552
3. გიორგი წაწალაშვილი 550
ქალები
1. ნინო სალუქვაძე 383
2. ნინო უჩძე 374
3. თამილა ასათიანი 370
”მსოფლიო სპორტი”
10:24 / 09-03-2010
სალუქვაძე და ქადაგიძე ევროპის ჩემპიონატზე გაისვრიან






















