- გუგა, რა მანქანა გყავს?
- "მერსედესი clk". ორი წელიწადია, შევიძინე. უფრო სწორად, ოჯახის წევრებმა მაჩუქეს, როდესაც მიხვდნენ, რომ მანქანას კარგად ვმართავდი.
- მართვა ვინ გასწავლა?
- თავდაპირველად მამაჩემი მასწავლიდა, მერე - ძმა. და, სხვათა შორის, გამოცდა ძალიან იოლად ჩავაბარე.
- ფრთხილი მძღოლი ხარ?
- ძალიან ფრთხილი, თუმცა სისწრაფე ისე მიყვარს, რომ ქალაქშიც ძალიან სწრაფად ვმოძრაობ.
- სისწრაფე თუ გიყვარს, ალბათ, ავტორბოლებსაც ადევნებ თვალყურს.
- არა, ამისათვის ვერ ვიცლი. ისე, თუ შემომთავაზეს, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. ექსტრემული სიტუაციები ძალიან მხიბლავს.
- ალბათ, პატრული ხშირად გაჩერებთ...
- ასეა, თუმცა ბოლო დროს მწყალობენ, რამდენი ხანია, ჯარიმაც კი არ გამოუწერია არავის.
- "სითი პარკის" ბარათებზე რას იტყვი, კმაყოფილი ხარ ამ პროექტით?
- საქართველოში ახლახან დავბრუნდი, არც კი ვიცოდი, ასეთი რამ თუ არსებობდა და ვერ ვხვდებოდი, რატომ არ მაჩერებინებდნენ ავტომობილს სადგომზე...
- ავტომობილს მეგობარს თუ ათხოვებ?
- მირჩევნია, არ ვათხოვო, თუმცა ზოგჯერ უარის თქმაც მიჭირს... მაგრამ ვიდრე მომიყვანენ, ვნერვიულობ.
- ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?
- (იცინის) გამოუცდელი მძღოლივით მომდის ხოლმე. ერთხელ რუსთაველზე მოვდიოდი, გვერდით მეგობარმა დამისიგნალა, გავხედე და იმწამსვე მივაჯექი ცხვირით ჩემ წინ მოძრავ ავტომობილს, რომელშიც ორსული ქალი იჯდა. ღვთის წყალობით, მხოლოდ ჩემი ავტომობილი დაზიანდა.
- რომელია შენი საოცნებო მანქანა?
- ჩემი კი არა, ალბათ, ყველას ოცნებაა "მერსედეს სლრ", რომელიც ნახევარი მილიონი ღირს. ჯიპი მაინცდამაინც არ მხიბლავს... სპორტული ავტომობილი ყველაზე უკეთესია.
სოფო ყარალაშვილი
”ყველა სიახლე”






















