საქართველოში ხანძრების შედეგად ბოლო პერიოდში 430 ჰექტრამდე ტყის მასივი განადგურდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოდან აცნობეს, ტურისტული სეზონის აქტივობის პერიოდში, საქართველოში ჯამში 430 ჰექტრმდე ტყის მასივი განადგურდა. კერძოდ, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე - 20 ჰა, აწყურის სატყეო უბანზე - 300 ჰა, დაბა სურამში - 10 ჰა, რაჭისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში - 20-20 ჰა, ხოლო ყვარლის სატყეო უბანზე - 50 ჰა ტყის მასივი.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი კერები მთელი საქართველოს მასშტაბით ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილებზე სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ. გამოიყენეს საჰაერო ტექნიკა. ხანძრებს ადგილობრივი მოსახლეობა და 500-მდე ჯარისკაციც ებრძოდა.
სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე მოსახლეობას მეტი გულისხმიერებისკენ მოუწოდებს. ტყის მასივში ხანძრის დაუდევრობით გაჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ტყეებში მომხდარი ხანძრების შესახებ დღეს პაპუნა ხაჩიძე სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას სტატისტიკას გააცნობს.
"ინტერპრესნიუსი"
11:41 / 08-09-2010
საქართველოში ხანძრების შედეგად სულ 430 ჰექტრამდე ტყის მასივი განადგურდა






















