იმერეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. წინასწარი ინფორმაციით, რეგიონს კოკისპირული წვიმების გამო მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა.
ადიდებულმა მდინარეებმა რიონმა, ცხენისწყალმა და ყვირილამ პრობლემები თერჯოლას, ვანს, ხონსა და წყალტუბოს შეუქმნა.
ყველაზე მეტად თერჯოლის რაიონი დაზარალდა, სადაც სოფელ სიმონეთთან მდინარემ ხიდი წაიღო. ხიდის მშენებლობა 800 000 ლარამდე დაჯდება.
ხონის რაიონში მდინარე ცხენისწყალმა სოფელ ლეხაინდრაოს დამაკავშირებელ ხიდთან 60 მეტრი გზა წაიღო.
მდინარეს გასულ წელს სწორედ ამ ნაწილში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაუტარდა. თურქული კომპანიის მიერ დამბა გაკეთდა, თუმცა ადიდებული მდინარის ძალას დამბამ ვერ გაუძლო.
მდინარემ, ასევე, დატბორა წყალსაცავი, საიდანაც ხონის რაიონის მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება; ასევე - კარიერის გადამამუშავებელი მინი-ქარხანა, სადაც ღია წესით ინერტული მასალის ამოღება ხდებოდა.
უმნიშვნელო ზიანი მიადგა სასოფლო გზებს, სადაც რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ზარალის დამთვლელმა კომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა რაიონების მიხედვით. ამ დროისთვის იმერეთში აღარ წვიმს.
წყალდიდობის შედეგებს ითვლიან ცაგერის რაიონშიც. ზარალის ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა დავით გაგოშიძემ განუცხადა.
“ვაგრძელებთ სოფლების შემოვლას და ზარალის შესწავლას. უკვე დავასრულეთ მუშაობა სოფელ ორბელში, იმ 5 ოჯახში, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. სახლებთან ერთად ასევე შესასწავლია გზების, ნაპირსამაგრი კონსტრუქციების მდგომარეობა", - განაცხადა გაგოშიძემ, რომელიც ამ წუთებში ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში სპეციალისტებთან ერთად იმყოფება.
მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ რაიონში უკვე გაემგზავრნენ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მათ შორის, მინისტრის მოადგილე. მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე აღდგენილია ლაჯანის ხიდი და ამჟამად ხიდზე მოძრაობა გახსნილია.
ცაგერის რაიონის სოფელ ორბელიდან მეწყერსაშიში ზონიდან ხუთი ოჯახის გასახლება იგეგმება, რადგან მეწყერის შედეგად ჩაწყვეტილია ალპანა-ცაგერის გზის მონაკვეთი და ეს ოჯახები მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფებიან. სოფელ ლაჯანაში კი ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა 14 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა. ცაგერის რაიონში სამი დღეა, გადაუღებლად წვიმს, რამაც მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
"ინტერპრესნიუსი"
17:11 / 11-03-2010
იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან






















