როგორც “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, დავით გაგოშიძემ განუცხადა მეწყერსაშიში ზონიდან ხუთ ოჯახს გაასახლებენ. წვიმების გაგრძელების შემთხვევაში, საფრთხე ელოდება სოფელში მცხოვრებ კიდევ რვა ოჯახს.
გარდა ამისა, მდინარე ლაჯანურმა ცაგერში 30 ოჯახი დატბორა. წყალში მოყვა ათობით პირუტყვი და სახნავ–სავარგულები.
მეწყერმა დააზიანა ცაგერი–ამბროლაურის ავტომაგისტრალიც. ჩაწყვეტილია ალპანა-ცაგერის გზის მონაკვეთი და ხუთი ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფება.
სოფელ ლაჯანაში ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა 14 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა. 14-მა ოჯახმა ღამე ნათესავებთან გაატარა.
გაგოშიძის თქმით, წუხანდელი სამუშაოების შემდეგ მდინარეს კალაპოტი მიეცა და მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.ცაგერის რაიონში სამი დღეა, გადაუღებლად წვიმს, რამაც მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სტიქია ხონის რაიონშიც მძვინვარებს. მდინარე ცხენისწყალმა სოფელ ლეხაინდრაოს დამაკავშირებელ ხიდთან 60 მეტრი გზა წაიღო.
მდინარეს გასულ წელს სწორედ ამ ნაწილში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაუტარდა. თურქული კომპანიის მიერ დამბა გაკეთდა, თუმცა ადიდებული მდინარის ძალას დამბამ ვერ გაუძლო.
მდინარემ, ასევე, დატბორა წყალსაცავი, საიდანაც ხონის რაიონის მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება; ასევე - კარიერის გადამამუშავებელი მინიქარხანა, სადაც ღია წესით ინერტული მასალის ამოღება ხდებოდა.
წყალდიდობამ პრობლემები შექმნა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთშიც, სადაც წვიმების შედეგად წარმოქმნილი ლაფის გამო გადაადგილება გართულებულია.
ამბროლაურის რაიონში სტიქიით მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა. “ამბროლაურის რაიონში მდინარე რიონი რამდენიმე ადგილზე გადმოვიდა კალაპოტიდან, თუმცა, ამის შედეგად მოსახლეობა არ დაზარალებულა და სირთულეებს საკუთარი ძალებით გავუმკლავდით", - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა დავით გაგოშიძემ.
პრეზიდენტის რწმუნებული საგანგებო კომისიასთან ერთად ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში იმყოფება და 5 ადგილობრივი ოჯახის გასახლების საკითხებს სწავლობს. შესაბამისი დასკვნები მთავრობას გადაეგზავნება, რომელიც გადაწყვეტს, სად და როდის გაასახლებენ ამ ოჯახებს.
"ინტერპრესნიუსი"






















