ჩილეში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს მიაღწია, - ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იუწყება.
დაზარალებულთა რაოდენობა კი, ქვეყნის პრეზიდენტ მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, თითქმის მილიონია. "სტიქიამ ჩვენს ქვეყანას მძიმე დარტყმა მიაყენა. ჩვენ ყველა გზას მივმართავთ, რომ ქვეყნის ძირითად ინფრასტრუქტურა აღვადგინოთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბევრ რაიონში დაზიანებულია ავტომაგისტრალები, ხიდები, ჩამოინგრა ან დაზიანდა შენობები. სანტიაგოს გარეუბანში ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
მიწისძვრა 27 თებერვალს, 06:34 საათზე დაიწყო. ეპიცენტრი ქვეყნის დედაქლაქ სანტიაგოდან 325 კილომეტრში და ქალაქ კონსეპსიონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 115 კილომეტრში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრემ 8,8 ბალი შეადგინა.
BBC- ინფორმაციით მე-20 საუკუნის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ჩილეში მოხდა. 1960 წელს 9,9 ბალიანმა ბიძგებმა ქალაქი ვალდივია დაანგრია, მაშინ სტიქიამ 1655 ადამიანი იმსხვერპლა.
"ინტერპრესნიუსი"
09:42 / 28-02-2010
ჩილეში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა






















