- თავის მოვლას დღეში დაახლოებით სამ საათს ვუთმობ, სამ შვილთან ერთად ეს ცოტა ძნელია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, მეტი დრო გამოვნახო საკუთარი თავისთვის.
- ზემოთ ხსენებულ სამ საათში რა პროცედურები შედის?
- სალონი, მასაჟი, ვარცხნილობა...
- ნინო, მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?
- არა, თუ რამე შეხვედრა, კასტინგი მაქვს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაშინ ვიღებები, რადგან ამას ჩემი პროფესია ითხოვს, ძირითადად ტონალურით, პუდრით, ჩრდილით, ტუშითა და შავი ფანქრით შემოვიფარგლები. ისე, სისტემატურად არ ვიკეთებ მაკიაჟს, რადგან კანს აზიანებს. არასოდეს დამიძინია მაკიაჟის მოუშორებლად, საერთოდ, ალერგიული კანი მაქვს და ამიტომ მყავს კოსმეტოლოგი, რომელიც სპეციალურად ჩემი კანისთვის სასარგებლო კრემებს მიმზადებს, თუმცა ცნობილი ბრენდების კრემებსაც მოვიხმარ.
- რაც შეეხება თმას, მას როგორ უვლი, როგორც ვიცი, არ იღებავ...
- ადრე შავად მქონდა შეღებილი, მაგრამ ახლა აღარ ვიღებავ და ჩემი ფერის თმას ვატარებ. მშობიარობის შემდეგ, ისევე როგორც ქალთა უმრავლესობას, მეც დამეწყო თმის ცვენა, ამიტომ ვიყენებ განსაკუთრებულ საშუალებებს, ჰომეოპათიური წესით ვამზადებ ბალახეულ წამალს, რომელსაც ყოველი დაბანის შემდეგ ვივლებ და ძალიან მიშველა. გარდა ამისა, ჩემი თავის დაბანის ბოლო ეტაპი არის ცივი წყლის გადავლება, კონტრასტული შხაპი ამაგრებს თმის ძირებს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.
- გადავიდეთ ჩაცმაზე, რა გაცვია ყოველდღიურად?
- ყოველთვის მიყვარს ფორმაში ყოფნა, მაგრამ უპირატესობას თავისუფალ, სპორტულ ტანსაცმელს ვანიჭებ, ასე იმ შემთხვევაში ვიცვამ, თუ ბავშვები მიმყავს სადმე, მაგრამ თუ საქმეზე, ან სააგენტოში მივდივარ, მაშინ კლასიკურად ვიმოსები.
- კაბა თუ შარვალი, რომელს უფრო ხშირად ხმარობ?
- შარვალი, ჯინსი მიყვარს ძალიან, რადგან მასში კომფორტულად ვგრძნობ თავს. ქვედაბოლოებსა და კაბებს ძირითადად წვეულებებზე ვიცვამ, თუმცა ქვედაბოლოს მაინც გრძელი კაბა მირჩევნია.
- როგორ ზედებს ანიჭებ უპირატესობას?
- მიყვარს ამოღებული ზედები, რადგან ეს მაღალ ყელს აჩენს, თუმცა როლინგებიც მიყვარს და მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.
- რომელი ფერი ჭარბობს შენს გარდერობში?
- ამჟამად ჩემს გარდერობში ჭარბობს თეთრი, კრემისფერი, ლურჯი, შავი და იასამნისფერი, დამჯდარი ტონები მიზიდავს.
- სამოსის ამოჩემება თუ იცი?
- კი, მაქვს ასეთი პერიოდები, მაგრამ საკუთარ თავს ვებრძვი, რომ აღარ ჩავიცვა ამოჩემებული შარვალი, ასევე მაქვს პერანგი, რომელსაც ძალიან ხშირად ვიცვამ.
- ფეხსაცმელს როგორს არჩევ - ქუსლიანს თუ დაბალძირიანს?
- მაქვს ყველანაირი ტიპის ფეხსაცმელი და საჭიროების მიხედვით ვიყენებ, მაგრამ მე მაღალ ქალზეც კი ყოველთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი მომწონს, ხშირად უთქვამთ, ამ სიმაღლე ხარ და კიდევ მაღლებს იცვამო?! მაგრამ მე ძალიან მომწონს. სხვას თუ აქვს პრობლემა, ეგ მისი საქმეა (იცინის). საერთოდ, ვფიქრობ, ქალი კარგად რომ გამოიყურებოდეს, მთავარია, მის გარდერობში იყოს კარგი ფეხსაცმელი, კარგი ჩანთა, კარგი ქამარი და კარგი სათვალე, ესენი თუ კარგად გაქვს შერჩეული, დანარჩენს რას ჩაიცვამ, მნიშვნელობა არ აქვს.
- ანუ აქსესუარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებ?
- კი, აქსესუარებიდან ძალიან მიყვარს სათვალე, ჩანთა, რომელიც უხვად მაქვს. ჩემი ძირითადი შემოსავალი სწორედ აქსესუარებში იხარჯება. ვცდილობ, ჩანთა და ფეხსაცმელი ყოველთვის ერთმანეთს შევუხამო.
- სამკაულებიდან ყველაზე მეტად რა გიყვარს?
- ჩემს სამკაულებს რომ გადახედოთ, ბეჭდები ჭარბობს, საყურე, სამაჯური, ყელსაბამიც მიყვარს, მაგრამ ბეჭდების დიდი კოლექცია მაქვს.
- მეუღლე თუ გიძღვნის სამკაულებს?
- კი, ხშირად, თითქმის სულ მისი შევსებულია ჩემი კოლექცია.
- სუნამოზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, როგორი სურნელი გიზიდავს?
- ტკბილი და მძიმე სუნი არ მიყვარს, ზაფხულში ცივი და ზამთარში - მოტკბო სურნელი მსიამოვნებს. ამჟამად ვიყენებ სტელა მაკარტნის, ესკადასა და ლანკომის სუნამოებს.
- გადავინაცვლოთ შოპინგზე, სად ყიდულობ სამოსს, საზღვარგარეთ თუ საქართველოში?
- შოპინგი ჩემი სუსტი წერტილია, ძალიან მიყვარს და ძირითადად საზღვარგარეთ დავდივარ საყიდლებზე. საქართველოში მაშინ ვყიდულობ რამეს, თუ აუცილებელია და მჭირდება.
- მეუღლე თუ დაგყვება?
- კი, ყოველთვის, რადგან თვითონაც უყვარს ეს პროცესი, ოღონდ მას ტექნიკის მაღაზიებში სიარული იზიდავს. ამიტომ შეთანხმებას ვდებთ, თუ მე გავყვები მას ზემოხსენებულ მაღაზიებში, მაშინ ისიც დამყვება მერე საშოპინგოდ. ვინაიდან მარტო სიარული არ მიყვარს, ვუძლებ ამ პროცესს, რათა შემდეგ ვატომაც ჩემთან ერთად იაროს.
- ყველაზე ძვირიანი რა არის შენს გარდერობში?
- "ესკადასა" და "ვერსაჩეს" კაბა, ერთში ორი ათასი, მეორეში კი ათას ექვსასი ევრო მაქვს გადახდილი.
- სამოსს სეზონურად ყიდულობ, თუ შეგიძლია, ზაფხულში პალტო ან ზამთარში მაისური იყიდო?
- არა, ძირითადად სეზონურად ვშოპინგობ.
- ყიდვისას არჩევანის გაკეთება ხომ არ გიჭირს?
- ზოგადად არა, მაგრამ თუ ვეჭვობ, მაშინ ვატოს ვიშველიებ.
- ანუ, ვატო წყვეტს საბოლოოდ, იყიდო თუ არა შერჩეული სამოსი?
- არჩევანის გაკეთებისას ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ, ამიტომ მის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს.
- საერთოდ, რამდენად ერევა შენს ჩაცმულობაში?
- ნაკლებად. უბრალოდ, ერთმანეთს აზრს ვეკითხებით იმის შესახებ, როგორ გამოვიყურებით.
- კარგი, თემა შევცვალოთ და გვითხარი, წონის პრობლემა თუ გაქვს?
- არა, არასდროს მქონია წონის პრობლემა, დიეტა არასდროს დამიცავს, ვჭამ ყველაფერს, როცა მინდა, ერთადერთი, რაც ალბათ მშველის, ის არის, რომ არ მიყვარს ტკბილეული, ქართულ, გემრიელ, ცხარე კერძებზე ვგიჟდები, ჩემი უსაყვარლესი საჭმელია ხინკალი, რომ არ ვჭამო, ალბათ გავგიჟდები (იცინის).
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)






















