ასე გამოაცხადეს "ერის მოღალატედ" ცოტნე გამსახურდია, "სიყვარულისთვის თავდადებულად" ლალი მოროშკინა და "ჭეშმარიტ მართლმადიდებლად" თეა თუთბერიძე. გარიგება ალბათ არ შედგა ნატა გულიაშვილთან, ვინაიდან ყოფილი "ამტანი" 400 ლარამდეც ვერ ავიდა. ნატა გადაცემის მესვეურებზე ნაწყენია.
- ნატა, რატომ მიხვედი ამ გადაცემაში?
- ძალიან აზარტული ადამიანი ვარ. იმდენად, რომ თავად გამოვთქვი ამ გადაცემაში მონაწილეობის სურვილი. ბევრი მაყურებელი ჰყავს, მომწონს. თუმცა სანამ გადაცემა ჩაიწერებოდა, ცოტა ვყოყმანობდი, წავსულიყავი თუ არა. სხვათა შორის, ეს გადაცემა დეკემბერში ჩაიწერა. ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა, რომელთანაც ურთიერთობა მაშინ ახალი დაწყებული მქონდა, მირჩია, უარი მეთქვა მსგავს შოუში მონაწილეობაზე. ახლა ვნანობ, რომ არ დავუჯერე. დრო ცოტა მქონდა, რომ ფსიქოლოგიურად მოვმზადებულიყავი.
- და მეორე ტურშიც ვერ გადახვედი...
- პირველად მოხდა ასეთი რამ, ძალიან გაოცებული და ნაწყენი ვარ. მით უმეტეს, რომ ადვილი კითხვები შემხვდა. დეტექტორზე დასმულ კითხვებშიც არაფერი იყო ისეთი, პასუხის გაცემა რომ გამჭირვებოდა.
- ჩააწყვე?
- (იცინის) არა, მართლა არ ჩამიწყვია. ალბათ მარტივი კითხვების გამო არ აწყობდათ გადაცემის გაგრძელება. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის იმ კითხვაში ჩაჭრა. მართლა არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ დიასახლისობით შეიძლება, ქალი წარმატებული იყოს. დიასახლისი ქალი ყოველთვის ოცნებობს დამატებით საქმეზე, რომელშიც გამოავლენს დამატებით ნიჭს, რაც მხოლოდ კულინარიით არ შემოიფარგლება.
- შენ კარგი კულინარი ხარ?
- საკმაოდ, გემრიელ საჭმელებს ვამზადებ, კომპოტებსაც და მურაბებსაც ზამთრისთვის, მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს იმაში, რომ წარმატებული ვიყო ჩემს საქმეში...
- რატომ ხარ ნაწყენი "სიმართლის დროზე"?
- აბსოლუტურად სხვა ნატა დახატეს. ჩემმა თითქმის ყველა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ეს მე არ ვიყავი. არ ვიცი, ეს რისი ბრალი იყო, დამიმონტაჟეს, თუ ბოლომდე რომ არაფერი მათქმევინეს იმის, მაგრამ მათ ძალიან ვულგარული, ყველაფერზე წამსვლელი, ამბიციური ნატა გულიაშვილი დახატეს.
სინამდვილეში კი სულ არ ვარ ასეთი. იქ იყო კითხვა გახდასთან დაკავშირებით, არ დამაცადეს ამეხსნა, მთლიანად არავითარ შემთხვევაში არ გავშიშვლდები, ამ მიზეზით არ დავთანხმდი "პლეიბოის" თავის დროზე. გავიხდი ფილმში, თუ ეს ესთეტიკური და აუცილებელი იქნება კონკრეტული სიუჟეტისთვის და ისიც არა მთლიანად! დიდ პატივს ვცემ ხელოვნებას, მაგრამ მინდა, ბევრად ფასეული რამ შევქმნა, ვიდრე გავიხადო და ამით გავხდე პოპულარული.
- ამბიციური სად გამოჩნდი?
- ძალიან "აიგდეს" თემა, რომ მე მამსგავსებენ ანჯელინა ჯოლის, შორენა ბეგაშვილს, თვითონ ნანკასაც კი. ეს ხომ ჩემი მოგონილი არაა, მამსგავსებენ და რა ვქნა. ამას წინათ დიდი ხანი ვუმტკიცებდი მეგობრის ბიძას, რომ ფილმში "ყველაფერი კარგად იქნება" ის გახდილი ქალი, შხაპის ქვეშ რომ დგას, შორენა ბეგაშვილია და არა მე. მართლა ძალიან დავიღალე. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ არ მსიამოვნებს, როცა ლამაზ ქალებს მადარებენ. უბრალოდ, ეს ზოგჯერ უხერხულობაში მაგდებს. შორენა ჩემი მეგობარია და ალბათ ეწყინებოდა, ეს რომ ვთქვი გადაცემაში, მაგრამ მას თავისი გზა აქვს, მე - ჩემი.
- სინამდვილეში როგორი ხარ?
- ვულგარული საერთოდ არ ვარ და ასეთი ქალები არ მომწონს. სექსუალურობა სხვაა, ვულგარულობა - სხვა...
- მიგაჩნია, რომ სექსუალური ხარ?
- არ ვიცი, ჩემგან უხერხული იქნება ამის თქმა. შეიძლება, გარკვეული შტრიხები მაქვს ამ კუთხით.
- ქალურ ხრიკებზე საუბრობდი...
- ქალური ხრიკები ყველას აქვს. ეს ცუდად გამოიყენეს გადაცემაში.
- რატომ იტირე?
- არ მიტირია, ტუში ჩამივიდა თვალში და ცრემლი ამიტომაც წამომივიდა. სამწუხაროდ, არავინ მითხრა, თვალები რომ დათხაპნილი მქონდა. ისე დაამონტაჟეს გადაცემა, რომ ყველას ეგონა, განცდებში ვიყავი და ვტიროდი.
- მაშინ ის მითხარი, ვის უმღეროდი...
- არავის. ეს სიმღერა, როგორც გადაცემაში თქვეს, ექსკლუზივი არ ყოფილა, მე და ონისემ დიდი ხნის წინ ჩავწერეთ და კლიპიც გადავიღეთ, მახსოვს, პრეზენტაციაზე შენც იყავი. უბრალოდ, წავიმღერე, მთხოვეს და იმიტომ. არავის არ ვუმღეროდი. ეს გადაცემა, როგორც გითხარით, ძველი ჩანაწერია. მაშინ შეყვარებული არ ვიყავი. დღეს ჩემთვის პირადი ცხოვრება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა.
პოპულარობას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. მუდმივად იმაზე უნდა იფიქრო, ვინ როგორ დაგინახავს. ახლა ძალიან ვნანობ, რომ არ დავუჯერე ჩემს რჩეულს და მონაწილეობა მივიღე ამ გადაცემაში. დღეს დამირეკა ჩემმა შეყვარებულმა, არაფერი უთქვამს გადაცემაზე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ მოეწონებოდა, მეშინია, ამ გადაცემამ არ დაძაბოს ჩვენი ურთიერთობა. დეპრესიაში ვარ, არ ვიცი, რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ გადამიაროს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)






















