ქალბატონი ციცინოს თხოვნით, ვაქვეყნებთ საპასუხო სტატიას.- ქალბატონო ციცინო, რატომ ამტკიცებს ბესო კალანდაძე, რომ თქვენ მას უჩივით?
- პირველ რიგში, ეს მისი რეაბილიტაციის გეგმის აუცილებელი ნაწილია. გარდა ამისა, ალბათ, ფიქრობს და სამართლიანადაც, რომ ჩემი განცხადებები ნივთების დაკარგვისა და კალანდაძეების ყალბი განქორწინების თაობაზე, მას ეკუთვნის, როგორც ამ დანაშაულების ავტორს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს განქორწინებაზე ჩემ მიერ შეტანილი განცხადებაც კი, როგორც ყველა დანარჩენი, მისი განცხადების შესაგებელი იყო მხოლოდ.
- გამოდის, ბესო თვითონ წერს ყველა საჩივარს?.. რატომ?
- როგორ გითხრათ... ჩელენტანო ფილმში "ჭირვეულის მორჯულება" შეშას აპობს... ბესო საჩივრებს წერს... ძალიან გაწბილებულია ჩემი დაკარგვით. ჩემი ნახვის ერთადერთი საშუალება მისთვის თბილისში საჩივრების წერა და ჩემი სასამართლოზე ჩამოყვანაა.
- მოსკოვიდან მისი ჩამოსვლის შემდეგ, მხოლოდ სასამართლო პროცესებზე შეხვდით ბესოს? ყოველ შემთხვევაში, იგი ასე ამტკიცებს. თქვენ რას იტყვით?
- ეს სიცრუეა. მე გადაცემა "ნანუკას შოუში" ვთქვი, რომ წლინახევრის წინ, აგვისტოში, ძალიან რომანტიკული შეხვედრა გვქონდა. შეიძლება 54 წლის ასაკში ზოგს ნაადრევი სკლეროზი ეწყება და ბესოს თავადაც არ ახსოვს, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. მოსკოვიდან მისი წამოსვლით ჩვენი ურთიერთობა არ დამთავრებულა. სატელეფონო საუბრები და მიწერ-მოწერა გვქონდა. მე მისი ყველა მესიჯი შენახული მაქვს. შემიძლია, აქვე დაგიმტკიცოთ. 2008 წლის ივლისში მწერდა:
17:38:27. 05.07.2008: "რამდენჯერაც შენთან ერთად ცხოვრების პერიოდში მე მედეასთან, როგორც ქალთან, რაიმე მქონია, იმდენი ჩემს შვილებს მიუვიდეს შენი წყევლა"... ან ასე: 09:01:00. 07.07.2008: "თბილისში ჩამოსვლის დროს, მედეასთან რამდენჯერაც სექსი მქონდა, იმდენჯერ მიუვიდეს შენი წყევლა ჩემს შვილებს". ახლა თქვენ მითხარით, როცა ამ მესიჯს მწერდა, მაშინ არ იყო ის ქალი მისი შვილების დედა?
- აგვისტოში თქვენი შეხვედრა ბესოს ინიციატივა იყო?
- მოდით, ამ შეკითხვაზე ბესოს სმს-ით გაგცემთ პასუხს და თავად გამოიტანეთ დასკვნა. თუ ბესო იტყვის, რომ ეს მისი სმს-ები არ არის, შეგიძლიათ, სატელეფონო ქსელში გადაამოწმოთ, ან 22 მაისს სასამართლოზე მობრძანდეთ, სადაც მე წარვადგენ მათ, ნოტარიულად დამოწმებული ასლებით.
22:17:18. 07.08.2008: "ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩვენი შეხვედრა ამ ეტაპზე არარეალურია, ხალხი ამას ვერ გაიგებს ვერც ჩემი მხრიდან და ვერც შენი მხრიდან. თავიდან ჯობია, მარტო ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს და მოვაგვაროთ ურთიერთობა, შემდეგ კი ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადავინაცვლოთ".
15:08:57. 04.08.2008: "ჩემს ტერიტორიაზე ხალხი ცხოვრობს, შენი კი, მგონი, თავისუფალია (რას იზამ, ასეთი ღარიბი ქმარი შეგხვდა). ჯობია, მე მოვიდე და მითხარი, სად? სანამ ჯერ კიდევ შენი ქმარი ვარ, ეს ჩემი უფლებაა. რას იტყვი?"
22:50:46. 08.08.2008: "ისე, რას იტყვი, დაახლოებით სამ საათში რომ მოგაკითხო?"
23:10:05. 08.08.2008: "შენ თანხმობა მომეცი მანდ მოსვლაზე".
23:10:22. 08.08.2008: "სად მოვიდე?"
21:37:33. 11.08.2008: "მშვიდობით ჩახვედი?"
17:09:55. 20.08.2008: "დამირეკე, თუ შეგიძლია".
12:12:22. 20.08.2008: "თუ შეგიძლია, დამირეკე".
გარდა ამისა, უამრავ სმს-ს მწერდა ეჭვიანობის ნიადაგზე. ერთ ჩემს მეგობარს, ნინოს დაურეკა და ეჭვიანობის სცენა მოუწყო. ნინო გაოცებული იყო. ამბობდა, ასე თუ უყვარდი ბესოს, რას გაიპარა აქედანო. ბოლოს, ჩემი ადვოკატის მეშვეობით, ჩემთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, ოღონდ ეს მედეას არ უნდა გაეგო. კომენტარს არ გავაკეთებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩემგან სასტიკი უარი მიიღო.
- გამოდის, რომ ბესო კალანდაძე, როგორც თვითონ ამბობს, თქვენი ცილისწამებისა და ციხეში ჩასმის მიუხედავად, მაინც აგრძელებდა თქვენთან ურთიერთობას? და, იმავდროულად, მედეას დაუბრუნდა?
- დიახ, ასე იყო. ეს, ჯერ ერთი, იმას ამტკიცებს, რომ არანაირი ცილისწამება არ ყოფილა და თვითონ ყველაზე კარგად იცის ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არც დაბრუნდებოდა ჩემთან ციხიდან გამოსვლის შემდეგ. თავის ოჯახში კი მხოლოდ ფიზიკურად იმყოფება, სულიერად კი, აზრითა და გონებით, კვლავ ჩემთანაა. მისი ლანძღვა-გინება კი იცით, რას მაგონებს? "მკვახე იყო ის ყურძენი..."
- თქვენ ამტკიცებთ, რომ ბესოს დღესაც უყვარხართ?
- რა თქმა უნდა. განა მისი სმს-ები ამას არ ამტკიცებს? ბესოს ალბათ ისე არავინ ჰყვარებია, როგორც მე. როგორი დიდი მსახიობიც უნდა იყოს ადამიანი, ვერ ითამაშებს იმ სიყვარულს, რომელსაც იგი ჩემ მიმართ განიცდიდა. დღე და ღამე არ ეძინა ბედნიერებისგან. ყოველ წუთს თავის განცდებზე მელაპარაკებოდა. ამბობდა, რასაც შენ მიმართ განვიცდი, სიყვარულზე მეტიაო. მახსოვს, პარიზში გავემგზავრე. ერთი საათის განმავლობაში 18-ჯერ დამირეკა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შესვლა არ მაცალა. არ მავიწყდება კიდევ ერთი შემთხვევა: ერთხელ სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და მითხრა. ადრე წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მსმენელი კიდევ ითხოვდა ჩემს გამოსვლას, 300 დოლარს მთავაზობდნენ და უარი ვუთხარი, რადგან ერთი სული მქონდა, სანამ სახლში დავბრუნდებოდიო.
ციხიდანაც ყოველღამე მირეკავდა და დილამდე ვლაპარაკობდით ტელეფონზე. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი განცხადება დაწერა და განქორწინების თაობაზე შეტანილი განცხადების უკან გამოტანას ითხოვდა. არა მგონია, ასეთი სიყვარული ასე მალე ან საერთოდ მთავრდებოდეს.
- თქვენი ნათქვამიდან ჩანს, რომ ბესო ყოველთვის მედეაზე მაღლა გაყენებდათ... როგორ ფიქრობთ, მაშინ რაში სჭირდება მედეას ასეთი ქმარი?
- იმიტომ, რომ საცოდავი ადამიანია და ისეთი ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც თავმოყვარეობის ნასახიც არ გააჩნია. ოდნავ თავმოყვარე ქალი ქმარს ღალატსაც არ აპატიებს. მას კი ქმარი გაშორდა, სხვა ცოლი შეირთო, მაგრამ ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერი მომხდარა. წარმოიდგინეთ, როგორ უჭირს ამ ქალს, იძულებულია, ყველანაირი შეურაცხყოფა აიტანოს.... ასეთი ქალები ზუსტად იმის ღირსები არიან, რაც ბესომ მას გაუკეთა.
- თუ ასე ძალიან უყვარდით ბესოს, მაშინ ნივთების მოპარვა რას ნიშნავს? როგორ შეიძლება, საყვარელ ადამიანს რამე მოჰპარო და გული ატკინო?
- სწორედ ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად ჩაიდინა მან ეს სისულელე. მაშინვე მივხვდი ამას, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მისმა ბავშვობის მეგობარმა პირდაპირ მითხრა - ეს ნივთები ბესოს მედეას თავიდან მოსაშორებლად უნდოდაო. როგორც ჩანს, ბესომ ზედმიწევნით ზუსტად იცოდა, რით შეიძლებოდა მედეას გაჩუმება და დაკმაყოფილება. ფაქტი სახეზე იყო. სანამ მედეა ჩემი ბეჭდებით ტკბებოდა, ბესო ჩემი სიყვარულით ტკბებოდა. მედეა ხუთი წელი ჩუმად იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე და ბესო ცოლ-ქმარი ვიყავით. მან ყველაფერი იცოდა. პირველად მაშინ ამოიღო ხმა, ბესო რომ ციხეში ჩასვეს.
შუკშინის სიტყვებით რომ ვთქვათ, სულელური სიმართლის შეტევა დაემართა და იმწუთშივე აფრინა წერილი, ყოფილ ქმარს ცილი დასწამა ჩემთან ფიქტიურ ქორწინებაში, ანუ თაღლითობაში ამხილა. ბესოს ამაზე რეაქცია არ ჰქონია. ხოლო გადაცემა "პროფილის" შემდეგ, რომ იტყვიან, საერთოდ აიწყვიტა. მწარე სიმართლით გამწარებული მედეა სმს-ებით მემუქრებოდა და შავი მაგიის სეანსებს მიტარებდა. ის და მისი დაქალი ინეზა, მთელი წელიწად-ნახევარი დღეში 10-15 სმს-სს მიგზავნიდნენ. სწორედ ამ მესიჯებს ვუბრუნებდი ბესოს უკან. მართალი გითხრათ, გაოცებული ვიყავი. მე მაქვს უფლება, ჩემს ქმარს, თუნდაც ყოფილს, მესიჯი მივწერო, მედეა და ინეზა ვინ არიან?! და, საერთოდ, ვიღაც საცურაო აუზის მასაჟისტი და მისი დაქალი, რომელთაც საერთოდ არ ვიცნობ, რატომ აძლევენ თავს უფლებას, სმს-ები მომწერონ? სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი ბესოსთან. მაგრამ, როგორც ვატყობ, მას ამაზე პასუხი არ აქვს.
- ახლაც გიგზავნიან მესიჯებს?
- არა. როგორც ჩანს, ბესომ აუკრძალა. მე მედეას დღესაც არ ვიცნობ. მის შესახებ მხოლოდ ბესოსგან ვიცი. იგი მას ამიწერდა, როგორც ენერგეტიკულ ვამპირს, უინტელექტო ქალს, ორთაჭალის ტურფას და რა ვიცი, რას არ უწოდებდა. დღეს უკვე სრული წარმოდგენა მაქვს ამ პიროვნებაზე და ვიცი, ვისგანაც აპირებდა ბესო კალანდაძე თავის დაღწევას. ამისთვის მას ბანკიც რომ გაექურდა, ნამდვილად ეპატიებოდა. ჩემი ნივთების აღება კი, რადგან იგი ჩემი მეუღლე იყო, ქურდობაში არ ეთვლება. კანონიც იმავეს ამბობს. სწორედ ამიტომ, ჩემი გაბრაზების მიზეზი ეს სრულიად არ ყოფილა, თუმცა ძნელია, როცა პერიოდულად გატყობინებენ: "დღეს მედიკო შენი ბეჭდების დემონსტრირებას ახდენდა და ამბობდა, ბესომ მოსკოვიდან ჩამომიტანაო". იმიტომ გავბრაზდი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უნდა ეთქვა. მე ამის გაგება შემეძლო და რეაბილიტაციაშიც დავეხმარებოდი, მაგრამ საკუთარმა ამბიციებმა დაღუპა.
დღესაც ძალიან მეცოდება იგი, რამდენიმე მიზეზით: პირველი - 21-ე საუკუნეა, ტექნიკა საოცარ საშუალებებს იძლევა. ყველასთვის გასაგებია, რომ მისი და მედეას სიცრუის დეტექტორზე გასვლა იმას ნიშნავს, რომ ჩემი სამკაულების ადგილსამყოფელი ადვილად გამჟღავნდება და ბესოს კვლავ ციხეში მოუწევს წასვლა ქურდობისთვის, ამიტომ იგი ამას ვერ გააკეთებს. მე მის ადგილას, დეტექტორზე გავიდოდი კი არა, თიოპენტალის ნარკოზის შეყვანას მოვითხოვდი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს ათქმევინებ სიმართლეს და ჩემს შვილს ქურდი მშობლის სახელს არ დავუტოვებდი. იგი ამას ვერ გააკეთებს და ამიტომაც არის ძალიან საცოდავი.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნარკოზიდან შეიძლება, ადამიანი ვერ გამოვიდეს, მაგრამ მის ადგილას, ქურდის იარლიყით ცხოვრებას, მე სიკვდილს ვამჯობინებდი. მეორე: საცოდავია იმიტომაც, რომ ვერასდროს შეიტანს განცხადებას ცილისწამებაზე, რადგან, პირველ რიგში, თვითონ მოუწევს დეტექტორზე გასვლა და ამით ძიებაც დამთავრდება. ვერც ამას გააკეთებს. მესამე: თვითონაც არ იცის, რას ითხოვს თბილისის სასამართლოსგან, რომელსაც უფლებაც არ აქვს, მისი განცხადება მიიღოს, რადგან მე რუსეთის მოქალაქე ვარ. კანონში შავით თეთრზე წერია: ბოდიშის მოხდას სასამართლო ვერავის დააკისრებს. წერია ისიც, რომ რასაც მოსარჩელე არ ითხოვს, იმით სასამართლო მას ვერ დააკმაყოფილებს. ასე რომ, ვერც მე და ვერც ჩემმა ადვოკატებმა ვერ გავიგეთ, რა ხდება. სასამართლოზე რომ არ მივედი, რაღაც სასაცილო განაჩენი გამოიტანეს, თანხაც კი დამაკისრეს გადასახდელი. რომ მივედით, ეს ყველაფერი შეცვალეს და ბესოს დააკისრეს.
- ბესო ამბობს, რომ თქვენ შეიძლება, ციხეში აღმოჩნდეთ, თუ ბოდიშს არ მოიხდით...
- ეს სასაცილოა, თუმცა მზად ვარ, ჩემი ნებით ჩავჯდე ციხეში, თუკი მედეასა და ბესოს, დეტექტორზე გასვლის შემთხვევაში, ჩემს ნივთებს წინ არ დაულაგებენ. მაგრამ ეს არასდროს მოხდება.
- ამას წინათ ბესო წერდა, რომ მედეას დაუბრუნდა. გჯერათ მისი?
- როგორც სხვა ყველაფერი, ესეც ტყუილია. მე კარგად ვიცნობ მას, მის ესთეტიკურ კულტურასა და სულიერ ამბიციებს. მისი პუბლიკაციებით, სასამართლოში მიცემული ჩვენებებითა და სატელევიზიო გამოსვლებით გარკვეული წარმოდგენა შემექმნა მედეაზე. არა მგონია, ბესო იმდენად ნაძირალა იყოს, რომ ამ დონის ადამიანთან სულიერად რამე საერთო გამონახოს. ამის მაგალითია თუნდაც გადაცემა "სახლებში" მათი ერთად გამოჩენა, როცა ბესო ვერც ხელით, ვერც ხველებით და ვერც ფეხით ვერ აჩერებდა მედეა კალანდაძეს. ალბათ მთელ საქართველოს მუცელი ხელით ეჭირა, როცა ამას უყურებდა. ამ ყველაფერს ბესო უმძიმესი შანტაჟის შიშით აკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედეა სასამართლოში მოვა და "კარტებს გახსნის", კვლავ შვილების დახოცვით დაემუქრება და ა.შ. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, განაცხადებს, რომ ბესო ქურდია და ამით ყველაფერი დამთავრდება.
ამიტომაც ძალიან მეცოდება იგი. საცოდავია იმიტომაც, რომ სასამართლო პროცესებზე მოსულს, სპორტულ ტანსაცმელსა თუ კურტიზანულ ფორმაში გამოწყობილი "მაკონტროლებელი გულშემატკივრები", როგორც ნადავლს, ისე მოჰყვებიან უკან და მოაცილებენ. რა ქნას იმ საცოდავმა? იძულებულია, ასე დაწეროს. სხვა გზა არ აქვს. სმოლენსკის ბულვარზე ურემი გადაუბრუნდა. სმოლენსკის ბულვარზე საურმე გზა დიდი ხანია არ არსებობს, ახლა ქობულეთის აღმართზე მაინც უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა, იქ უფრო არის საურმე გზა, მით უმეტეს, ტრანსპორტი, მე მგონი, ჯერაც არ გამოუცვლია.
- ბესო აცხადებს, რომ თქვენ არასწორ ინფორმაციას აწვდით საზოგადოებას თქვენი, როგორც პლასტიკური ქირურგის, მსოფლიო ხუთეულში შესვლის შესახებ...
- ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია "ნანუკას შოუს" პროდიუსერმა თავად მოიპოვა. მეორეც, მისი ეს ტყუილი ნაკლებად მაწუხებს. საბედნიეროდ, ინტერნეტი დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. მე სადოქტორო დისერტაცია 1995 წელს დავიცავი და ზუსტად ვიცი, რომ მსოფლიოში, სახის ნერვზე დაწერილი ფუნდამენტური ნაშრომებიდან, ჩემი რიგით მეხუთე იყო. ამის გამო მიწვევებიც კი მქონდა გერმანიასა და ლონდონში, თუმცა ამაზე ხმამაღლა არასდროს მისაუბრია. რაც შეეხება თბილისში ჩემს ხშირ ჩამოსვლას, ეს მხოლოდ სასამართლო პროცესებთან არის დაკავშირებული, თორემ პირადად საერთოდ არ ვარ დაინტერესებული საქართველოში მუშაობით.
სამუშაო მოსკოვშიც მყოფნის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან პაციენტები. საფრანგეთიდან ჩამოსულ ცნობილ პიანისტ კლარა მანუშკოს ბესო თავად დახვდა აეროპორტში და სახლში მოიყვანა. ამიტომ სხვა ქვეყნებში კლინიკის გახსნის არც სურვილი გამაჩნია და არც აუცილებლობა. მე ქირურგი ვარ და არა ბიზნესმენი. ამაზე ჩემ მიერ ჩატარებული საქველმოქმედო ოპერაციებიც მეტყველებს. ხოლო ბესოს ეს ნათქვამი სიმართლით გამწარებული ადამიანის ბოდვაა. მას თავისი ექსპოპულარობის ამბიციები ვერ მოუშორებია და თავის ერთადერთ პოპულარულ სიმღერას დღეს სხვის დაუხმარებლად ვეღარ მღერის. იქნებ, ესეც ჩემი ფანტაზიაა?
- საინტერესოა, რატომ გემუქრებათ ბესო კალანდაძე ციხეში ჩასმით?
- ეს მისი სტილია. ადრე მემუქრებოდა ერთ-ერთ ჟურნალში, ნახევარ ქონებას "ავახევო", დღეს კი სწორედ მის ქონებას ადევს ყადაღა და ნახევრის "ახევის" საშიშროების წინაშე თავად დგას. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვემუქრები, მაგრამ ვნახოთ, სტრასბურგის შემდეგ რა მოხდება.
და კიდევ ერთი. ჟურნალისტების გასაგონად მინდა ვთქვა, როცა ბესოსგან ინტერვიუს იღებენ, მეც დამიკავშირდნენ და მკითხონ, ამბობს თუ არა კალანდაძე სიმართლეს. არ არის მართებული ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქება.
ნანა კანდელაკი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)






















