წინა ხუთშაბათს პრესის გავრცელების ჯიხურებში და ყველა იმ ადგილას, სადაც პრესა და წიგნები იყიდება, ჟურნალ "გზასთან" ერთად გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებულის შეძენა მხოლოდ ოთხ ლარად შეგეძლოთ. ამავე დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში სასიამოვნო მუსიკის თანხლებით პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
მედიასახლ "პალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ მოწვეულ სტუმრებს ახალი გამოცემა წარუდგინა და პროექტის შესახებ ვრცლად ისაუბრა, შემდეგ კი აზრის გამოთქმა სტუმრებსაც სთხოვა. პარლამენტის წევრმა რუსუდან კერვალიშვილმა პრეზენტაციაზე პირობა დადო, რომ ამ პროექტს თავად და საქართველოს პარლამენტიც გვერდით დაუდგება. ის, რომ წიგნი ხელმისაწვდომია, მწერლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილისთვისაც მისაღებია.
- ეს არაჩვეულებრივი საქმეა, რადგან მიზნად ისახავს წიგნის ხელმისაწვდომობას.
- ეს კარგია?
- რასაკვირველია, აქ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ იაფიანი და ძვირიანი გამოცემები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხშირად წიგნის მოყვარული ადამიანი ამბობს, ჩემი საყვარელი ავტორის ძველ თუ ახალ წიგნს ვერ ვყიდულობ, რადგან ფული არ მაქვსო. სწორედ ამ ადამიანების ინტერესები გაითვალისწინეს პროექტის ავტორებმა. ვისაც ფული აქვს და იმავდროულად, წიგნიც უყვარს, ამ გამოცემასაც შეიძენს და ძვირიანსაც. ასე რომ, ყველას ინტერესი დაკმაყოფილდება. ზოგადადაც თუ ვილაპარაკებთ, წიგნის ხელმისაწვდომობა მისაღებია, შეგიძლია, ტირაჟი გაზარდო და არც გამომცემელი წააგებს. მკითხველი კი ყველა ვარიანტში მოგებული დარჩება.
- ასეთი ნაბიჯებით წიგნის მიმართ ინტერესი გაიზრდება?
- მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, რადგან ეს სახელმწიფოს დონეზე ასაყვანი საქმეა. წიგნიერების თვალსაზრისით საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დიდ და კომპლექსურ პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერების დონის ამაღლებას, ამიტომაც მომწონს "კვირის პალიტრის" გამომცემლობის ეს პროექტი.
ლევან ღვინჯილია:
- მოგეხსენებათ, ბოლო დროს ისეთი ტენდენციაა, რომ მოდად იქცა ინგლისური ენა და კომპიუტერი. ეს კი წიგნის მიმართ გამრუდებულ დამოკიდებულებას აჩენს. ერთ-ერთმა განათლების მინისტრმა თქვა, რომ წიგნის ეპოქა მიდის და კომპიუტერის მოდის. მათ შორის, ვისაც წიგნი წაუკითხავს და წიგნიერი კაცი ეთქმის, კომპიუტერის კლავიატურასთან გაზრდილი ჯერ არ მინახავს. ვისაც წიგნი არ უყვარს, მისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება, მაგრამ წიგნის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. წიგნიერების გარეშე ზოგადად უნარების, გონების განვითარება შეუძლებლად მიმაჩნია.
რაც შეეხება ქართულ მწერლობას, მას 1500-წლოვანი ტრადიცია აქვს, თუმცა არავინ დაობს იმაზე, რომ მეხუთე საუკუნეში არ შეიძლებოდა დაწყებულიყო, რადგან "შუშანიკის წამებას", მეტად სრულყოფილ ნაწარმოებს, წინ აუცილებლად უძღვოდა სხვა ლიტერატურული ნამუშევრებიც.
რაც შეეხება პროექტს, მას ჰქვია საგანძური, სადაც ინახება განძეული. გურამ დოჩანაშვილს მე თქვენ ვერ აღმოგაჩენინებთ, თუ ვინმეს არ განუცდია ეს ბედნიერება, მას ვულოცავ, რადგან წინ დიდი ბედნიერება ელის (იღიმება). თუ ამ პროექტის ხმა მიაღწევს ბრმა და ყრუ ადამიანებამდე, რასაკვირველია, პირდაპირი მნიშვნელობით არ ვამბობ, და გაეხსნებათ გონება, პროექტი წარმატებული იქნება. ვცდილობ, რამდენიმე ეგზემპლარი ვიყიდო და მეგობრებს ვაჩუქო. როგორც ჩანს, ასეთი შესაძლებლობა ყოველ კვირას გვექნება.
მარიკა დარჩია:
- ეს იდეა "კვირის პალიტრის" გამომცემლობის მფლობელებს გაუჩნდათ, მერე ერთად ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჟურნალ "გზის" ყოველ ნომერთან ერთად მკითხველს საშუალებას მივცემთ, ხელმისაწვდომ ფასად თითო წიგნი შეიძინოს, სადაც ქართველის მწერლების ნაწარმოებები შევა. პირველი გამოცემა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებს დაეთმო.
- ქართულ პროზაზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?
- ქართველებს ასეთი საგანძური გვაქვს და რატომაც არ უნდა წავიკითხოთ, პირველ რიგში, ქართული პროზა და შემდეგ კარგად ნათარგმნი უცხოურიც. ის, რისი წაკითხვაც შეგვიძლია დედანში, რაც ძალიან გაამდიდრებს ჩვენს აზროვნებას და არც ჩამოუვარდება უცხოურ პროზას, აუცილებლად პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ.
- პირველ ავტორად გურამ დოჩანაშვილი რატომ შეირჩა?
- "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" - ეს ჩვენი პროექტის დევიზად შევარჩიეთ და გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებით ავიღეთ სტარტი, თუმცა ყოველ კვირას ყველა მწერალი პირველი იქნება (იღიმის). თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- ეს პროექტი წიგნისკენ შემოაბრუნებს საზოგადოებას?
- ყოველ შემთხვევაში, იმას ვეღარავინ იტყვის, რომ წიგნი ძვირია. ჩვენი პროექტის ფარგლებში, "ქართული პროზის საგანძურის" სრულად შეძენის შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ თქვენს წიგნის თაროებს 50-ზე მეტი გამოცემა დაამშვენებს.
მარიამ ლაღიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)






















