ცნობილ მსახიობ ოდრი ჰეპბერნთან მსგავსების გამო, ახალგაზრდობაში მას "თბილისელ ოდრის" ეძახდნენ. 14 წლის იყო, როცა "აკაკის აკვანში" გადაიღეს, მერე "ქეთო და კოტეში", მთავარ როლზეც დაამტკიცეს, მაგრამ... არშემდგარ როლზე დღეს სინანულით ლაპარაკობს. მის ცხოვრებაში იყო წარმატებაც, ბევრი სიხარულიც და დიდი ტრაგედიაც. როცა ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ახალი ცხოვრება სწორედ მაშინ დაიწყო. ვისაც მძივებით ფერწერაზე არაფერი გსმენიათ, ხელოვან ნელი ბერაიას ფერად სამყაროში გეპატიჟებით. მერწმუნეთ, ნანახი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. თამარ მეფე, ღვთისმშობელი ყრმა იესოთი, დავით აღმაშენებელი - ამ სიწმინდეებთან ერთად, ხელოვანს თქვენთვის კარგად ნაცნობი არაერთი ადამიანის პორტრეტიც აქვს შექმნილი.
- დეიდაჩემი მხატვარი იყო. ის ძალიან ნიჭიერი და ამავდროულად, ზარმაცი გახლდათ. ძალიან მინდოდა, დავეხატე, მაგრამ სიზარმაცე ვერ დასძლია. ამბობდა, ჩემი ოცნება თამარ მეფის დახატვააო, მაგრამ ისე გარდაიცვალა, არც მე დამხატა და არც - თამარი. 14-15 წლის წინ ის სიზმარში ვნახე და ვუსაყვედურე: მთელი ცხოვრება გეხვეწებოდი, დაგეხატე და თხოვნა არ შემისრულე; მე თუ არა, თამარ მეფე მაინც რატომ არ დახატე-მეთქი? რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა: აიღე ფანქარი და თვითონ დახატეო. გავიკვირვე: როგორ, როცა ხატვა არ ვიცი-მეთქი?! მიპასუხა: შენ ამას აუცილებლად შეძლებო! სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ სიზმრისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
გავიდა დრო და ისევ საოცარი სიზმარი ვნახე: ვხედავდი, ჩემი სხეული ჰაერში იყო გაჩერებული. უეცრად, გარდასახვა მოხდა - ჩემ ნაცვლად თამარ მეფე გაჩნდა. აღმომხდა: ცოცხალი ყოფილხართ და საფლავს რატომ ეძებენ-მეთქი? ის იმწუთასვე გაქრა, მე კი შევწუხდი, - ნეტავ, სად წავიდა-მეთქი? ამ დროს ხმა ჩამესმა: იერუსალიმში წავიდაო; სიზმარი რეალურს იმდენად ჰგავდა, რომ თამარის სახეც კი დამამახსოვრდა.
- და დახატეთ, არა?
- არა, ხატვა იმ დღიდან არ დამიწყია. რაღაც დროის შემდეგ, ერთ დღეს, როცა სახლში ვიყავი და ჟურნალს ვკითხულობდი, რაღაც ძალამ ფეხზე წამომაგდო - კარადასთან მივედი, დეიდას დატოვებული ძველი ალბომი გადმოვიღე, სუფთა სახატავი ფურცელი, ფანქარი მოვძებნე და ხატვა დავიწყე. როცა ხატვა დავასრულე, შოკში ჩავვარდი - ჩემ მიერ დახატული თამარი სიზმარში ნანახს საოცრად ჰგავდა... შემდეგ კარადიდან ის მძივები და ბისერები გამოვიტანე, რომელსაც ახალგაზრდობიდან ვაგროვებდი და ნახატზე მივამაგრე. ჩემი პირველი ნამუშევარი ხელოვნებათმცოდნეებმა შედევრად აღიარეს.
- და ის ამჟამად სად ინახება?
- ავსტრიაში, ერთ-ერთმა კოლექციონერმა 5.000 დოლარად შეიძინა. ვფიქრობ, ძალიან დაბალ ფასში გავყიდე - ძვირფასი ბისერები და ჩეხური მძივები მქონდა გამოყენებული.
- როგორც ვიცი, თამარ მეფე რამდენჯერმე დახატეთ...
- დიახ, ჩემი მორიგი ნამუშევარი 10.000 დოლარად, რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა შეიძინა, მერე კი უფრო ძვირად გაყიდა... თამარის ერთი პორტრეტი სახლში მაქვს, მეორეზე კი შოთა რუსთაველთან ერთად გამოვსახე - მას მეფესთან "ვეფხისტყაოსანი" მიაქვს.
- ერთ სურათზე მუშაობას რამდენ ხანს ანდომებთ?
- თამარის პირველ სურათზე მუშაობას 6 თვე მოვანდომე, რადგანაც მაშინ გამოცდილება არ მქონდა, მერე კი ტექნოლოგია თანდათან დავხვეწე და ახლა გაცილებით ნაკლები დრო მჭირდება.
- ნახატზე ბისერის დასამაგრებლად მხოლოდ წებოს იყენებთ?
- დიახ და სხვათა შორის, წებოს დამზადების ჩემეული ტექნოლოგია მაქვს. ის იმდენად მდგრადია, რომ თამამად შემიძლია ვთქვა: ჩემი ნამუშევრები საუკუნეებს გაუძლებს!
- თქვენს კოლექციაში არაერთი წმინდანის ხატია. მორწმუნე ხართ?
- ღმერთის მწამს, მაგრამ მოძღვარი არ მყავს, ეკლესიური ცხოვრებით ვერ ვცხოვრობ. ერთხელ, ჩემ მიერ დაწერილი ხატები სამებაშიც გამოფინეს და მათ სანახავად პატრიარქი მისულა. სამწუხაროდ, იმ დროს ტაძარში არ ვიყავი. თურმე, უწმინდესს ნამუშევრები ძალიან მოსწონებია და უთქვამს: თითოეულ მათგანში უდიდესი შრომაა ჩადებულიო.
- არაერთი ცნობილი ადამიანის პორტრეტი და ბევრი კომპოზიციაც გაქვთ გაკეთებული. როგორც ვიცი, პაატა ბურჭულაძის პორტრეტი ახლახან გაყიდეთ.
- დიახ, პაატას პორტრეტი მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა შეიძინა და დაბადების დღეზე მიართვა.
- თუ საიდუმლო არ არის, რამდენი გადაიხადა?
- საკმაოდ რთული კომპოზიცია იყო, ბევრი ფერის გამოყენება მომიხდა. თანაც, სვაროვსკის თვლებით და მარგალიტებით გავაფორმე. მართალია, ის სურათი 5.000 დოლარად შეაფასეს, მაგრამ 4.000-ად გავყიდე... ლეილა აბაშიძის, ნანი ბრეგვაძის, ნინო ანანიაშვილის პორტრეტები ჯერჯერობით, ჩემთან ინახება.
- იმდენად მეტყველი სახეებია, ძნელია დაიჯერო, რომ მძივებითაა შექმნილი; ფერწერულ ტილოებს უფრო ჰგავს.
- ეს არის ფერწერა მძივებით. როგორც მითხრეს, ამ ჟანრში სხვა არავინ მუშაობს.
- ბისერების გარდა, კიდევ რას იყენებთ?
- თმას. აი, ლეილა აბაშიძის პორტრეტს ნამდვილი თმა აქვს. ლეილამ რომ ნახა, ისე მოეწონა, თვალს ვერ აშორებდა. თმის გარდა, ბუმბულსაც ვიყენებ. სხვათა შორის, მძივის და ბუმბულის კომბინაცია ძალიან უცხო და საინტერესოა.
- თქვენს პორტრეტზე რას გვეტყვით? აქ მსახიობ ოდრი ჰეპბერნს ჰგავხართ...
- (იღიმის) ახალგაზრდობაში ცუდი გოგო არ ვიყავი. "თბილისელ ოდრის" მეძახდნენ. ერთხელ მოსკოვში, ქუჩაშიც გამაჩერეს და მკითხეს: - თქვენ ოდრი ხართო?.. ეს პორტრეტი ფოტოდან გადმოვიტანე.
- ფოტოს ავტორი ვინ არის?
- გურამ თიკანაძე. ჩვენ ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით და ოჯახში ხშირად გვსტუმრობდა. მისი გადაღებული სხვა ფოტოც მქონდა, მაგრამ დავკარგე.
- "აკაკის აკვანში" ეპიზოდური როლი გაქვთ შესრულებული. გადასაღებ მოედანზე როგორ მოხვდით?
- მაშინ 14 წლის ვიყავი. რეჟისორმა კოლია პიპინაშვილმა ქუჩაში მნახა და ისე მოვეწონე, რომ ჩემთვის როლი გამოიგონა. ამ ფილმში სახელიც კი არ მქვია, აკაკის ძმის საცოლედ მივიჩნევი. გადაღებების დროს მე და მედეა ჯაფარიძე დავმეგობრდით. ამ ფილმმა სახელი გამითქვა, ჩემი და მედეას ფოტოები იყიდებოდა... "ქეთო და კოტეში", ქეთოს როლზეც დამამტკიცეს, მაგრამ აღარ გადამიღეს.
- რატომ?
- ქეთოს როლის სინჯებზე დამიბარეს. აღმოჩნდა, რომ ტაბლიაშვილს მედეა ჯაფარიძის გადაღება უნდოდა, სამხატვრო საბჭომ კი დიდი ბრძოლის შემდეგ, მე დამამტკიცა. ერთ დღეს დამიბარეს და ხელშეკრულებაც გამიფორმეს. გადაღება 10 მაისიდან უნდა დაწყებულიყო. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვფრინავდი. დირექციის კიბე სიხარულით ჩამოვირბინე. პირველი მიხეილ ჭიაურელი შემხვდა, მომილოცა და მითხრა: თავი ქუდში გაქვს და აბა, შენ იცი, როგორ ითამაშებო. 10 მაისამდე ბევრი დრო იყო, მე და დედა დასასვენებლად წავედით. ისე მოხდა, რომ გადაღება დათქმულ დროზე ადრე დაიწყეს.
მე დირექციაში ჩემი ადგილსამყოფლის მისამართი არ დამიტოვებია და დაიწყეს ჩემი ძებნა. ამ დროს კინოსტუდიაში დეპეშა მივიდა, რუსული ტექსტით: "ნელი ავარიაში მოყვა, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება". ჩემს "კეთილისმსურველს" ისიც არ დაზარებია, რომ ბორჯომში ჩასულიყო და მეტი დამაჯერებლობისთვის, დეპეშა იქიდან გამოეგზავნა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ყველამ გაიგო. ტაბლიაშვილმაც, არ დააყოვნა და სასწრაფოდ, მედეა გამოიძახა, გადაღებები დაიწყო. ჩემი ავარიაში მოყოლის ამბავმა ბუნებრივია, ჩემს სანათესავომდეც მიაღწია და ლამის, გამომიგლოვეს. მამა საკმაოდ მკაცრი იყო, ამ ამბავმა ძალიან გააბრაზა და კატეგორიულად განმიცხადა, რომ მსახიობობაზე აღარც კი მეფიქრა! ასე დამთავრდა ჩემი კინოკარიერაც.
- თქვენი "კეთილისმსურველის" ვინაობა ვერ დაადგინეთ?
- დღემდე არ ვიცი, ასე ვინ მოიქცა. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მედეა ჯაფარიძეს ამ ამბავთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
- როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხართ.
- დიახ. ვიდრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარებდი, ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, სადაც ზურაბ ანჯაფარიძის რჩევით მივედი; შემდეგ სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში გავაგრძელე, მაგრამ ჯანმრთელობამ არ შემიწყო ხელი - ხშირად ვცივდებოდი და გლანდების ოპერაციის შემდეგ, ხმა საერთოდ დავკარგე. მოგვიანებით, მოსკოვში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ კინოსტუდიაში მუშაობა მაინც არ ამცდა: ჯერ სცენარებს ვთარგმნიდი, შემდეგ - ტექნიკურ რეჟისორად, ბოლოს კი გახმოვანებაზე ვმუშაობდი.
სწორედ იმ წლებში გავიცანი ქალბატონები - სესილია თაყაიშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე, რომლებიც "ბებერ მეზურნეებზე" მუშაობდნენ. ცხოვრებაში ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ. კინოსტუდიაში გავიცანი მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი, რომელსაც ჩემი ბედი დავუკავშირე. ორივესთვის მეორე ქორწინება იყო და ერთად 11 წელი ვიყავით... ჩემს ცხოვრებაში ორი დიდი ტრაგედია მოხდა.
- რას გულისხმობთ?
- ორი შვილი მყავდა - მარინა და ვაჟა, ორივე დამეღუპა: მარინა 25 წლის იყო, მშობიარობას რომ გადაჰყვა; ვაჟა პროკურორი გახლდათ. 35 წლის ასაკში, როცა დაოჯახებას აპირებდა, ვიღაცები სახლის გაძარცვის მიზნით ბინაში შეუცვივდნენ და მომიკლეს. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ორივეს გარდაცვალებამდე სიზმარი ვნახე - ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. იმ სიზმრების გახსენება ყოველთვის ცუდად მხდის. მაპატიეთ, ვერ მოგიყვებით...
- ახლა მარტო ცხოვრობთ?
- მხოლოდ ერთი შვილიშვილი მყავს - ლაშა, რომელიც ოჯახთან ერთად, ქუთაისში ცხოვრობს. ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ. ტკივილსა და დარდს ეს ნამუშევრები მიმსუბუქებს.
- მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი სირთულე რა არის?
- ყველაზე რთული თვალების, ყურებისა და ხელების გაკეთებაა. ისე, თავიდან უფრო ვწვალობდი, განსაკუთრებით - თვალებზე. არ მინდოდა, თოჯინასავით უმეტყველო თვალები გამომსვლოდა და ამიტომაც, რამდენჯერმე ვშლიდი, ხელახლა ვაწყობდი. ახლა ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო და აღარც ვწვალობ.
- შეკვეთებს თუ იღებთ?
- დიახ. დავით სარაჯიშვილის სურათი ფოტოს მიხედვით გავაკეთე. მისი დამზადება საიუბილეო საღამოსთვის შემიკვეთეს.
- თბილისში უკვე არაერთი გამოფენა გქონდათ. თქვენი ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანა არ გიცდიათ?
- ამის სურვილი ნამდვილად მაქვს და კარგი იქნება, კულტურის სამინისტროც თუ დამეხმარება. მაისში დიდი გამოფენა-გაყიდვის მოწყობას ვგეგმავ.
- წარმატებას გისურვებთ!
P.S. დასანანია, რომ ნელი ბერაიას ნამუშევრების "სიმდიდრე" ფოტოზე სრული ეფექტით არ გადადის. მსახიობ ჯემალ მონიავას მის ერთ-ერთ გამოფენაზე, შთაბეჭდილების წიგნში ჩაუწერია: "ეს ნამუშევრები უცხო ხელოვანს რომ ჩამოეტანა თბილისში, წარმოუდგენელი აჟიოტაჟი ატყდებოდა და ყველაფერს პირწმინდად დაიტაცებდნენ, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში, ცოცხალ ხელოვანს ფასი არა აქვს...
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
09:27 / 28-02-2010
ფერწერა მძივებით






















