- ჩემს ბაღში მაგარი ბავშვები სწავლობენ. კი მიყვარს იქ სიარული, მაგრამ დილით გაღვიძება მეზარება და ვტირი ხოლმე.
- სამაგიეროდ, ბაღში ერთობი, ხომ?
- დიახ, ბავშვებთან ერთად "აკუნამატატას" ვთამაშობ. კიდევ "უჟასობანას", ოღონდ კომპიუტერის გარეშე. ნანა მასწავლებელმა 27 ლექსი და ოცი სიმღერა მასწავლა. ნიჭიერი ბავშვი ვარ!
- ბაღში ვისთან მეგობრობ?
- ნიკუშასთან. დემეტრესთანაც ვმეგობრობდი, მაგრამ ის დიდი გაიზარდა და სკოლაში წავიდა. დემეტრე ცურვაზე დადის და მაგარი კაცია. ცურვა მეც ვიცი, ზღვაში ზანგებსაც კი გავუსწრებ...
- რომელ ზანგებს?
- ჩვეულებრივ ზანგებს. შავები რომ არიან, იმათ.
- შეყვარებული გყავს?
- დიახ, ქეთა მიყვარს. ლამაზია, გრძელი და სწორი თმა აქვს. ქეთა ნიკუშასაც უყვარს და ამის გამო ვჩხუბობთ ხოლმე.
- რომელი ერევით?
- მე! ხელში ამყავს და ტრილიონ მეტრზე ვისვრი.
- ბაღში იციან, ლალის შვილი რომ ხარ?
- იციან და მასწავლებლები მეუბნებიან, ლამაზი დედიკო გყავსო. ზოგი მეკითხება, შენ ტოტიკაშვილის შვილი არ ხარო?
- დედიკო ვინ არის და რას აკეთებს?
- დედიკო დედიკოა. რას უნდა აკეთებდეს, არაფერს აკეთებს!
- დიდი ბიჭი რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?
- ბეტმენი და სუპერმენი.
- და რა უნდა გააკეთო?
- ბოროტებს უნდა ვეჩხუბო. ქურდები უნდა ვცემო და სისხლები ვადინო.
- რას ნიშნავს პატრული?
- ქურდების დამჭერებს. მათ ვერცხლისფერი მანქანები ჰყავთ, ხელში კი მიკროფონები უჭირავთ და ყვირიან, მანქანა გადააყენეო. კიდე, მათ მანქანებს რაღაც ბრჭყვიალა უკეთიათ და "იუ-იუ-იუ-იუს" ყვირის.
- ბაღის მასწავლებლებს აბრაზებ?
- არა. როდესაც ნიკო რაღაცას გააფუჭებს, მე მაბრალებენ და ყველას ცელქი ვგონივარ. დედაც მაბრაზებს, რადგან კომპიუტერთან არ მსვამს. მეუბნება, თვალებს გატკენს და ცუდად გახდებიო. უკვე გამოვშტერდი, მალე მოვრჩებით ინტრევიუს?
- რას?
- რას და ინტრევიუს.
- მანამდე მითხარი, რა არის მიტინგი?
- რა არის და "პრობკა". რა ძნელობებს მეკითხები? აბა, შენ თუ გამოიცნობ, რა არის: "დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალი?" ვერ გამოიცანი... ეს არის წყალი.
- საქართველოს პრეზიდენტი ვინ არის?
- მიშა სააკაშვილი.
- როგორი პრეზიდენტია?
- რას გადამიტრიალე ტვინი? როგორია და მიშა, გნა ელი, ცავატანე. ასეთია, რა...
- ანუ კარგია თუ ცუდი?
- კარგი!
- რა გააკეთა კარგი?
- რა და "მერსედესები". კიდე "ბომბორა" ააშენა და სათამაშო მანქანები გააკეთა. შენ იცი, ვახტანგ გორგასალი ვინ იყო?
- ვინ იყო?
- ვინ და, საქართველოს მეფე. ერთხელ წავიდა სანადიროდ, მოკლა ხოხობი. ეს ხოხობი ჩავარდა ცხელ წყალში. მერე ვახტანგ გორგასალმა თქვა: ვბრძანებ, აქ აშენდეს ქალაქი და დაერქვას თბილისიო.
- ვინ გასწავლა?
- ნანა მასწავლებელმა.
- შენ რომ გახდე საქართველოს პრეზიდენტი, რას გააკეთებდი?
- დედიკოს კვადროციკლს ვუყიდიდი, მამიკოს - მოტოციკლეტს, ბაბუას - ველოსიპედს და ჩემთვის - "ფერარის". მერე ავაშენებდი დიდ გარაჟს და ყველა იქ გავაჩერებდით ჩვენს მანქანებს. ყველაზე მაგარი მანქანა ხომ "ფერარია" და ამათ ყველას გავასწრებდი.
- რა არის დროშა?
- წითელი და თეთრია. ბაღში მახატვინებენ ხოლმე.
- რას ნიშნავს სიტყვა "საბოტაჟი"?
- გაჩხერილებს.
- ომი რას ნიშნავს?
- ბრძოლას. ჩვენ ომი პუტინმა და კოკოითიმ გამოგვიცხადეს.
- ვინ არიან პუტინი და კოკოითი?
- ბოროტები. უნდა წავიდე ომში და ბოროტები ავტომატით დავხოცო.
- როგორი გინდა იყოს შენი სამშობლო?
- ჩემი სამშობლო არის თბილისი და მინდა, რომ თბილისში ბეტმენები, სპაიდერმენები და სუპერმენები დადიოდნენ.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)






















