ახალ ანდერძში სრულიად იგნორირებულია დენის ბაისაროვი - ალას უმცროსი შვილიშვილი. მილიონერ რუსლან ბაისაროვისა და პრიმადონის ოჯახის კონფლიქტი ერთი პერიოდი ფართოდ განიხილებოდა. კრისტინა ორბაკაიტესა და მის ყოფილ ქმარს შორის სასამართლო დავაც უკვე დასრულდა. დენისი საკუთარი ნებით მამასთან დარჩა. როგორც ჩანს, ეს "ნება" მდიდარმა და გავლენიანმა ბებიამ 11 წლის ბიჭს არ აპატია. ეგ კი არა, პრესკონფერენციაზე, რომელზეც დენისმა საზოგადოებას ამცნო, რომ თავისი სურვილით რჩებოდა მამასთან, ალამ ვერ მოითმინა და პირდაპირ ეთერში იყვირა: "მოღალატე!"
თავდაპირველად იმასაც კი ამტკიცებდა, რომ მისი შვილიშვილი "ზომბირებული" იყო, მერე კი დანებდა და დენისზე ნერვიულობასაც მოეშვა. სკანდალის შემდეგ ორბაკაიტე მაიამიში გაემგზავრა ქმართან - მიხაილ ზემცოვთან, თუმცა იმდენად დათრგუნვილი იყო, რომ სპეციალისტების დახმარებაც კი დასჭირვებია. დღესდღეობით კრისტინა მაიამის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადის რეაბილიტაციას.
ალამ კი თავისი მეთოდებით გადაწყვიტა შვილიშვილისთვის ჭკუის სწავლება და მისი სახელი საერთოდ არ ჩაწერა ანდერძში. რუსლან ბაისაროვს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, აღარ სურს სიტუაციის დამძიმება. თანაც, დენისსა და კიდევ სხვა ქალებისგან გაჩენილ სამ შვილს მამის მილიონებიც ეყოფათ. არც იმაზე დარდობს დიდად, რომ უკვე ხუთი თვეა, სკანდალის შემდეგ, ალას დენისის ნახვის სურვილი არ გამოუთქვამს.
პრიმადონის მემკვიდრეობა
ოფიციალურ დოკუმენტში მხოლოდ ორი გვარი ფიგურირებს. მთავარ მემკვიდრედ მომღერალმა ქალიშვილი კრისტინა დაასახელა. როგორც პუგაჩოვასთან დაახლოებული წყარო იუწყება, ალამ ჩათვალა, რომ ქალიშვილი ერთადერთი უახლოესი ადამიანია, ვის ბედზეც ის ვალდებულია ზრუნავდეს. მთელი ქონება, ავტოპარკი, ფულადი სახსრები და ძვირფასეულობა კრისტინა ორბაკაიტეს სახელზე დაწერა.
სინამდვილეში რა ქონება აქვს ალას, ეს მხოლოდ მან და მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა იციან. თუმცა მიახლოებითი გამოთვლებითაც ადვილი მისახვედრია, რომ კრისტინა სოლიდური ქონების მფლობელი გახდება. ეს არის ხუთოთახიანი ბინა მოსკოვში, არბატზე, ორსართულიანი აგარაკი მოსკოვის გარეუბან ისტრაში, წარმომადგენლობითი კლასის ხუთი ავტომანქანა, უძრავი ქონება მაიამიში, წილები რამდენიმე ბიზნესპროექტში.
ანდერძში მოხსენიებული მეორე ადამიანი ალას უფროსი შვილიშვილი, მისი ფავორიტი ნიკიტა პრესნიაკოვია. პუგაჩოვამ მას მთელი თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა უანდერძა - საავტორო უფლებები ყველა სიმღერაზე. რასაკვირველია, ეს ნიკიტას სერიოზულ დივიდენდებს მოუტანს.
ცნობილია, რომ ბოლო დროს მომღერალი აქტიურად აარქივებდა მთელ საოჯახო ვიდეო და აუდიოჩანაწერებს, ასევე ხელნაწერებსა და დღიურებს. ნიკიტას წილს მიეკუთვნება ასევე სცენური კოსტიუმები და დაპატენტებული შემოქმედებითი იდეები. ანდერძის ეს პუნქტი სავსებით გამართლებულია. უმცროსი პრესნიაკოვი ხომ კინორეჟისორობას აპირებს და უკვე ჩანს, რომ შემოქმედებითი ადამიანი იქნება. ჩანს, ბებიას იმედი აქვს, რომ ნიკიტა ჭკვიანურად გაუძღვება ნაანდერძევ ქონებას.
ბევრი ელოდა, რომ მემკვიდრეობის ნაწილი მაქსიმ გალკინსაც ერგებოდა. თითქმის ათი წელია ტყუილად ხომ არ არის პრიმადონის გვერდით. ბოლო ორი წელი ალას ქმრადაც კი მოიხსენიებენ. მაგრამ, როგორც ცნობილი გახდა, მაქსიმმა დიდსულოვნად თქვა უარი პუგაჩოვას მილიონებზე. "ფორბსის" ახალი მონაცემების თანახმად, გალკინის შემოსავალი 5,7 მლნ დოლარს შეადგენს წელიწადში, ასე რომ, პაროდისტს ალას ფული დიდად არ სჭირდება.
ლელა ზურებიანი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)






















