- პირველად საზღვარგარეთ საქმიანი მივლინებით გავემგზავრე სტრასბურგში. რომ ჩავედი, თავი ზღაპარში მეგონა. ჩემი საყვარელი მწერალი ჰანს კრისტიან ანდერსენია, ასე რომ, ზღაპრები ზოგადად მიყვარს.
- თვითმფრინავის შიში არ გქონია?
- არა, სხვათა შორის, პირველად რომ ჩავჯექი თვითმფრინავში, არანაირი შიში არ მქონია. ჩვეულებრივად გადავიტანე.
- სტრასბურგული ზღაპარი რამდენ ხანს გაგრძელდა?
- რამდენიმე დღეს, ზუსტად არ მახსოვს.
- დასასვენებლად არ ყოფილხარ საზღვარგარეთ?
- ახლობლების მოსანახულებლად გახლდით უკრაინაში, ლონდონში კი რამდენიმე თვით სასწავლებლად ჩავედი. არანაირი პროგრამა არ ყოფილა, ჩემი ინიციატივით გადავწყვიტე წასვლა და ავიღე რამდენიმე კურსი, ენის შესწავლის გარდა, პიარითა და ფსიქოლოგიით დავინტერესდი, მოკლედ, რისი სწავლაც შეიძლებოდა, ყველგან პატარა-პატარა კურსები გავიარე (იცინის).
- ლონდონური ცხოვრება განსხვავებულია თბილისურისგან. შეგუება არ გაგიჭირდა?
- ლონდონი ძალიან მიყვარს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ გავხდი დიდი გოგო, დედის გარეშე გახლდით და იქ შევიგრძენი დამოუკიდებელი ცხოვრების გემო. დედიკო ვერ დამილაგებდა და საჭმელს ვერ მომიმზადებდა, თბილისში სახლში არაფერს ვაკეთებ, ლონდონში კი საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული. გარდა ამისა, რასაკვირველია, იყო ბევრი საინტერესო დასათვალიერებელი რამ, ყველაფერი, რაც კი სანახავია ლონდონში, ტერიტორიულად ახლოს არ არის, მაგრამ ფეხით სიარული უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. ყველაზე მეტად ლონდონში გართობა დამამახსოვრდა, უდიდესი კლუბებია, სადაც პირველ სართულზე სხვა მუსიკას უკრავენ, მეორეზე სხვას და ყველა გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლიათ.
თუმცა, მიუხედავად ამ გართობისა, ორი თვის თავზე აღარც სწავლა მინდოდა და აღარც გართობა, დეპრესიაში ჩავვარდი, რადგან არავინ იყო ჩემ გვერდით ახლობელი, ორი თვის შემდეგ ჩემი დეიდაშვილი ჩამოვიდა და მერე უკეთესად ვიგრძენი თავი.
- უკრაინაში ვის სანახავად ჩახვედი?
- კიევსა და ოდესაში გახლდით, მამიდაჩემის სანახავად გავემგზავრე. მართალი რომ გითხრა, დიდად საინტერესო მოგზაურობა ვერ გამოდგა.
- ანუ ქართველი მამაკაცები რისთვისაც დადიან, იმისთვის შენ ვერ ჩახვიდოდი...
- (იცინის) მე ოჯახის, ნათესავების, მამიდაჩემის მეგობრების სანახავად ჩავედი, რასაკვირველია, იყო გართობა, მაგრამ ლონდონურს ვერ შეედრება. კიევში საკმაოდ თბილი ხალხი და სასიამოვნო სიტუაციაა.
- რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?
- თითქმის მთელი ევროპა მაქვს მოვლილი, ყველაზე გამორჩეულად დამამახსოვრდა ლონდონი და ნიუ-იორკი, ასევე ძალიან მომეწონა რომი. რომში მეორედ რომ ჩავედი, გადავწყვიტე, რომ ლონდონში ვიცხოვრებდი და დასასვენებლად რომში წავიდოდი ხოლმე (იცინის). ნიუ-იორკმა თავი გრანდიოზულობით მომაწონა, უამრავი ცათამბჯენით... სანამ მაღლა არ აიხედავ, თავს ჩვეულებრივ ქალაქში გრძნობ, აი, ცაში რომ აიხედავ, მერე სულ სხვაა...
- ყველაზე კარგი და ყველაზე არასტუმართმოყვარე ხალხი სად ნახე?
- ცოტა რთული სათქმელია, იტალიასა და ესპანეთში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ამბობენ, რომ გერმანელები ცივები არიან, მაგრამ მე ვერ ვიგრძენი, საკმაოდ ყურადღებიანი ხალხია, პატივს გცემენ. არასტუმართმოყვარე არ მახსენდება.
- მოგზაურობაში როგორი ხარ?
- მობილიზებული ვარ, საერთოდ არ ვიბნევი, არ ვიკარგები და ყველაფერს ადვილად ვპოულობ, თუმცა საზღვარგარეთ რომ ვარ, რატომღაც ყველგან ვაგვიანებ. მე და ჩემი დეიდაშვილი ლონდონიდან რომ მოვდიოდით, იმდენი ბარგი გვქონდა, თვითმფრინავზე დაგვაგვიანდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მთელი ფული, რაც მქონდა, ზედმეტ ბარგში გადავიხადე, ამიტომ ბილეთებს ვეღარ შევიძენდი. გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენი რეისი 40 წუთით გადაიდო.
- ბარგში რა გედო ასეთი?
- ტანსაცმელი, საჩუქრები, წიგნები...
- ჰოდა, შოპინგის თემამდეც მივედით...
- თუ ფული არის, არანაირად არ მეზარება შოპინგი (იცინის).
- ძველმანების ბაზრობაზეც იყავი?
- რასაკვირველია, თუმცა ჭაღების გარდა იქ არაფერი შემიძენია. ეს ჩემი სუსტი წერტილია (იცინის). პატარ-პატარა ბრები შევიძინე და ამიტომაც მქონდა ზედმეტი ბარგი. ოჯახის გოგო ვარ, მიყვარს სახლისთვის რაღაცების შეძენა, მაგალითად, თეთრეულის, სანათების და სხვა ასეთი ნივთების ყიდვა. დედაჩემიც კი გავაკვირვე იმით, რომ ნიუ-იორკიდან სარკეები ჩამოვიტანე.
თავს დავტრიალებდი, რომ არ გამტყდომოდა, გამიმართლა, რომ არ გამიტყდა, დიდი ჩემოდანი მქონდა, სადაც სარკეებთან ერთად ბევრი ტანსაცმელი მელაგა. ასევე შევიძინე ტანსაცმლის ლამაზი დასაკიდებელი, რომელიც ადამიანის ხელაა, რკინის ქალი, დედაჩემს დიდი ხანი ცოცხალი ეგონა, როცა ოთახში შემოდიოდა (იცინის). შეგიძლია, კაბა ან ქვედაბოლო ჩააცვა, გამოვაწყობდი ხოლმე და ამიტომ ეშინოდა დედაჩემს ამ საკიდის (იცინის).
- კოლექციონერი ხომ არ ხარ?
- ადრე ვყიდულობდი სუვენირებს, ბოლო დროს ინტერესი დამეკარგა, აზრი არ აქვს, ბევრი დამიგროვდა. თუ ვინმესთვის საჩუქრად არ მინდა, ისე არ ვყიდულობ.
- რაც შეეხება სამოსს...
- საბედნიეროდ, სამოსზე გართულება არ მაქვს, შემიძლია, ჩვეულებრივ მაღაზიაში შევიძინო იაფფასიანი ტანსაცმელი და ბედნიერად მოვიხმარო. საკმაოდ იაფი რაღაცები მაქვს გარდერობში.
- მილანშიც ყოფილხარ და მოდის დედაქალაქმაც ვერ გაგიჩინა ბრენდების შეძენის სურვილი?
- მილანზე მეტად რომი მომეწონა, ისტორიული ქალაქია და პირველად ჩასულს ისეთი შეგრძნება მქონდა, კოლიზეუმში ქვებს ვეხუტებოდი, აქ გლადიატორები იბრძოდნენ-მეთქი. მილანი კი ჩვეულებრივი თანამედროვე ქალაქია, რომელსაც მინიჭებული აქვს მოდის დედაქალაქის სტატუსი, თუმცა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
- დუბაის ფოტოა ძალიან საინტერესო...
- ვინც პირველად ჩადის, რასაკვირველია, უცხო ხილია - ქალები ჩადრებში, მამაკაცები თეთრ სამოსში არიან გამოწყობილი. თავიდან საინტერესოა, მაგრამ ბოლოს გენდერული თანასწორობის საკითხზე დავფიქრდი (იცინის). ჩემი თავი ჩადრში ვერასდროს წარმომიდგენია, მძიმე შემთხვევა იქნებოდა.
- დარჩა ადგილი, სადაც გინდა წასვლა?
- ჩემი საოცნებო ადგილი ავღანეთია.
- იქ რა დაგრჩენია?
- მინდა, ჩემი სადიპლომო ავღანეთზე მოვამზადო. ამბობენ, საშიში ადგილია, მაგრამ ძალიან მინდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უშიშარი ადამიანი ვარ. თანაც წინასწარ ვერ იტყვი, შეგეშინდება თუ არა, სანამ იქ არ აღმოჩნდები. ახლა კი ვამბობ, არ შემეშინდება-მეთქი. ავღანეთში წელს ვაპირებ გამგზავრებას და იმედი მაქვს, აუცილებლად მოვახერხებ იქ მოხვედრას. ამ გეგმის ასრულების შემდეგ უკვე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე დავფიქრდები.
- ისე, ავღანეთში ჩასული იქაურ მამაკაცებსაც უფრთხილდი. ისე, საინტერესოა, შენი გარეგნობით რომელი ქვეყნის მამაკაცები უფრო აღაფრთოვანე?
- აღვაფრთოვანე არა, დავაფრთხე (იცინის). დუბაიში ყველა უცხოელ ქალს უყურებენ, ძირითადად, გაოცებული თვალებით, ვისაც, მაგალითად, შარვალი ან ამოღებული ზედა აცვია. მამაკაცების აღფრთოვანებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ამისთვის არ მცალია ხოლმე.
- მოკლედ, გირჩევნია საზღვარგარეთ შენ დაათვალიერო, ვიდრე შენ გათვალიერონ...
- (იცინის) საინტერესო დასკვნაა!..
- ჟურნალისტებისგან გამიგია, რომ საზღვარგარეთ მივლინების დროს საერთოდ ვერაფრის ნახვას ვერ ასწრებენ. შენ შემთხვევაშიც ასეა?
- რასაკვირველია, დათვალიერების დრო ყოველთვის არ მაქვს. ძირითადად ღამე ვათვალიერებ ხოლმე, ორიენტაციის კარგი უნარი მაქვს და არასდროს დავკარგულვარ. რუკას ვიღებ და ამ რუკის საშუალებით ვმოძრაობ. დღის განმავლობაში ყოველთვის საქმე მაქვს და ვერ ვასწრებ.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)






















