- ირაკლი, როგორ სამოსში გრძნობ თავს კომფორტულად?
- რაც მომეწონება, იმას ვიცვამ. კლასიკურ კოსტიუმს ვერ ვეგუები - სიცოცხლეში სულ ორჯერ მეცვა. არც ჰალსტუხს ვხმარობ, ყელში მიჭერს. ვამბობ, თანამდებობისთვის არ დავბადებულვარ-მეთქი. კედები და ჯინსი ჩემი "განუყრელი მეგობრები" არიან, თუმცა მოტკეცილ ჯინსს არ ვიცვამ, ისევე როგორც კლასიკურ შარვლებს. მე თუ მკითხავთ, შარვალი და ფეხსაცმელი მამაკაცის ჩაცმულობაში უმთავრესია...
- საქართველოში ბევრს მიაჩნია, რომ ვარდისფერი პერანგი პიჟონებს აცვიათ...
- პიჟონს ვერც შავი პერანგი უშველის. საერთოდ, ადამიანს სამოსი შინაგანად ვერ შეცვლის. ჩემთვის ვარდისფერი პერანგი მისაღებია. არასოდეს ჩამიცვამს, მაგრამ ბევრ ჩემს მეგობარს აცვია და, სხვათა შორის, ბევრ პოლიტიკოსსაც, რადგან დღეს ეს ფერი აქტუალურია. მე ნაცრისფერი, შავი, ლურჯი, თეთრი მიყვარს.
- სამოსს სად ყიდულობ?
- ზაფხულობით და საახალწლოდ უცხოეთში მივდივარ ხოლმე და იქ ვყიდულობ იმდენს, რომ მთელ სეზონზე მეყოს.
- რომელი ბრენდის სამოსი მოგწონს?
- მომწონს "გუჩი", ყველანაირი გემოვნების ადამიანი რომ ჩაიცვამს, ისეთი სამოსი აქვს, თუმცა ამ მარკისა მხოლოდ ქამრები მაქვს. ერთხელ სტამბოლში შევედი "გუჩის" მაღაზიაში, ტყავის ქურთუკი მომეწონა, მაგრამ ფასი რომ ვიკითხე, 8000 ევროო, - მითხრეს და ცივად დავკიდე თავის ადგილზე. "არმანიც" მომწონს, რომელიც შედარებით იაფია, "ივ სენ ლორანიც".
- ვის რჩევას ითვალისწინებ სამოსის შეძენისას?
- რჩევა არასდროს არავისთვის მიკითხავს, მაგრამ რაც ცოლი შევირთე, მეუღლეს ვეკითხები ხოლმე აზრს - მირჩევნია, ისე გამოვიყურებოდე, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს უფრო მეტად მოვწონდე.
- ამბობენ, რომ მამაკაცი ისეთივე პასუხისმგებლობით არჩევს საათს, როგორითაც ცოლს...
- (იცინის) არ დაიჯერებთ, მაგრამ საათი არასდროს შემიძენია, ხშირად კი უჩუქებიათ. ახლა, მაგალითად, მამაჩემის მეგობარმა მაჩუქა ძალიან ცნობილი ბრენდის, "ფრანკ მიულერის" საათი, რომელიც ყოველთვის მიკეთია. სამი საათი მქონდა, მაგრამ როცა რამდენიმე მაქვს, ვასაჩუქრებ. სამოსზეც ასე ვარ. ჩემი მეგობრები ოჯახის წევრებივით არიან - რომ გაიგებენ, ახალი შევიძინე, ძველის წასაღებად მოდიან. ერთადერთი, რაც დიდხანს მიჩერდება, ფეხსაცმელია.
- თქვი, კედები მომწონსო. კლასიკური ფეხსაცმელი არ გაქვს?
- არ ვიცვამ და რისთვის შევიძინო?
- პიჯაკს თუ იცვამ?
- ვიცვამ. მომწონს, როცა კედებთან ერთად პიჯაკი მაცვია.
- რომელი აქსესუარი დაგაქვს სულ?
- სიგარეტს აღარ ვეწევი, ამიტომ სანთებელა არ დამაქვს. ყოველთვის ვატარებ ვერცხლის სამაჯურს, ჯვარს და წმინდა გიორგის ხატს.
- სათვალე ხშირად გიკეთია?
- სათვალე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი აქსესუარია. დიდი სათვალე არ მიყვარს, მირჩევნია, პატარა და კლასიკური იყოს.
- რომელი მარკის ტელეფონი გაქვს?
- "ნოკია არტ 8800". პატარა და მოხერხებული ტელეფონები უფრო მომწონს, ვიდრე დიდი.
- რომელ სუნამოს იპკურებ?
- სუნამო, ალბათ, ერთადერთი რამ არის, რაც შეიძლება წლობით არ შევიცვალო. უკვე წლებია, ივ სენ ლორანის "ელ ომს" ვიპკურებ. ადრე "ზენიას" და "ალიურ სპორტს" ვხმარობდი.
- თავს როგორ უვლი?
- თუ კაცს სჭირდება, მიმაჩნია, რომ მანიკიურიც უნდა გაიკეთოს. მე ცუდი ფრჩხილები მაქვს და ამიტომ თვეში ერთხელ ვიკეთებ ხოლმე. მივდივარ სოლარიუმშიც. ვფიქრობ, ეს მამაკაცისთვის ცოტა ზედმეტია, მაგრამ... ერთხელ ჩემს დას წავყევი სოლარიუმში, დაიჩემა, შენც შედიო, შევედი და გარუჯვის შემდეგ ჩემი თავი ისე მომეწონა, რომ უკვე 9 წელიწადია სოლარიუმში დავდივარ.
- მამაკაცისთვის ავტომობილის მნიშვნელობაზე ლაპარაკი, ალბათ, ზედმეტია...
- უამრავი მანქანა გამოვიცვალე. ცხადია, მინდა, კარგი მანქანა მყავდეს. ჩემს ახლანდელ ავტომობილს კორეულ დრაკონს ეძახიან. ახლა სპორტულ მანქანაზე მეტად ჯიპი მომწონს, მაგალითად, "ბე-ემ-ვე X6".
- ირაკლი, ქართველ დიზაინერებზე რას ფიქრობ, შეგიძენია მათგან რაიმე?
- ალბათ, ყველაზე გამორჩეული ავთო ცქვიტინიძეა. მასთან შემიკერავს პიჯაკებიც, შარვალიც. ახლა ჩემი მეუღლე უფრო ხშირად იკერავს სამოსს. მაკა ასათიანს აქვს ძალიან კარგი გემოვნება. იყო დრო, მაგარ ჩვენებებს აწყობდა.
ნათია მალიშავა
”ყველა სიახლე”






















