"რუსეთი კავკასიაში გავლენის სფეროებს კიდევ უფრო აფართოებს; მოსკოვი ანკარასა და ბაქოს თითს უქნევს; რუსეთი რეგიონში თავს წამყვან ძალად განიხილავს; კრემლი კვლავ იარაღის ენით ლაპარაკობს..." - ასეთი განცხადებები პოლიტიკურმა და სამხედრო ექსპერტებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც რუსეთსა და სომხეთს შორის ე.წ. "გიუმრის ხელშეკრულება" გაფორმდა. დოკუმენტი რუსულ სამხედრო ბაზებს სომხეთის ტერიტორიაზე იჯარის ვადას 2049 წლამდე უხანგრძლივებს. შეთანხმების თანახმად, რუსეთმა სომხეთი შეიარაღებითა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით უნდა უზრუნველყოს, ასევე უნდა იზრუნოს ამ ქვეყნის საზღვრების დაცვასა და უსაფრთხოებაზეც.
პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ირწმუნება, რომ ამ ბაზის მიზანი - სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა, მაგრამ ამ სიტყვების თვით მოსკოვშიც კი არ სჯერათ... ზოგის მოსაზრებით, ამ ნაბიჯით კრემლი სომხეთზე კი არა, აზერბაიჯანზე ფიქრობს: მას შემდეგ, რაც კრემლმა ფარული მოქმედებით თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებები ჩაშალა, ახლა სურს, ამგვარი შეთანხმების შესაძლებლობა სამომავლოდაც გამორიცხოს. კრემლმა სომხეთს გიუმრის ხელშეკრულებით, ერთგულების ვალდებულება უკვე დააკისრა, ახლა ის შეტრიალდება და ყარაბაღის კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, ბაქოსთან დაიწყებს ვაჭრობას...
რეალურად, რისთვის დასჭირდა მოსკოვს სომხეთთან ისედაც აწყობილი ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარება და რას შეიძლება ველოდოთ ამ სვლის შემდეგ? - ამ კითხვებით პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილს მივმართე.
ირაკლი სესიაშვილი:
- სულ ახლახან ვადა გაუვიდა ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც სომხურ ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზები 1997 წლიდან იდგა. კრემლის მხრიდან ამ ხელშეკრულების გახანგრძლივება სრულიად ლოგიკურია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მხარეები მხოლოდ იჯარის გახანგრძლივებით კი არ შემოიფარგლნენ, არამედ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ჩამოაყალიბეს.
- რას აძლევს რუსეთს ეს ყველაფერი?
- ამ ნაბიჯით მოსკოვი პირველ რიგში, აზერბაიჯანს აფრთხილებს, რომ არც იფიქროს ყარაბაღის პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტაზე. გარდა ამისა, ამერიკასა და ევროპას მიანიშნებს, რომ მოსკოვი, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, უკვე საკმაოდ ღრმად არის შეჭრილი სამხრეთ კავკასიაში, ლიდერობა უკვე მის ხელშია და დასავლეთმა თავი უნდა შეიკავოს აღმოსავლეთით გაფართოებისგან. გიუმრიში სამხედრო ბაზის იჯარის ვადის გაზრდის საქმეში, როგორც ჩანს, თავისი როლი ითამაშა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულმა დაძაბულობამაც. "ცხელი" კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, რუსეთი შეძლებს, წინ აღუდგეს კავკასიაში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარების განთავსებას, ასევე იქ არსებული ავიაბაზების გამოყენებას.
ამიერკავკასიის საჰაერო სივრცის კონტროლით სომხეთში, ასევე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საკუთარი ბაზების წყალობით, რუსეთს ძალუძს, აქ აშშ-ის ავიაციას მოქმედების შესაძლებლობა არ მისცეს. დაბოლოს: რუსეთი ამ ნაბიჯით ჩვენც გვაფრთხილებს, რომ თუ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით მოგვარებას გადავწყვეტთ, მოსკოვი ჩვენ წინააღმდეგ სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზასაც გამოიყენებს. როგორც მოგეხსენებათ, რუსულ სამხედრო დოქტრინაში წერია, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვს შეუძლია, თავისი სამხედრო ძალა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც გამოიყენოს.
- თუ მოსკოვი აზერბაიჯანის შეშინებას ცდილობს, მაშინ რითი შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ მან ბაქოს თავისი ყველაზე თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი - C-300 მიჰყიდა? ხომ არ ცდილობს მოსკოვი, ორმაგი სტანდარტით იმოქმედოს და ყარაბაღის ტერიტორიულ დავაში მთავარი შუამავლის როლი იკისროს?
- ყარაბაღის კონფლიქტში მოსკოვი უკვე ისედაც ერთადერთი და მთავარი შუამავალია, თუმცა ყველამ იცის, რომ კრემლს ამ დავის მოგვარება ხელს არ აძლევს. რუსეთი ნებისმიერ კონფლიქტს პოლიტიკური მანევრირების საშუალებად იყენებს. მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი აზერბაიჯანის გულის მოგებასაც ცდილობს. ამ ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. მოსკოვმა რომ ბაქოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიჰყიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შორის სტრატეგიული თანამშრომლობა შედგა ან მომავალში შედგება. ეს ფაქტი იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ რუსეთს უბრალოდ, იარაღის გაყიდვა სურდა. რუსულ-სომხური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაში, აზერბაიჯანს რა იარაღიც უნდა ჰქონდეს, თავისი მიზნების (ანუ ყარაბაღის პრობლემის) ძალისმიერი მეთოდით მოგვარებას მაინც ვერ შეძლებს.
- ფიქრობთ, რომ რუსულ-სომხური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი აზერბაიჯანს საკუთარ განზრახვაზე ხელს ააღებინებს? ოფიციალურმა ბაქომ მოსკოვს უკვე შეახსენა 2005-2007 წლებში ნაკისრი ვალდებულება, რომლის ძალითაც მოსკოვმა სომხეთში დისლოცირებული რუსული ჯარები აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენოს.
- დიახ, ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს. უფრო მეტსაც გეტყვით - სომხეთის ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ გიუმრის შეთანხმება შეაკავებს აზერბაიჯანს და ის ყარაბაღის გამო ახალ კონფლიქტს აღარ დაიწყებს, მაგრამ სომეხი ანალიტიკოსები ამ იმედიან განწყობილებას არ იზიარებენ. მათი აზრით, ცხადი არ არის, ამ რეგიონში ახალი ომის გაჩაღების შემთხვევაში ჩაერევა თუ არა მასში რუსეთი, რადგან კონფლიქტი სავარაუდოდ, ყარაბაღის ტერიტორიაზე წარიმართება, ყარაბაღი კი დამოუკიდებელ რესპუბლიკადაა გამოცხადებული და ოფიციალურად, სომხეთის ნაწილს არ წარმოადგენს. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, აზერბაიჯანს შეშფოთებისა და რუსეთზე განაწყენების საფუძველი არა აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებს მაშინ არღვევს, როცა უნდა და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი!
ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ევროპელი კოლეგები უეჭველად ურჩევენ, თავი შეიკავოს ყარაბაღის პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრისგან და მაგალითად, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს მოუყვანენ. ოფიციალური მოსკოვი ხელშეკრულებებსა და პირობებს რომ ასრულებდეს, ახლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული კი არ ექნებოდა.
- დასავლეთის გარდა, აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი და მოკავშირე - თურქეთია. თქვენი აზრით, თურქეთი ასე ადვილად შეეგუება რეგიონში რუსეთის გაბატონებას?
- მართალია, თურქეთი აზერბაიჯანის მოძმე ქვეყანაა და არც რეგიონში რუსეთის გაძლიერება ახარებს, მაგრამ ახლა მას რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელს აძლევს. რუსეთ-თურქეთს შორის დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს: ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეც კი მსჯელობენ. ანკარისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთში ბევრი რუსი ტურისტი ჩადის... თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი კონფლიქტი გაჩაღდება და მასში რუსეთიც ჩაერევა, თურქეთი ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდება, რადგან იძულებული გახდება, აზერბაიჯანს დაეხმაროს, რუსეთთან ომი კი მისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. ამიტომ ანკარა ყველანაირად შეეცდება, აზერბაიჯანს სამხედრო ძალის გამოყენება გადააფიქრებინოს.
- ასეთ სიტუაციაში, ბაქოსთვის, ისევე, როგორც თბილისისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა - საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის თაობაზე, მართლაც, კარგი გამოსავალი ხომ არ არის? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯავახეთში რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას, რუსეთ-სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი არც ჩვენ უნდა გვაძლევდეს მშვიდი ძილის საშუალებას.
- ჩემი აზრით, თბილისისა და ბაქოს სურვილი, შექმნან კონფედერაცია, რუსულ-სომხურ ხელშეკრულებაზე "ჯვარედინი პასუხია". ქართულ-აზერბაიჯანულმა კონფედერაციამ შესაძლოა, მართლაც მოახერხოს სამხედრო ბალანსის დაცვა სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ ამ საკითხს ჩვენი მხრიდან ძალზე გონივრული მიდგომა და განსაკუთრებული ანალიზი ესაჭიროება. კონფედერაცია ჩვენთვის გარკვეულ საფრთხეებსაც მოიცავს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ამ საკითხის გადაწყვეტისას, იმ ადამიანების აზრი გაითვალისწინოს, რომელთაც ჭკუა მოეკითხებათ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ ცალმხრივად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და პროფესიონალების აზრის უგულვებელყოფამ კატასტროფული შედეგები მოგვიტანა. იმედია, პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა მაინც გაითვალისწინებს კომპეტენტური ადამიანების შეხედულებებს და მათთან მსჯელობის შედეგად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კონფედერაციასთან დაკავშირებით.
- კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა საფრთხეებს შეიცავს კონფედერაცია ჩვენთვის?
- ამაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია, იმიტომ, რომ არ ვიცით, როგორია ჩვენი ხელისუფლების გეგმა ან რა პასუხისმგებლობას კისრულობს ჩვენი ქვეყანა. იმედია, ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან არ გამოიტანს ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
07:05 / 28-08-2010
ახალი რუსული ფანდი - კავკასიელთა დასაპირისპირებლად






















