ჩვენი საგამომცემლო სახლის სამხედრო-ანალიტიკურმა ჟურნალმა "არსენალმა" მეასე ნომერი მიითვალა! ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ მისი რედაქტორების - ირაკლი ალადაშვილისა და გიორგი ჟორჟოლიანის სტატიას და წერილს, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლები მკითხველს ამ გამოცემაზე საკუთარ შეხედულებებს უზიარებენ.
ასი ნომერი თითქოს არცთუ ისე ბევრია, მით უმეტეს, თითქმის ექვსი წლის განმავლობაში, მაგრამ დაგვიჯერეთ, თითოეული ნომერი მართლაც რომ დიდი შრომის ფასად იქმნებოდა. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის შექმნის იდეა "კვირის პალიტრაში" 1996 წლიდან დაწყებული რუბრიკა "არსენალის" ბაზაზე დაიბადა.
2004 წლის 26 მაისს "არსენალის" პირველმა ნომერმა იხილა დღის სინათლე. ჩვენ შემთხვევით არ დაგვიმთხვევია ახალი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის - ძალიან გვინდოდა, ამ ჟურნალით პატარა წვლილი მაინც შეგვეტანა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და საზოგადოებაში სამხედრო თემა აქტუალური და საინტერესო გაგვეხადა...
"არსენალის" პირველი ნომრის 100 ეგზემპლარი ამ სტატიის ავტორმა (რომელიც მაშინ ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სამხედრო აღლუმის კომენტირებას ახდენდა) რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილ სამხედროებსა და მოქალაქეებს საჩუქრად დაურიგა.
ეს იყო ჩვენი "არსენალის" ყველაზე გამართლებული პრეზენტაცია, "არსენალის" მეორე ნომერი კი უკვე ომის ქარცეცხლში იბადებოდა...
2004 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში დაიწყო მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც შეიძლება, ფართომასშტაბიან ომში გადაზრდილიყო, მაგრამ მაშინ საქართველოს პრეზიდენტს ეყო გამჭრიახობა და 19 აგვისტოს ჯარები გამოიყვანა კონფლიქტის ზონიდან...
23 აგვისტოს პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი ინიციატივით ამ სტატიის ავტორს შეხვდა. რამდენიმესაათიანი საუბრის დროს, რომელიც არ იყო განკუთვნილი გამოსაქვეყნებლად, ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის რამდენიმე დღით ადრე შეჩერებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზეც ცხინვალთან, რომელიც უკვე ნამდვილ ომში გადადიოდა (ჩვენდა სამწუხაროდ, 2004 წლის აგვისტოს მძიმე გამოცდილება არ იქნა გამოყენებული 2008 წლის აგვისტოს, როდესაც მორიგი შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა).
ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა უბრძანა თავდაცვის სამინისტროს, რომ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" ნომრების განსაზღვრული რაოდენობა არმიაში სამხედრო მოსამსახურეებს დარიგებოდა. ეს დიდი დახმარება იყო ჩვენი, ჯერ კიდევ ფეხზე ახალდამდგარი "არსენალისთვის", მაგრამ ეს მხოლოდ სამი თვე გაგრძელდა.
2004 წლის დამლევიდან თავდაცვის მინისტრის პოსტზე მოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ განუცხადა "არსენალს", - თუ ჟურნალში კრიტიკული მასალების გამოქვეყნება გაგრძელდება, ჩვენ აღარ ვითანამშრომლებთო.
მაშინ "არსენალი" არჩევანის წინ იდგა: ან შეეწყვიტა დასაბუთებული კრიტიკული სტატიების გამოქვეყნება შეიარაღებულ ძალებზე და გამხდარიყო არაოფიციალურად საუწყებო ჟურნალი და დაეკარგა ის მკითხველები, რომლებიც უკვე მოუთმენლად ელოდნენ ჟურნალის ყოველი მომდევნო ნომრის გამოსვლას, ან გაეგრძელებინა დამოუკიდებელი, მხოლოდ ობიექტურობაზე დაფუძნებული არსებობა.
ბუნებრივია, "არსენალმა" მეორე გზა აირჩია, რის გამოც თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილისა და გენშტაბის უფროს ნიკოლეიშვილის პირადი მტრები გავხდით. "არსენალის" ჟურნალისტებისთვის ჩაიკეტა ყველა სამხედრო ნაწილის კარი, რაც მართლაც დიდი დარტყმა გახლდათ, რადგან თუკი სამხედრო თემებზე მომუშავე ჟურნალისტი ოფიციალურად ვერ შევიდა სამხედრო ნაწილში და არ დაუშვეს სამხედრო სწავლებებზე, ჟურნალი და, რა თქმა უნდა, მკითხველიც ბევრს დაკარგავს.
ასე გრძელდებოდა 2007 წლამდე, მაგრამ "არსენალის" პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიუხედავად, ჟურნალში მაინც ქვეყნდებოდა ჟურნალისტური გამოძიებები მთელ რიგ დარღვევაზე (განსაკუთრებით შეიარაღების გაზრდილ ფასად და გაუმართავ მდგომარეობაში ყიდვის თაობაზე), რამაც მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მიწოდებით თავად პრეზიდენტიც ნეგატიურად განაწყო "არსენალის" მიმართ. სულაც არ გვინდა ნიშნის მოგებით ვთქვათ, რომ სწორედ ის საკითხები, რაშიც "არსენალი" ოქრუაშვილს, ნიკოლეიშვილსა და მის გუნდს აკრიტიკებდა, მთავარი მიზეზი შეიქნა სააკაშვილის მიერ ოქრუაშვილის გუნდის ჩამოშორებისა.
2007 წლიდან "არსენალისთვის" სამხედრო ნაწილები მეტ-ნაკლებად გაიღო, თუმცა შეზღუდვები კვლავ გრძელდებოდა. ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტროში არ უხაროდათ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობისადმი. როდესაც გვიმტკიცებდნენ, ნახეთ, რა ლამაზი სამხედრო აღლუმი ჩავატარეთ, რით ხართ უკმაყოფილოო, ვპასუხობდით, რომ აღლუმსა და რეალურ ბრძოლას შორის უდიდესი განსხვავებაა და პიარარმიის შექმნა მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუებაა.
სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომმა დაადასტურა "არსენალის" შიში - სულ რაღაც ოთხდღიან ომში გამოჩნდა ქართული არმიის ყველა ის დამალული პრობლემა, რომელიც აღლუმებზე არ ჩანდა, პირველ რიგში კი მართვის უსუსტესი ორგანიზაცია, აუწყობელი კავშირგაბმულობა, დაზვერვის არარსებობა და ყველა დონის მეთაურის მომზადების ძალიან დაბალი დონე.
მარტო ტანკებისა თუ სხვა შეიარაღების შესყიდვით ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად პრობლემებს ვერ გადავწყვეტდით, მით უმეტეს, რომ ამ საბრძოლო ტექნიკის შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი არმიამ უცოდინარობის გამო ვერ გამოიყენა, ზოგჯერ კი გაბერილ ფასად ნაყიდი იარაღი მწყობრიდან გამოსული და არაბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა.
"არსენალმა" 2008 წლის ომისა და მის შემდგომ პერიოდში მაქსიმალური დაძაბვით იმუშავა. სწორედ ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნდა პირველად ქართული არტილერიისა და ავიაციის მოქმედების დეტალები და სხვა ექსკლუზიური მასალები, რომლებიც მაშინვე გადაბეჭდეს უცხოურმა ჟურნალ-გაზეთებმა და ინტერნეტგამოცემებმა.
დღესაც "არსენალის" ურთიერთობა მთავარ სამხედრო უწყებასთან არ არის მარტივი, თუმცა ანალოგიური პრობლემები სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც ექმნებათ, სახელმწიფოსთან დაახლოებული ტელევიზიების გარდა.
სახელისუფლებო სტრუქტურებში ბევრი ვერ ხვდება, რომ "არსენალი" საქართველოში ერთადერთი სპეციალიზებული სამხედრო ჟურნალია და მასში კაპრალმაც და ოფიცერმაც შეიძლება ამოიკითხოს ის ინფორმაცია, რომელსაც დღეს არც თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ასწავლიან და სამწუხაროდ, არც მათმა მეთაურებმა იციან...
რედაქციამ ძალიან კარგად იცის, რომ "არსენალი" უნიკალური არ არის, ჩვენც მოგვდის შეცდომები და, ალბათ, მომავალშიც მოგვივა, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო ვიხვეწებით და მეტად პროფესიონალური ვხდებით. მათ კი, ვინც ობიექტურად (ზოგჯერ კი სუბიექტურად და დაუსაბუთებლად) გვაკრიტიკებს, კიდევ ერთხელ შევთავაზებთ: ითანამშრომლეთ "არსენალთან", მობრძანდით რედაქციაში, გამოგვიგზავნეთ სტატიები, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.
რაც უფრო მეტი ავტორი გამოჩნდება "არსენალის" ფურცლებზე, მით მოიგებს მკითხველი, რადგან ჩვენ, ყველანი, საერთო საქმეს გავაკეთებთ: საქართველოში საბრძოლო სულისკვეთებისა და სამხედრო ცოდნის დონეს ავამაღლებთ, რაც ნამდვილად დიდი მამულიშვილური საქმეა!
რედაქტორები:
ირაკლი ალადაშვილი
გიორგი ჟორჟოლიანი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
09:34 / 11-03-2010
100 გასროლა მიზანში!






















