მარიკა ფხალაძე, გიორგი დემეტრაძის ადვოკატი:
- ბრალდების მხარე ისევ არ გვაცნობს საქმის მასალებს. საქმე ისე გადაგზავნეს სასამართლოში და ისე დამთავრდა წინასწარი გამოძიება, ჩვენთვის უცნობია იმ მტკიცებულებების შესახებ, რითაც ბრალდების მხარე დემეტრაძის ბრალეულობას ადასტურებს. ამის გამო ჩვენ დაცვა სრულფასოვნად ვერ განვახორციელეთ. ამ თემაზე საერთოდ პასუხს არავინ გვცემს და არ გვიხსნიან, რის გამო არ გვაცნობენ საქმის მასალებს. თვითონ გიორგი დემეტრაძემ მიმართა გია არსენიშვილს პარლამენტში, რომელმაც თავის მხრივ მიმართა მთავარ პროკურორ ზოდელავას, მაგრამ არც მისთვის და არც ჩვენთვის პასუხი არავის უცნობებია. თავდებობისთვის საკმარისი იყო ორი პიროვნება - კახი კალაძე და ინგა გრიგოლია. მივმართეთ შუამდგომლობით, რომ ემსჯელათ ამ საკითხზე, მიეღოთ გადაწყვეტილება და პატიმრობა თავდებობით შეეცვალათ.
ამაზეც უარი თქვეს. მოგვივიდა პასუხი, რომ პროკურორმა თურმე გამომძიებელს გაუგზავნა ეს შუამდგომლობა, რაც კანონდარღვევა და აბსურდია. გამომძიებელს არ აქვს უფლება, იმსჯელოს ამ საკითხზე და მიმართოს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ. დემეტრაძე აღშფოთებულია, რა ქურდებზე და რა ქურდულ სამყაროზეა ლაპარაკი, ხომ არ გადაირივნენო. გიორგი ყველა შეხვედრაზე მისვამს ერთსა და იმავე შეკითხვას: "ამიხსენი, რა უნდათ ჩემგან?" აღმკვეთ ღონისძიებას არ ცვლიან, როგორც მისირელის შემთხვევაში, - ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე რომ გაათავისუფლეს. მას სიმსივნე აქვს და პროგრამაშია ჩართული, ნარკოტიკების შემცველ პრეპარატებზე ჰყავთ გადაყვანილი. გამოძიება მიხვდა, რომ პოლიციის თანამშრომელი არ შეიძლება ჩაითვალოს ქურდული სამყაროს წევრად.
მათ ავიწყდებათ, ან არ იციან, რომ არც სპორტსმენი შეიძლება განიხილებოდეს იმავე სამყაროს წევრად.
ერთადერთი მოტივი, რის გამოც დემეტრაძეა დაკავებული, არის ის, რომ ვატო ყიფიანი კიევში გიორგის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა. კახი კალაძე დემეტრაძის გათავისუფლებაში გამოძიებას ფინანსურ გარანტიებს ჰპირდებოდა, მაგრამ უარი თქვეს. თუკი გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, დაცვის მხარეს ამდენს რატომ ალაპარაკებდა, საქმეს მოგვცემდნენ გასაცნობად.
ამას კი იმიტომ არ აკეთებენ, რომ დემეტრაძეს რამე საპირისპიროს დამტკიცების საშუალება არ მისცემოდა. გიორგისთან ერთხელ შევიდნენ სამართალდამცველები და თანამშრომლობა შესთავაზეს, რისთვისაც საპროცესო შეთანხმების გაფორმება აღუთქვეს. როცა გიორგიმ ჰკითხა, როგორი უნდა ყოფილიყო თანამშრომლობა, უთხრეს ეთქვა, რომ კვიჟინაძე მან დააკავშირა ყიფიანს. გიორგიმ ეს კატეგორიულად უარყო, - რა სჭირდათ ჩემი დასაკავშირებელიო. ისინი თუ ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, დემეტრაძე არ იყო საქმის კურსში და ცრუ ჩვენებას ვერ მისცემდა იმის გამო, რომ მას წინასწარი პატიმრობიდან თავი დაეღწია.
გიორგის ისიც კი შევთავაზე, მოდი, გავარკვიოთ, შენგან რა დეტალის ცოდნა და რა სახის თანამშრომლობა უნდათ-მეთქი. კატეგორიული უარი განაცხადა, - ამდენი წელი ადამიანურად მიცხოვრია და აბსურდის მტკიცებას და თავის მართლებას ვერ დავიწყებო. ბევრგან დაიწერა, თითქოს, დემეტრაძისგან კალაძეზე ითხოვდნენ კომპრომატებს, რაც აბსურდია, მსგავსი არაფერი ყოფილა. ისიც მითხრეს, გავიგეთ, თურმე კალაძეს გამოჰყავს დემეტრაძეო. მსგავსი არაფერი ხდება.
რაც შეეხება ყიფიანს, მის მიმართ სამართალდამცველებისა და ხელისუფლების მხრიდან თავიდანვე დიდი აგრესია იყო. მას თავის დროზე შეუთითხნეს საქმე, მაგრამ სასამართლოზე მტკიცებულებათა არარსებობის გამო გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, რაც ვერაფრით მოინელეს. ვერ მოინელეს, ყიფიანი დიდხანს რომ ვერ ჰყავდათ პატიმრობაში. რა, თავის დროზე არ იცოდნენ ყიფიანის საქმიანობა? პრეზიდენტს ხშირად უთქვამს, რომ ის არ არის კანონიერი ქურდი, მაგრამ კანონიერ ქურდებზე მეტი ავტორიტეტიაო. მასაც ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. ასეთ შემთხვევაში, სად არის ეს სამყარო? ერთი კანონიერი ქურდი ხომ მაინც უნდა არსებობდეს?
ჩვენ კვლავ დავაყენეთ შუამდგომლობა საქმის მასალების გაცნობის შესახებ. მერე შევეცდებით, დაცვისთვის მოვემზადოთ, თუ, რა თქმა უნდა, ისევე სწრაფად არ ჩაგვინიშნეს პროცესი, როგორც აღმკვეთი ღონისძიების დროს. გიორგი 5 დღით კარცერში ჰყავდათ, იგი ამბობს, რომ მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს, აღიარებითი ჩვენება რომ მიეღოთ. გიორგი ყოველდღიურად ვარჯიშობს საკანში და ამაში თანამესაკნეებიც აიყოლია. როგორც ჩანს, ვარჯიშისას ცოტა ხმამაღლა საუბრობდნენ და ოთხი კაცი ჩასვეს კარცერში. მითხრა, რის გამოც ჩამსვეს, იმას ყოველდღიურად ვაკეთებდით საკანში და არც არავის გავუფრთხილებივარ, თუ არ შეიძლებოდაო. მას ერთადერთი შეკითხვა აქვს: რა უნდათ ჩემგან და რისთვის უნდა გამასამართლონ ასე "ზანგივითო". ეს სიტყვა პრეზიდენტმა შემოიტანა, ჩვენ - არა.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...