ერმილე თორთლაძე 2005 წელს დააკავეს ნარკოტიკების მოხმარება-გასაღებისთვის და 18 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. დაცვის მხარემ განაჩენი სტრასბურის სასამართლოში გაასაჩივრა.
მანანა კობახიძე, ერმილე თორთლაძის ადვოკატი:
- ევროსასამართლოში რამდენიმე საქმე გაიგზავნა, ერთი მაშინ, როდესაც ერმილე თორთლაძე საპროცესო დარღვევებით დააკავეს, მეორე, როცა სასამართლოს ყველა ინსტანცია ამოიწურა. ცალკეა მისი ჯანმრთელობის გაუარესება და არაადამიანური მოპყრობა, - მას დაკავებისას ინფარქტი განუვითარდა და მძიმე ავადმყოფია. გაუკეთდა კარდიოსტიმულატორის ინპლანტაცია, რომელიც დაახლოებით 15 ათასი ევრო დაჯდა.
- ოპერაციის ხარჯები ვინ დაფარა?
- ხარჯი სახელმწიფომ დაფარა არა თავისი ნებით და სურვილით, არამედ ევროპის სასამართლოს მკაცრი მითითებით. თორთლაძის გულის მუშაობა ამ აპარატის გარეშე შეუძლებელია. ასეთი მძიმე ავადმყოფის მოთავსება ციხის საავადმყოფოში დაუშვებელია, პაციენტი კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ციხის საავადმყოფოში ამის პირობები არ არის. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას, რომ იგი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაეყვანათ. თავდაპირველად მოათავსეს ანზორ მელიას კლინიკაში, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. როგორც ჩანს, სახელმწიფოს ძვირი უჯდებოდა მისი იქ ყოფნა, ამიტომაც დააბრუნეს უკან.
სახელმწიფომ აღარ დააფინანსა კლინიკა და მელიას დააწერინეს, - მკურნალობა აღარ სჭირდებაო. თორთლაძემ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია და ხომ აქვს ადამიანურ პირობებში სიკვდილის უფლება? პატიმრის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა და ასეთ პირობებში შედგა კონსილიუმი, რომელშიც ციხის ექიმები და ნარკოლოგები მონაწილეობდნენ. ანზორ მელიას კლინიკიდან მხოლოდ ერთი ექიმი მოვიდა. პატიმარს არც არაფერი ჰკითხეს, არ მოუსმინეს და მორფინის აუცილებელი დოზა, რომელსაც კუნთში უკეთებდნენ, გაუნახევრეს. მორფინი თავის დროზე ანზორ მელიამ დაუნიშნა. ამას იმით ხსნიან, თითქოს პატიმრის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც სიცრუეა. მორფინის გარეშე თორთლაძეს ფეხზე დგომაც კი უჭირს.
ვერაფრით ახსნეს, რატომ მოუხსნეს მორფინი, რომელსაც დილა-საღამოს უკეთებდნენ. ამის გამო, ადვილი შესაძლებელია, ლეტალური შედეგი მივიღოთ. პატიმარი, რომელიც მიმართვებს გზავნის ევროსასამართლოში, ამათთვის მიუღებელია და სამაგიეროს უხდიან. ასე ხდება არა მარტო თორთლაძის, არამედ ყველას მიმართ, ვისი საქმეც ევროსასამართლოშია გაგზავნილი. ევროსასამართლო იქიდან მითითებებს აძლევს და ვალდებულებებს აკისრებს სახელმწიფოს, რაც ძვირი უჯდებათ. ამათ კი ისღა რჩებათ, რომ პატიმრებს დაემუქრონ.
ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანს ორი მუხლი აქვს წაყენებული, - ნარკოტიკების მოხმარება და გასაღება. პირველ ნაწილს, როგორც იცით, ამნისტია შეეხო და როგორც კი ეს კანონი გამოვიდა, თორთლაძემ მიმართა სასამართლოს, რომ მისთვის სასჯელი შეემცირებინათ, მაგრამ სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად უთხრა უარი. თორთლაძეს დანაშაული არ ჩაუდენია და რომც ჩაედინა, არ უმტკიცდება. საქმე შეთითხნილია, განაჩენი კი - დაუსაბუთებელი.
- ვის და რატომ უნდა შეეთითხნა თორთლაძისთვის საქმე?
- მას, როგორც კონსულს, ხელი მიუწვდებოდა და ფლობდა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. თორთლაძით ქართული სპეცსამსახურები იყვნენ დაინტერესებული. არსებობს ჩანაწერებიც, როგორ მივიდა მასთან მაღალჩინოსანი და როგორ სთხოვდა თანამშრომლობას. ჩანაწერები სასამართლოშიც წარვადგინეთ, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...