მინდა გაგაცნოთ ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი პოლიციელი. ის ალბათ ერთადერთი პოლიციელია, რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ, მის მიერ დაკავებულ სამართალდამრღვევებსაც უყვართ და პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, უფროსის მისაღებში ხელში აყვანილიც კი შეუყვანიათ.
პოლიციის ლეიტენანტი - ეკა გულუაშვილი შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია და ამავე დროს - მწერალთა კავშირის წევრიც. მისთვის ინტერვიუ უცხო არ არის, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ, ინტერვიუს სხვებს თავად ართმევდა. ეკა ყოფილი ჟურნალისტია, თანაც - რეგიონში საკმაოდ ცნობილი. - ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- ბავშვობაში, როცა ჩემი ტოლი გოგონები კაბებითა და სამკაულებით იწონებდნენ თავს, მე ბაბუის ნაქონ სამხედრო ფორმაში "ვძვრებოდი" და გულზე მედლებსა და ორდენებს ვიბნევდი; როცა ჩემი მეგობრები მარკებსა და თოჯინებს აგროვებდნენ, მე მედლებისა და სამკერდე ნიშნების შეგროვებით ვიყავი გატაცებული. ამ ნიმუშებს ყოველთვის მკერდზე ვატარებდი, რის გამოც ყველა მაისური გაფუჭებული მქონდა. არ მესმოდა, ჩემს დანახვაზე ქუჩაში, გამვლელებს რატომ ეღიმებოდათ. დედა გმირ ქალებზე ლეგენდებსა და თქმულებებს ხშირად გვიკითხავდა. მინდოდა, მეც მათნაირი ვყოფილიყავი. ახლაც არ მიყვარს უსუსური, მტირალა ქალი, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია.
- გეამაყება, პოლიციელი რომ ხარ?
- ძალიან, ქუჩაში რომ დავდივარ, ყოველთვის ვგრძნობ გამვლელთა დაჟინებულ მზერას. მართალია, დღეს ქალების რიცხვმა პოლიციაში იმატა, მაგრამ მაინც იშვიათობაა პოლიციელი ქალი. კომპლიმენტს ხშირად მეუბნებიან...
- სანამ პოლიციელი გახდებოდი, რეგიონში ცნობილი ჟურნალისტი იყავი. როგორ მოხდა შენი ასეთი მეტამორფოზა?
- ძალიან რომანტიკული ბავშვი ვიყავი. ვწერდი რომანებს, მოთხრობებს, ლექსებს. ერთ-ერთი რომანი - "ჩვენ დავბრუნდებით" 1991-1992 წლებში სამაჩაბლოში დატრიალებულ მოვლენებს მივუძღვენი. ახლა მის გაგრძელებას ვწერ. ვთანამშრომლობდი გაზეთებში - "ყაყაჩო", "გორის მოამბე". ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავწერე პროექტი და გორის ტელევიზიაში მივიტანე. გადაცემას "სპექტრი" დავარქვი. პროექტი ისე მოეწონათ, საცდელი გადაცემის გარეშე, მაშინვე პირდაპირ ეთერში გამიშვეს. სტუდიაში ოცდაოთხი სტუმარი მყავდა, საუბარი სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა. იქ ყველაფერი მე ვიყავი: ავტორიც, წამყვანიც, სიუჟეტებსაც თავად ვამზადებდი. ვცდილობდი, რაც შეიძლება, მწვავე თემა ამერჩია და სტუმრებიც ისეთები მომეწვია, რომ გადაცემა ცხარე და სანახაობრივი გამოსულიყო... ერთფეროვნება არ მიყვარს. ამიტომაც მალე მომწყინდა დახურულ სივრცეში მუშაობა და გადაცემის ფორმატი და შინაარსი შევცვალე.
- და რა სფერო აირჩიე?
- გადაცემა - "წარსულიდან აწმყომდე" მაყურებელს შიდა ქართლის ულამაზეს ადგილებს აცნობდა. მიყვარს ჩემი სამშობლო! - ტყე-ღრეში ხეტიალი, კლდეებზე ძრომიალი... ბალახში ფეხშიშველი დავრბოდი, წყალში ვტოპავდი, ოპერატორი მიღებდა - როგორ ვჩეხდი შეშას, როგორ ვწველიდი ძროხას, თონეში როგორ ვაკრავდი პურს... გადაცემის ჩაწერის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ისე "შევდიოდი როლში", ამ ყველაფერს კამერისთვის რომ ვაკეთებდი, მავიწყდებოდა... შემდეგ გადაცემას ატენის სიონის შესახებ ვამზადებდი. ადგილზე რომ მივედით, სიონის ეზოში ბიჭები უპოვართათვის ლეღვს კრეფდნენ. ხეს ძალიან ბევრი ესხა. ვიფიქრე: მივეხმარები, რომ მალე დაამთავრონ და ხელი აღარ შეგვიშალონ-მეთქი და უმალ ხის კენწეროში მოვექეცი. სანამ ბოლო ნაყოფი არ მოვწყვიტე, არ ჩამოვედი. შემდეგ ავედით სამრეკლოზე - იქიდან ატენის ხეობის უმშვენიერესი ბუნება მოჩანს. ერთ-ერთ საეკლესიო დღესასწაულზე ვსაუბრობდი. მაყურებლისთვის მინდოდა, მეჩვენებინა, თუ როგორ სრულდება ზარის ჩამოკვრის რიტუალი: ავხტი და ზარი სამჯერ დავრეკე. თურმე იქ ასვლის უფლება მხოლოდ ბერსა და მოძღვარს აქვს, ქალისთვის კი ეს ყოვლად დაუშვებელია. ატყდა ერთი ამბავი: ეკლესიასთან თვალის დახამხამებაში, თავი უამრავმა დედაომ მოიყარა: რა მოხდა, რა განგაშიაო?! ძალიან შეგვეშინდა, აღარ ვიცოდით, სად დავმალულიყავით... მოძღვარმა საქციელი გვაპატია და ტრაპეზზეც მიგვიპატიჟა.
- ალბათ სოფელ-სოფელ სიარულიც მალე მოგწყინდა, არა?
- როგორც გითხარით, ცვლილებები მიყვარს. კამერა უკვე აღარ მინდოდა და კალამს მოვკიდე ხელი. გავხდი ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი. გაზეთის მიზანი იყო - ოსურ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებაში წვლილის შეტანა. არასამთავრობო ორგანიზაცია კონკურსს აცხადებდა. დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს - კონფლიქტის ზონაში ჟურნალისტთა კავშირი ჩამომეყალიბებინა. ჩემი ბოლო ცდა გაზეთი "ლომჭაბუკი" იყო. თვე-ნახევარი ვიმუშავე და მივხვდი, რომ ამ სფეროში თავი ამოვწურე. ჩაქრა ის ცეცხლი, რაც თავიდან მქონდა. წასვლის შესახებ განცხადება რომ დავწერე, შვებით ამოვისუნთქე. - ახლა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გართობა იყო. ჩემში ახალი საქმის კეთების სურვილი გაჩნდა. დადგა დრო, ბავშვობის ოცნებისთვის ხორცი შემესხა...
- მოდი, ჯერ პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე გვიამბე.
- რომანტიკული თავგადასავლები არასდროს მქონია. ვერ მოვასწარი. არ მიყვარს, როცა მამაკაცი ბევრს ლაპარაკობს და ტვინს ათასი სისულელით "გიჭედავს". რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის ჩემზე ექვსი წლით უფროსია. მეზობელი იყო და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. მისთვის მე თავიდან მხოლოდ პატარა ბავშვი ვიყავი - ზურგზე შემისვამდა და ასე მატარებდა ხოლმე. მაგრამ ერთ დღეს, ყველაფერი შეიცვალა: ვატყობდი, რომ სხვანაირად მიყურებდა, სხვანაირად მეთამაშებოდა... ცოლად რომ გავყევი, 19 წლის ვიყავი. ტრადიციისამებრ ჯერ დამნიშნეს და შემდეგ კი ვიქორწინეთ. მალე სალომე შემეძინა. მეუღლე მოჭიდავე იყო, მაგრამ ტრავმის შემდეგ სპორტს თავი დაანება. არ ვარ ის ქალი, რომელიც ვინმეზე ან რამეზე არის დამოკიდებული, თავისუფლებას ვერ შეველევი. ჩემი სურვილით სოფლიდან წამოვედით და გორში ბინა ვიქირავეთ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი მუშაობაც დავიწყე. ჩემი გოგონა ყველგან თან დამყავდა: რესპონდენტთან, გადაცემის ჩაწერაზე... ახლა თერთმეტი წლისაა და გაცილებით კონტაქტური გახდა, ვიდრე მანამდე იყო. მინდა ძლიერ, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
- მთავარს დავუბრუნდეთ. როგორ გახდი პოლიციელი?
- 2007 წლის ზაფხულში, შემთხვევით გავიგე, რომ უბნის ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. საბუთები ბოლო დღეს შევიტანე. ტესტირება კარგად გავიარე, შემდეგი ეტაპი გასაუბრება იყო. მეგობრები მაფრთხილებდნენ, არ მეთქვა, რომ ჟურნალისტი ვიყავი - არ მიგიღებენო. ასმეცამეტე ნომერი ვიყავი. კომისიის წევრები გადაღლილები ჩანდნენ. "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს", ამიტომ სიმართლის თქმა ვამჯობინე. ვთქვი, რომ მწერალთა კავშირის წევრი ვარ და წლების განმავლობაში ჟურნალისტად ვმუშაობდი. უცებ გამოცოცხლდნენ, გახალისდნენ, უამრავი კითხვა მომაყრეს; უკვირდათ - მწერალსა და ჟურნალისტს, პოლიციელობა რამ გადაგაწყვეტინაო?! დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მიმიღებდნენ, მაგრამ სასწაული მოხდა და კონკურსში გავიმარჯვე. ერთი თვით თბილისში, სასწავლებლად პოლიციის აკადემიაში გამგზავნეს.
- მეუღლემ როგორ მიიღო ეს ამბავი?
- მან არაფერი იცოდა. მას მოულოდნელად განვუცხადე: პოლიციის აკადემიაში ვიწყებ სწავლას-მეთქი. როგორც გითხარით, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა. მეუღლემ მითხრა: შენგან არაფერი გამიკვირდებაო. მიჩვეული იყო ჩემს სპონტანურ გადაწყვეტილებებს.
- აკადემიაში სწავლას როგორ გაართვი თავი?
- აკადემიაში დიდი სიმკაცრე იყო, სასწავლო გეგმაც რთული გახლდათ. ყოველდღე ორი-სამი გამოცდის ჩაბარება გვიწევდა (სისხლის სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალში). ვინც ვერ აბარებდა, ავტომატურად ირიცხებოდა. ბოლოს რამდენიმე ადამიანი დავრჩით. იქ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
- როგორი იყო შენი პირველი სამუშაო დღე?
- აკადემიის დამთავრების შემდეგ უბნის ინსპექტორად დავინიშნე. პატარა ბავშვივით მიხაროდა, ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა და ფორმას როდის ჩავიცვამდი. საკმაოდ დიდი გზა ფეხით გავიარე - მინდოდა, ყველას დავენახე. სამსახურში გამოგვიცხადეს: თქვენი სამუშაო დღე იწყება 00 საათზე და მთავრდება 00 საათზეო. იმ დღეს გავიგე, რომ ოცდაოთხსაათიანი სამუშაო გრაფიკით უნდა მეცხოვრა... სამსახურში ერთი კვირის მისული ვიყავი. ოთახში დაკავებული ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს. ცოტა ხნით მარტონი დავრჩით. ისე გულისამაჩუყებლად ჰყვებოდა თავის ამბავს, თავი ისე შემაცოდა, მეც მასთან ერთად ვტიროდი. ბოლოს მითხრა: რა მექნა, ძალიან მიჭირდა და ამიტომ ვყიდდი ნარკოტიკებსო. ამის შემდეგ ცრემლები აღარ დამიღვრია...
- დამნაშავის აყვანაში თუ მიგიღია მონაწილეობა?
- მიმიღია, თუმცა პოლიციელის საქმე მხოლოდ დამნაშავის დაჭერა არაა, მას საზოგადოებასთან ურთიერთობა, მასზე დადებითი გავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს. მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ნდობით აღჭურვილმა პირმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ბინაში ნარკომანები ხშირად იკრიბებოდნენ. ერთ დღესაც ისინი ფაქტზე ავიყვანეთ. სამმართველოს შენობაში რომ გადავიყვანეთ, ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც აღმოჩნდა, რომ სამი წლის ბიჭი ჰყოლია, ბევრი ვესაუბრე მის უსაქციელობაზე; ვუხსნიდი, თუ რა მაგალითს აძლევდა შვილს. იმდენი ველაპარაკე, რომ კამათიც კი მოგვივიდა. დაკავებულებს ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს. ორი თვე რომ გავიდა, სამმართველოში ის ახალგაზრდა მოვიდა და მიკითხა. შენობაში დადიოდა და კარდაკარ მეძებდა.
მოულოდნელად დერეფანში შემეფეთა. ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, ცუდი განზრახვით მოვიდა-მეთქი. ჩამჭიდა ხელი და უფროსის ოთახამდე მიმიყვანა, მერე ხელში ამიტაცა და კაბინეტში ისე შემიყვანა. ყოველთვის ისე მორიდებულად შევდიოდი უფროსთან და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, გაოგნებული ვიყავი. მან ჩემს უფროსს უთხრა: ამ ქალბატონმა ცხოვრება შემინარჩუნა, შვილს მამა დაუბრუნაო. ისე მაქო და მადიდა, შემრცხვა კიდეც - გალექსილი ლაპარაკობდა.
თურმე ამ ბიჭზე ისეთი გავლენა მომიხდენია, სურვილი გაუჩნდა, ნარკოტიკებისთვის თავი დაენებებინა. მეორედ ჩვენს ხელში აღარ ჩავარდნილა. დანამდვილებით ვიცი, ახლა წესიერ, პატიოსან ცხოვრებას ეწევა. ძალიან მიხარია, რომ სამართალდამრღვევებს, რომლებთანაც უშუალო შეხება მქონია, მათთვის ყველაზე ბედნიერ წუთებში ვახსენდები. ახალ წელს ერთ-ერთმა დამირეკა და მახარა, გოგო შემეძინა და შენი სახელი დავარქვიო...
- მაინტერესებს, ასეთი დატვირთული გრაფიკით დიასახლისობას როგორ ახერხებ?
- პოლიციაში მუშაობა რომ დავიწყე, მშობლები შეშინდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ფათერაკიანი და სახიფათო პროფესია ავირჩიე. ჟურნალისტი რომ ვიყავი, ქმრის ნათესავებს ეამაყებოდათ, ხოლო პოლიციელი რომ გავხდი, არ ესიამოვნათ; იფიქრეს, ოჯახს ყურადღებას მოვაკლებდი. სოფელშიც ჭორაობდნენ: ქალს რა უნდა პოლიციაშიო. თუმცა, დამერწმუნეთ, ჩემი სამსახური ხელს სულაც არ მიშლის, ვიყო კარგი დედა და კარგი დიასახლისი. ყველაფერს ვასწრებ. შემიძლია, ერთდროულად რამდენიმე საქმე ვაკეთო - მაგალითად, თან ვრეცხო, თან საჭმელი ვაკეთო და თან დავალაგო. არ მიყვარს, როცა ვინმე მეხმარება, პირიქით, ხელს მიშლის. საქმეს როცა მოვრჩები, ბავშვს გაკვეთილებს გამოვკითხავ ხოლმე. საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი დედა ვარ, არ მინდა ბავშვი სიზარმაცეს შეეჩვიოს.
- მამაკაც კოლეგებთან ურთიერთობისას, ქალი რომ ხარ, ამას თუ გრძნობ?
- ოპერატიული დავალების დროს სქესი არ არსებობს. თანამშრომლები ქალად არ აღმიქვამენ, "ძმაო"-თი მომმართავენ, რაც ძალიან მომწონს. თუმცა, ზრდილობის ნორმებიც არ ავიწყდებათ. თავიდან სამსახურში ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი ვარ და თანაც - ყოფილი ჟურნალისტი. ახლა კაცი-მეგობარი მეტი მყავს, ვიდრე ქალი.
- აგვისტოს ომის დღეებშიც თუ გიწევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება?
- ომის დროს სამმართველოში ერთადერთი ქალი ვიყავი. ამის გამო ჩემი კოლეგები ძალიან ღელავდნენ. უფროსმა ბრძანა: ქალაქიდან გავიყვანოთო. ძალიან მეწყინა, თვალებზე ცრემლი მომადგა. უფროსს პირველად შევეპასუხე: მეც ისეთივე პოლიციელი ვარ, როგორიც ყველა და თქვენ გვერდით ყოფნის უფლება მომეცით-მეთქი. უფროსმა მხოლოდ ხელი ჩაიქნია: რაც გინდა, ის ქენიო. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო.
- შენი ხასიათიდან გამომდინარე, მიღწეულს არ დასჯერდები...
- ის ჯარისკაცი რა ჯარისკაცია, გენერლობაზე თუ არ ოცნებობს. ახლა ლეიტენანტი ვარ, მაგრამ მეორედ რომ მოხვალთ, უკვე გენერალი მოგცემთ ინტერვიუს!
ელენე ხირსელი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
09:12 / 28-02-2010
ქალბატონი, რომელიც გენერლობაზე ოცნებობს























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...