- გოჩა და შმაგი აფრასიძეების საქმის გამოძიება საერთოდ არ ჩატარებულა. საქმეში წარმოდგენილია 11 "დაზარალებული", რომელთა ჩვენებები იდენტურია. ამბობენ, რომ აფრასიძეებმა ხუთჯერ გახსნეს ცეცხლი, ამიტომაც იძულებული შეიქნენ, საპასუხოდ ესროლათ და ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაეხოცათ, ხოლო შმაგი და გოჩა აფრასიძეები, ასევე ევგენი მურავიოვი განეიარაღებინათ, შემდეგ კი დაეპატიმრებინათ.
- რა იგულისხმება განიარაღებაში? თავის დროზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფრასიძეების ოჯახში იარაღის მთელი არსენალი ინახებოდა.
- განიარაღება ნიშნავს, იარაღის ერთი ხელიდან მეორეში გადაცემას. ე.წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით აფრასიძეების ოჯახიდან თითქოსდა ამოღებულია გასროლისთვის უვარგისი ერთი აკს-ის ავტომატი, ტყვიამფრქვევი, ასევე, უვარგისი ყუმბარმტყორცნის კორპუსი, ფალია და ორი ხის კონდახი - რეალურად კი, იქიდან არაფერი ამოუღიათ და ეს დოკუმენტი ყალბია. იმაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რომ კონდახი ვერ გაისროდა... სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სასროლად უვარგისი იარაღი იარაღად არ მიიჩნევა და ის არ შეიძლებოდა მტკიცებულებად ჩათვლილიყო. აფრასიძეების ოჯახში სანადირო თოფიც კი არ არის ნაპოვნი. თუნდაც ამით, ცხადად ჩანს, რა უკანონოა მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმად, გოჩას - 20, ხოლო შმაგის - 18 წელი აქვთ მისჯილი.
- თუ მათ მიმართ სამხილები არ არსებობს, მაშ, რით ხსნით ამ ადამიანების იზოლაციას?
- სამწუხაროდ, პროცესზე არ მომეცა დაცვითი სიტყვის თქმის საშუალება. ეს პროცესი უპრეცედენტო იყო დარღვევებით, - გამოტოვებულ იქნა პროცესის ეტაპები და ადვოკატებმა ტელევიზიის საშუალებით შევიტყვეთ, რომ აფრასიძეებს განაჩენი გამოუტანეს. 24 მარტს, ე.წ. სპეცოპერაციისას, ეცერში ადგილზე იმყოფებოდა ხელისუფლების სამი უმაღლესი წარმომადგენელი - გიორგი ბარამიძე, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. როგორც 2009 წლის 2 სექტემბერს სასტუმრო "რედისონში" პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მათ აფრასიძეების განადგურების შესახებ ბრძანება მიხეილ სააკაშვილისგან მიუღიათ.
ამ განცხადების შემდეგ იძულებული გავხდი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მურთაზ ზოდელავას სახელზე შემეტანა განცხადება. მოვითხოვდი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილ პირთა ქმედებაში დანაშაულის რამდენიმე კატეგორია იკვეთებოდა, - სულ 16 სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორის დანაშაული ჰუმანურობის წინააღმდეგ და ყაჩაღობა, რომ არაფერი ვთქვათ განზრახ მკვლელობებზე დამამძიმებელ გარემოებებში... ჩემს განცხადებას რეაქცია, რა თქმა უნდა, არ მოჰყოლია. ფაქტობრივად, ეს ომი გასცდა აფრასიძეების ოჯახის ფარგლებს, - დაიბომბა და განადგურდა სოფლის მცხოვრებთა სახლები, დააპატიმრეს 45 მამაკაცი, გალახეს არა მარტო მამაკაცები, ქალებიც. მთავარი პროკურორი ვალდებული იყო, ამ მიმართულებით დაეწყო ძიება, მაგრამ ამას სხვა კუთხით მოჰყვა რეაგირება.
- რას გულისხმობთ?
- გოჩა აფრასიძეს დაუზიანეს მარჯვენა თვალი. თუ დროულად არ ჩაუტარდა მკურნალობა, იგი საერთოდ დაკარგავს მხედველობას. მივმართე ყველა ინსტანციას, საქმის კურსში იყვნენ დეპუტატებიც... დამპირდნენ, რომ გოჩა აფრასიძეს გადაიყვანდნენ სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც ჩაუტარებდნენ გამოკვლევას და უმკურნალებდნენ. გოჩა აფრასიძეს დაპატიმრებამდე ორი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. მას 2005 წელს ჩატარებული ექსპერტიზით მარჯვენა თვალზე ბადურა გარსის ჩამოშლისა და ასტიგმატიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად ათასგზის მოთხოვნისა, ოპერაცია არ გაუკეთეს და მხედველობა დააკარგვინეს. ახლა უზიანდება მარცხენა თვალიც. როგორც კი მივმართე დასახმარებლად სხვადასხვა ინსტანციას, სააკაშვილმა გააკეთა ახალი განცხადება აფრასიძეების მისამართით, რის შემდეგაც კლინიკაში გადაყვანილი გოჩა ისევ საპყრობილეში დააბრუნეს. ექიმები ზეწოლას განიცდიან, ვინაიდან აფრასიძეები მიხეილ სააკაშვილის პირადი ტყვეები არიან - ჩასაფრებულია, შესაძლოა, ციხეში მივარდეს და თვითონ დახვრიტოს ორივე.
- ამბობთ, შმაგის მდგომარეობაც არ არის სახარბიელოო...
- შმაგის მდგომარეობაც უმძიმესია. მცირე ხანში 50 კილოგრამი დაიკლო, აწუხებს ტკივილები და ხშირად აქვს მაღალი სიცხე. მოვითხოვ, ამ ადამიანების მიმართ ხელისუფლებამ გამოიჩინოს "კეთილი ნება", ეს მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა, თორემ ნებისმიერი არასასურველი შედეგის გამო პირადად სააკაშვილს დაეკისრება პასუხისმგებლობა.
აფრასიძეების წინააღმდეგ ომი გრძელდება და გადავიდა ახალ ეტაპზე - ავადმყოფი ძმებისადმი ფიზიკური ანგარიშსწორების, ქალბატონი დოდოს, შმაგის ავადმყოფი მეუღლისა და მათი უდედმამოდ დარჩენილი ოთხი მოზარდის განადგურებაზე. ოჯახი მოკლებულია ადამიანურ პირობებს. ვაპირებთ მივმართოთ ევროპის სასამართლოს, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა გოჩას მკურნალობის თაობაზე. აგრეთვე მივმართავ სახალხო დამცველს, კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლოს და დანიშნოს ექსპერტიზა, რის შემდეგაც გოჩა აფრასიძეს მკურნალობის კურსი ჩაუტარდება.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...