ამის შესახებ "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კახა კუკავას ინფორმაციით, ის ხუთი კონგრესმენი, რომლებიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ, ამერიკის კონგრესის უსაფრთხოების კომიტეტის წევრები არიან და, ძირითადად, დაინტერესებული არიან ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის წარმატებით.
"ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ყველაზე მყარ საფუძველს საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეუქმნის, რომელიც ხელშეწყობილი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ", - განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, ქართულმა ოპოზიციამ ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლების, ე.წ. პოლიტპატიმრების, საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაზე.
"კონგრესმენებს გადავეცით დოკუმენტები. არის შესაძლებლობა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ამერიკის კონგრესიდან წამოვიდეს კონკრეტული ინიციატივები და კონგრესმა აიღოს ზედამხედველობა საქართველოში დემოკრატიის განვითარების მონიტორინგზე", - განაცხადა კუკავამ.
ოპოზიციისა და ამერიკელ კონგრესმენთა შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა, "რესპუბლიკელების" ლიდერი დავით უსუფაშვილი, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან" ალექსი პეტრიაშვილი, "კონსერვატორი" კახა კუკავა და "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე.
ამერიკელთა 5-კაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს კონგრესმენი ჯორჯიის შტატიდან ჯიმ მარშალი, დელეგაციაში შედიან ჩარლზ დენტი პენსილვანიიდან, სინტია ლუმისი ვაიომინგიდან, ჯინ ჰარმანი კალიფორნიიდან და პიტერ ველჩი ვერმუნტიდან.
"ინტერპრესნიუსი"
16:16 / 06-09-2010
კახა კუკავა - ამერიკის კონგრესმა შესაძლოა, საქართველოში დემოკრატიის განვითარების მონიტორინგი იკისროს






















