მიდის თუ არა ბოკერია ოპოზიციაში, ამაზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია. თუმცა სახელისუფლებო კულუარებში სწორედ ამაზე ალაპარაკდნენ და ექსპერტებიც ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში განვითარებული პროცესები სწორედ ამაზე მიუთითებს.
მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერია ხელისუფლებაშია, რამდენჯერმე გავრცელდა ჭორი თუ ინფორმაცია, რომ იგი ოპოზიციაში გადადიოდა, მაგრამ დღემდე ხელისუფლებაშია. სხვათა შორის, ბოკერიას ოპოზიციაში წასვლის მოლოდინი ყოველთვის უკავშირდებოდა ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას. დაწყებული 2004 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, როდესაც იგი ჯერ ხელისუფლების წევრიც კი არ იყო და შემდეგ უკვე 7 ნოემბრის აქციის დარბევით თუ აგვისტოს ომით გაგრძელებული.
ეს კი, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ყველა ამ ფაქტზე მისი პროტესტის დაფიქსირებას ელოდებოდა. თუმცა, რეალურად არც ერთ მათგანზე მას საპროტესტო გადაწყვეტილება არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში, ღიად მაინც.
შესაძლოა, ამას თავისი ახსნაც ჰქონდეს ყველა იმ რეალური საშიშროების გათვალისწინებით, რაც იმ შემთხვევებში ქვეყნის წინაშე ძალიან მწვავედ იდგა.
საინტერესო კი ის არის, რომ ბოკერიას შესაძლო პროტესტზე არაოფიციალურად დღესაც მიდის საუბარი. ამასთან, სახელისუფლებო კულუარებში იმის მოლოდინია, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფიც გამოიკვეთება.
ხელისუფლებაში ამაზე ღიად ჯერჯერობით არავინ საუბრობს. ორი დღის წინ, "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ "ნაცმოძრაობა არის ყველაზე მწყობრი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა და ამის გაგრძელებას ნამდვილად აპირებს. მათ შორის, მომავალ არჩევნებშიც. ამიტომაც იმაზე ლაპარაკი, რომ ნაცმოძრაობა დაიშლება, უსაფუძვლოდ მიმაჩნია. მე უკვე რამდენიმე წელია, მესმის, რომ ჩვენში დაიწყება რაღაც რღვევის პროცესი, მაგრამ ამ რღვევას ოპოზიციაში ვხედავ. არ მესმის, რატომ უნდა დაიწყოს რაიმე რღვევის პროცესი იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც ცდილობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს".
მაგრამ, როგორც ჩანს, დაპირისპირება სწორედ ამ რეფორმების გამო შეიძლება მოხდეს. ამასთან, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ უზომოდ გაზრდილი ნაცმოძრაობა აუცილებლად დაიშლება.
"ისეთ დრამატულ ტერმინებს ნუ ვიხმართ, როგორიცაა "დაპირისპირება" და ა.შ. მაგრამ ის კი უნდა ითქვას, რომ, ძალიან ბუნებრივი პროცესია ერთი უჯრედიდან ორი უჯრედის გაჩენა. თუ გავიხსენებთ საქართველოს ძალიან ახლო წარსულს, როდესაც ესა თუ ის პარტია ძალიან ძლიერდებოდა, მაგალითად 1990-იან წლებში "მრგვალი მაგიდა", რომელსაც შემდეგ გამოეყო იქ მყოფი ძალები, რომლებიც ცენტრალურ ხაზს არ ეთანხმებოდნენ.
ანალოგიურად "მოქალაქეთა კავშირი" ძალიან გაძლიერდა, მას გამოეყო ჯგუფები, რომელიც ცენტრალურ ხაზს არ ეთანხმებოდნენ და ამან მიგვიყვანა "ვარდების რევოლუციამდე", ისევე, როგორც პირველმა შემთხვევამ სამოქალაქო ომამდე და ა.შ. და ორივე შემთხვევაში ბარიკადების ორივე მხარეს ერთი პარტიის ხალხი იყო.
ასე რომ, როდესაც ძალიან დიდ ზომას, კრიტიკულ მასას აღწევს პოლიტიკური ჯგუფი, მათში ადამიანთა რაოდენობა, ერთ ჭკუაზე მათი ყოფნა უფრო და უფრო ნაკლებად სავარაუდოა და განსხვავებული მოსაზრებები უფრო მეტად შეიძლება რაღაც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდეს. ეს სრულიად ბუნებრივია", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მაგრამ საინტერესო ის არის, დღეს არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ასეთი პროცესები კიდევ განმეორდეს და, რაც მთავარია, უახლოეს მომავალში.
ამ საკითხთან დაკავშირებით კი ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
"თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ არ ვიცი, დღეს არის ეს რეალური მოცემულობა? ვირტუალურ სცენარებზე საუბარი შეიძლება, მაგრამ რეალურ მოცემულობას, მართალი რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ. მე არ მივეკუთნები იმ ადამიანების წრეს, რომლებიც ხელისუფლების შიდა სამზარეულოს კარგად იცნობენ. ამიტომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება", - აცხადებს ექსპერტი ზურაბ აბაშიძე.
რამაზ საყვარელიძე კი ამის საფუძვლებს უკვე აშკარად ხედავს.
"არის იმდენად, რამდენადაც ძალიან ხშირად ასეთი დაპირისპირების მიზეზი არის ხოლმე ის, რომ პოლიტიკური ძალის ლიდერი იცვლის ფავორიტს. ანუ, ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ადრე ჰქონდა პრიორიტეტი მინიჭებული, ანაცვლებს მეორეთი. მაშინ უარყოფილი ფავორიტები უკვე იბრძვიან იმისთვის, რომ ან დაიბრუნონ ძველი ადგილი ან დაუპირისპირდნენ თავად ლიდერსაც კი", - აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, ჩანაცვლებულ ფავორიტად შეიძლება სწორედ "თავისუფლების ინსტიტუტის" გუნდი დასახელდეს. ამის დამადასტურებლად კი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს მიიჩნევს.
"ვინ აღმოჩნდება დღეს ასეთი ადგილნაცვალი ფავორიტი, ძნელი სათქმელია. სავარაუდოა, რომ უფრო უმცირდება გავლენა თავისუფლების ინსტიტუტს და ამიტომ თავისუფლების ინსტიტუტი შეიძლება აღმოჩნდეს უკმაყოფილო ჯგუფის როლში.
"პროკურატურის შესვლა განათლების სამინისტროში, რომელმაც, როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ საინტერესო მასალა ამოიღო და, მეორე მხრივ, თავად პრეზიდენტის მხრიდან თავად შაშკინის მოღვაწეობის ძალიან მაღალი შეფასება. რაც იმას გულისხმობს, რომ არამარტო შაშკინმა გადადგა ნაბიჯები ყოფილი ფავორიტების წინააღმდეგ, არამედ ეს ნაბიჯები გადადგმული არის პრეზიდენტის მხარდაჭერითაც, კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკური დაპირისპირების ეჭვს", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება ბოკერიას ოპოზიციაში შესაძლო წასვლას, საყვარელიძე აცხადებს, რომ "ეს ძნელი სათქმელია. წავა თუ არ წავა და რას დაერქმევა ოპოზიცია, არ ვიცი. მაგრამ იმის საფუძველი, რომ იგი რაღაცით უკმაყოფილო შეიძლება იყოს, ნამდვილად არსებობს და ეს არ არის გასაკვირი".
"ბოკერიაზე რამდენჯერმე გავრცელდა, რომ ოპოზიციაში აპირებს წასვლასო და მათ შორის აგვისტოს ომის შემდეგ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ესეც მორიგი ასეთი ხმები იყოს, რომელსაც თავისი რაღაც საფუძველი ყოველთვის აქვს ხოლმე. მაგრამ, თუკი არსებულ ვითარებას გავაანალიზებთ, იგივე "თავისუფლების ინსტიტუტის" წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკას, მისი განაწყენება საფუძველმოკლებული არ უნდა იყოს", - აცხადებს საყვარელიძე.
საინტერესო კი ის არის, რომ მისი განაწყენების ერთ-ერთ მთავრ საფუძვლად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიც სახელდება. რასაც ექსპერტები საკმაოდ სერიოზულად მიიჩნევენ.
"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ბოკერია არ არის ის კაცი, რომელიც იმას ამოსძახებს, რასაც ჩასძახებენ. ის ყოველთვის თავისი პოზიციით და თავისი ნააზრევით ლაპარაკობს. ამიტომაც ჩემთვის ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, რომ მას საკონსტიტუციო პროექტი არ მოსწონდეს. მე ის უფრო გამიკვირდება, რომ მას ეს პროექტი მოსწონდეს. ვინაიდან იგი არ არის კომფორმისტი, განსხვავებით ბევრისგან, ვინც დღეს ხელისუფლებაშია", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ჩვენ ვცადეთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი თავად გიგა ბოკერიასგან ჩაგვეწერა, მაგრამ მან "მთელ კვირასთან" საუბარი არ ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ გავაგებინეთ, რა თემაზე გვინდოდა კომენტარი.
ძნელი სათქმელია, მისი დუმილი ამ შემთხვევაში თანხმობად უნდა ჩავთვალოთ თუ არა. მაგრამ საგულისხმოა ის, რომ მან ამ ინფორმაციის დადასტურება თუ არა, უარყოფაც არ ისურვა. რაც, ცხადია, მისი ოპოზიციაში წასვლის თუ არა, მისი მხრიდან არსებულ პროცესებზე გარკვეული უკმაყოფილების ეჭვებს მაინც აძლიერებს.
საინტერესო კი ის არის, რომ ამის პარალელურად სახელისუფლებო კულუარებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დანიშვნაზეც ალაპარაკდნენ.
ეს ინფორმაცია "მთელ კვირასთან" საუბრისას გოკა გაბაშვილმა იმ არგუმენტით უარყო, რომ ახლა ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ოპოზიციის განსაკუთრებული პასიურობის ფონზე ეს საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერს.
მაგრამ, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ, შესაძლოა, თავად ხელისუფლებაში გამოიკვეთოს "ყოფილ ფავორიტთა" გუნდი და დაიწყოს დაშლისმსგავსი პროცესები, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება სააკაშვილის ინტერესებში ნამდვილად შედის. აქ გასათვალისწინებელია ისიც, თუ ოპოზიციაში ვინ და როგორ შეიძლება გაძლიერდეს 2012 წლამდე. თუმცა ეს ჯერ კიდევ სამომავლო პროცესია. ამჯერად კი რეალობა არის ის, რომ ერთი შეხედვით დალაგებულ სახელისუფლებო გუნდში ფავორიტთა ცვლილება ძალზე მწვავე ფორმებს იძენს.
რუსიკო მაჩაიძე
გაზეთი ”რეზონანსი”
10:08 / 01-09-2010
გიგა ბოკერია ოპოზიციაში მიდის?






















