დაასახელებენ, მანამდე კი ისინი რეგიონებში გასვლასა და წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებას გეგმავენ. პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი გამოხატავს.
- რატომ აპირებთ თბილისის მერობის კანდიდატის სოციოლოგიური გამოკითხვის გზით, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პრაიმერით, წინასწარი არჩევნებით გამოვლენას?
- თვეების განმავლობაში ვმუშაობდით გაერთიანების სქემაზე და ჩვენმა კოლეგებმა, "ალიანსი საქართველოსთვის" წევრებმა შემოგვთავაზეს, მერობის ერთიანი კანდიდატი სწორედ სოციოლოგიური გამოკითხვის გზით გამოგვევლინა.
- მაგრამ დღეს ისინი არ აპირებენ მონაწილეობას პრაიმერსა თუ სოციოლოგიურ გამოკითხვაში...
- ის, რაც "ალიანსის" ლიდერებმა ჩაიდინეს, მრავალტანჯული ქართული პოლიტიკისთვისაც კი გაუგონარი რამ არის, - საჯარო შემოთავაზება უკან წაიღეს. არ ვიცი, როგორ აპირებენ პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას და როგორ მოახერხებენ არჩევნების წინ ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ მათ სიტყვას ფასი აქვს. ჩვენ კი დანაპირების უკან წაღება არ გვჩვევია - მერობის კანდიდატს სოციოლოგიური გამოკითხვა გამოავლენს.
- რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა: ვიცოდით, ირაკლი ალასანია ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფინანსებულ პრაიმერში მონაწილეობაზე უარს იტყოდაო...
- რესპუბლიკელებს არგუმენტები დაუძველდათ, ჩვენ ეს საბაბიც გამოვაცალეთ. ზურაბ ნოღაიდელმა დიდსულოვანი ნაბიჯი გადადგა და გარკვევით თქვა, თუ კოლეგები შემოგვიერთდებიან და ერთობა შედგება, პრაიმერისა და სოციოლოგიური გამოკითხვის ორგანიზებასა და დაფინანსებაში მონაწილეობას არ მივიღებთო. აშკარაა, რომ ვისაც ერთიანობა არ უნდა, ის ეძებს საბაბს, მასზე უარი თქვას.
- სოზარ სუბარმა ჩვენი გაზეთისთვის მოცემულ ინტერვიუში აღნიშნა: "ჭექაქუხილისტებთან" ჩვენი გაერთიანება შეუძლებელია, ირაკლი ალასანია ყოველგვარი რევოლუციის წინააღმდეგიაო...
- ამ ფრაზით სოზარ სუბარმა მათი განდგომის რეალური მიზეზი დაასახელა. ჩვენ კი წინ უმძიმესი საარჩევნო კამპანია გველის, ჩვენი აქციების დარბევა უკვე დაიწყო - როცა უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას ვატარებდით, "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერბრიგადა დაგვესხა თავს, არც ჩვენ დავრჩით ვალში. "ალიანსელებს" კი წარმატებას ვუსურვებ სალონური საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ხავერდოვანი საარჩევნო კამპანიით არ დაუმარცხებიათ. ჩემი აზრით, სწორედ საპროტესტო აქციები, მედგარი ქუჩის ბრძოლა არის გამარჯვების წინა პირობა. კაბინეტებიდან ხმების დაცვა შეუძლებელია. ისიც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაყალბებისთვის ემზადება, ჩვენ კი მისთვის ხელის შეშლას ვაპირებთ. ბრძოლის ეს გზა რთულია, საშიში, ზოგს კი ჭექა-ქუხილის ეშინია.
- ბოლო ხანს ვრცელდება ხმა, რომ ლევან გაჩეჩილაძე პრაიმერის მომხრე პარტიებმა, შესაძლოა, უპირობო ლიდერად დაასახელოთ.
- უპირობო ლიდერად ვერავის დავასახელებთ, ვერც გაჩეჩილაძეს, რადგან, ჩვენს ამომრჩეველს მივიჩნევთ არა ჯარისკაცებად, რომლებსაც საპროტესტო აქციებზე მოვუხმობთ, არამედ თანამებრძოლებად და ამიტომ, სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ამ უშეღავათო ბრძოლაში. ლევან გაჩეჩილაძეს, ცხადია, სრული უფლება აქვს სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს როგორც ერთ-ერთმა კანდიდატმა. 28 მარტამდე ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა.
- თქვენი პარტია ყოველთვის პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად აღიქმებოდა, დღეს კი განაცხადეთ, - ნატოზე ჯვარი არ დაგვიწერიაო, ანუ საგარეო პოლიტიკური ვექტორის მიმართულება შეცვალეთ?
- გადაწყვეტილებას ყოველთვის ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ და როცა საკითხი ასე დგას: საქართველო ნატოში შევიდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ან იყოს მთლიანი და ნეიტრალური, - მე, ცხადია, ერთიანი საქართველოს სასარგებლოდ ვაკეთებ არჩევანს. როგორც რუსეთში, ისე საქართველოში უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, შედგეს შეთანხმება, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების სანაცვლოდ, არც ნატოში შევალთ და არც აშშ-ის ბაზები განლაგდება ჩვენს ტერიტორიაზე.
- თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების უკან წაღებას...
- კარგად ვიცი, რომ საერთაშორისო სამართალში არ არსებობს პრეცედენტი, სახელმწიფოს საკუთარი აღიარება უკან წაეღოს. მაგრამ ჩვენ რუსულ მხარეს შეგვიძლია შევთავაზოთ ფორმულა, რომელიც იძლევა საქართველოს გაერთიანების შანსს ისე, რომ რუსეთის რეპუტაცია არ შეილახოს: ჩვენ და მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განვიხილავთ, რუსეთი და ორი-სამი ქვეყანა მათ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მიიჩნევს. ამიტომ მოსკოვთან ასეთ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ: მან, სულ ცოტა, ხელი არ უნდა შეუშალოს, ხოლო ყველაზე მეტი, ხელი შეუწყოს ამ რეგიონების რეინტეგრაციას საქართველოსთან, ამის სანაცვლოდ კი ჩვენ რუსეთის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება გამოსავალი დღევანდელი ჩიხიდან.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)






















