ალასანია რომ "ალიანსში" არ დაბრუნებულიყო, ის პროდასავლური ძალებისგან უბრალოდ გაირიყებოდა, რაც მისი პოლიტიკური კარიერისთვის დამღუპველი იქნებოდა, აცხადებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
ფიქრობს, რომ დედაქალაქის მერის ერთიან კანდიდატზე ოპოზიციის შეთანხმების მინიმალური შანსი არსებობს. მისი აზრით, კრემლის რეალური "ფავორიტი" ჯერ ავანსცენაზე არ გამოჩენილა. "თუ კრემლმა ფსონი მაინც იმ პოლიტიკოსებზე დადო, რომლებიც მოსკოვში ჩავიდნენ, მაშინ ვფიქრობ, ბურჯანაძეს უფრო მეტი შანსები აქვს, რადგანაც ის შეიძლება აღმოჩნდეს ერთგვარი კომპრომისული ფიგურა, ერთნაირად მისაღები, როგორც რუსეთისთვის ისე დასავლეთისთვის" - ამბობს ექსპერტი.
ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
"რეზონანსი" თქვენი აზრით, რამ განაპირობა ალასანიას გადაწყვეტილება, ჯერ გასულიყო "ალიანსიდან" და შემდეგ უკან დაბრუნებულიყო? რა შეიძლება ყოფილიყო ამ გაურკვეველი მისვლა-მოსვლის რეალური მიზეზი?
ზაალ ანჯაფარიძე: ამის რეალური მიზეზები, ვფიქრობ, ცოტა უფრო შორეულ მომავალში გაირკვევა და ალბათ თავად ალასანია იტყვის, თუკი მოისურვა, რა თქმა უნდა. თუმცა, შეიძლება დაეთანხმო გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ალასანიამ დაინახა მისი რეიტინგის სტაგნაცია და მიხვდა, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსის შესაქმნელად მას მხოლოდ "ალიანსის" მხარდაჭერა არ ეყოფოდა. ალასანიას ჰქონდა მცდელობა, თავისკენ მოეზიდა საპროტესტო ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ უჭერს მხარს ლევან გაჩეჩილაძეს და ასევე "პრაიმერისტთა" ელექტორატიც. თუმცა ალასანიას პარტნიორებმა "ალიანსიდან", რომ იტყვიან, "ბრჭყალები გამოაჩინეს", რადგანაც ალასანიას დამოუკიდებელი თამაში მათთვის საფრთხედ აღიქვეს. ხელისუფლებამ კი ეს ყოველივე კარგად გამოიყენა სათავისოდ.
კონტროლირებადი მედიის მეშვეობით შეიქმნა საინფორმაციო ფონი, რომ თბილისის მერობის მთავარი კანდიდატი ოპოზიციიდან დასავლურ არჩევანზე უარს ამბობს და პრორუსულ ძალებს ეკვრება. ალასანიამ, "პრაიმერისტებისაგან" ვერ მიიღო მხარდაჭერის ის ხარისხი, როგორსაც ელოდებოდა - ის არ აღიარეს ერთიან ლიდერად და, რამდენადაც ვიცი, სოციოლოგიურ გამოკითხვაში ლევან გაჩეჩილაძესთან გაჯიბრება შესთავაზეს. ამიტომაც ალასანიამ პატივმოყვარეობას გადააბიჯა და დაბრუნდა "ალიანსელ" პარტნიორებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მას არცთუ ეთიკურად აკრიტიკებდნენ.
მართალია, "ალიანსში" დაბრუნებით ალასანიას, როგორც ძლიერი ლიდერის იმიჯი შეირყა, მაგრამ მან შეინარჩუნა პროდასავლური პოლიტიკოსის სახე, შეიძინა რამდენიმე ახალი პოლიტიკური მოკავშირე და შეინარჩუნა არჩევნებში გამარჯვების თეორიული შანსი. ალასანია რომ "ალიანსში" არ დაბრუნებულიყო, ის პროდასავლური ძალებისგან უბრალოდ გაირიყებოდა, რაც მისი პოლიტიკური კარიერისთვის დამღუპველი იქნებოდა.
"რ": რას შეცვლის ალასანია ქართულ პოლიტიკაში?
ზ.ა: საქართველოში ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც ალასანია ჯერ კიდევ გამოუცნობ ფიგურად რჩება და შესაბამისად, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რას შეცვლის იგი და საერთოდ აქვს კი რეალური ცვლილებების მოხდენის უნარი? ჩვენ მისგან გვესმის მხოლოდ ზოგადი პოსტულატები და მეტი არაფერი. კონკრეტული ქმედებები, თუნდაც საკუთარი პროგრამის წარმოდგენა, ჯერ არ ჩანს. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელ კითხვად რჩება, რატომ არ მუშაობს ალასანია რეგიონებში, თუკი მას ნაციონალური მასშტაბის ლიდერად სურს ჩამოყალიბება. მისგან არ მოდის თუნდაც გონივრულ ზღვრებში ჩასმული ლიდერის ქარიზმა, რაც ასე დიდად ფასობს ჩვენს საზოგადოებაში და ხშირად აუცილებელიც კი არის კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მხარდამჭერთა მობილიზებისათვის.
"რ": როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ ერთიანი კანდიდატის გამოვლენის წესზე შეთანხმება ვერ მოხდა?
ზ.ა: თუ მიაქციეთ ყურადღება "ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებას, რომ "ალიანსი" უარს ამბობს მერობის კანდიდატის სოციოლოგიური გამოკითხვის გზით გამოვლენაზე, რომლის დრომაც თურმე ჩაიარა? არადა ყველას გვახსოვს, რომ ალასანიაც და "ალიანსელებიც" ბოლო მომენტამდე დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ სწორედ ამ მეთოდით გამოვლენილიყო ლიდერი.
შეთანხმება ვერ მოხდა იმიტომ, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ისტერიის ფონზე "პროდასავლელებისთვის" "პრორუსებთან" მიჩნეულ ძალებთან რაიმე სახის პოლიტიკური კონტაქტი უკვე სახიფათო ხდება.
შეთანხმება ვერ მოხდა კიდევ იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, თუ რა მომეტებული ამბიციები და ვიწროპარტიული ეგოიზმი აწუხებთ ცალკეულ პარტიულ ლიდერებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კულუარებში დიდი ვაჭრობა მიდიოდა ადგილების და გავლენის გადანაწილებაზე და როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ. გარდა ამისა, ხელისუფლებაც აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ოპოზიცია დაქსაქსოს. მას ეს ადრეც კარგად გამოსდიოდა და დღევანდელი რესურსების პირობებში მით უმეტეს. მაგალითების მოყვანა, მგონი, საჭირო არც არის.
"რ": რა შანსები აქვს ოპოზიციას მომავალ არჩევნებში? და "გაყოფამდე" რა შანსები ჰქონდა?
ზ.ა: თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსებზე მეკითხებით, ისინი ამ ეტაპზე არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება. ალასანიას და "ალიანსის" ჯერ გაბუტვა და მერე შერიგება, ალბათ შოკისმომგვრელი იქნებოდა მათი ელექტორატისათვის და აუცილებლად აისახებოდა უარყოფითად "ალიანსის" და ალასანიას რეიტინგზე. "პრაიმერისტების" შანსები კიდევ უფრო მცირეა. არასაპარლამენტო ოპოზიცია პრაქტიკულად არ მუშაობს რეგიონებში და თბილისზეა გადართული, მაშინ როდესაც ნაცმოძრაობის აქტივი უკვე მოედო რეგიონებს.
დედაქალაქის მერის ერთიან კანდიდატზე ოპოზიციის შეთანხმების მინიმალური შანსი არსებობს და ეს კიდევ აძლევს ოპოზიციას რაღაც იმედს იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ოპოზიციურად არის განწყობილი. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებს ლევან გაჩეჩილაძე. თუმცა ხელისუფლების მხრიდან ქრისტიან-დემოკრატების მეშვეობით გია ჭანტურიას ფიგურის გააქტიურებამ, შესაძლოა, ოპოზიციას მერყევი ელექტორატის ხმები დააკარგვინოს. შეხედეთ, რა გრანდიოზული პროექტების პრეზენტაციებს აწყობს ჭანტურია ხელისუფლების სრული მხარდაჭერის პირობებში. თუმცა, ოპოზიციისთვის ყველაზე უფრო დიდი საფრთხე მოსახლეობის ის განწყობა იქნება, როდესაც ხალხი ჩათვლის, რომ ოპოზიციას მისი ტკივილი რეალურად არ სტკივა და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამის ნიშნები კი უკვე ჩანს.
"რ": როგორ აფასებთ ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტებს მოსკოვში?
ზ.ა: ძალიან ჩვეულებრივად. ხელისუფლებას არ წარმოუდგენია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების რაიმე კონკრეტული გეგმა. ამ ურთიერთობების მოგვარების გარეშე კი პრაქტიკულად შეუძლებელია ცხინვალის და აფხაზეთის რეინტეგრაციის რაიმე პროცესის დაწყება. ამიტომაც ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ რუსეთთან დიალოგის ნიადაგის მოსინჯვა არ უნდა იყოს გასაკვირი.
რატომ ვაკერებთ მათ წინასწარ მოღალატის და კოლაბორაციონისტის იარლიყებს? იქნებ მათაც სახელმწიფო ინტერესები ამოძრავებთ? თუ ვინმეს განსხვავებული მონაცემები აქვს, წარმოადგინოს საჯაროდ უტყუარი სამხილები და გაირკვევა ყველაფერი.
არც ის არის გასაკვირი და აღსაშფოთებელი, რომ ეს პოლიტიკური ძალები მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ იმ ამომრჩევლის თვალში, ვინც რუსეთთან ურთიერთობის გართულებამ სერიოზულად დააზარალა. ეს ხალხი ხმას რომ არ იღებს, იმას არ ნიშნავს, რომ მათ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არ სურთ და ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის.
თუმცა რუსეთთან დიალოგის გზების მძებნელი პოლიტიკოსები მხოლოდ მაშინ შეძლებენ რაიმე კონკრეტულის გაკეთებას, როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ. მე აქ საკითხის ზნეობრივ ასპექტებზე არ ვსაუბრობ, საქმე ეხება რეალპოლიტიკას. ჩემის აზრით, ოპოზიციის მოსკოვური ვოიაჟების ერთ-ერთი მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ არის რუსეთთან მიმართებაში სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკის რეალური ალტერნატივა. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ლავირება და ზოგჯერ სტრატეგიული უკანდახევაც კი გამართლებულია. შეიძლება სწორედ ამისკენ მოგვიწოდებენ აშშ და ევროპა, როდესაც "სტრატეგიული მოთმინების" გამოჩენას გვირჩევენ. თუმცა ვერ ვატყობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ბოლომდე იზიარებდეს ამ რჩევას.
"რ": ვინ შეიძლება გახდეს კრემლის ფავორიტი, რაზეც ასე ბევრს საუბრობენ?
ზ.ა: წესით, კრემლმა არ უნდა გაიმეოროს დაშვებული შეცდომა და ფავორიტად არ უნდა შეარჩიოს ისეთი ფიგურა, რომელიც შეიძლება თავად მოსწონდეს, მაგრამ ის მიუღებელი იყოს ქართული საზოგადოებისათვის. ასეთი წლების მანძილზე იყო იგორ გიორგაძე და რასაც მიაღწია - ვხედავთ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ კრემლის რეალური "ფავორიტი" ჯერ ავანსცენაზე არ გამოჩენილა.
თუ კრემლმა ფსონი მაინც იმ პოლიტიკოსებზე დადო, რომლებიც მოსკოვში ჩავიდნენ, მაშინ ვფიქრობ, ბურჯანაძეს უფრო მეტი შანსები აქვს, რადგანაც ის შეიძლება აღმოჩნდეს ერთგვარი კომპრომისული ფიგურა, ერთნაირად მისაღები როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვის. დღეს საქართველოში აშკარად პრორუსული ფიგურის ხელისუფლებაში მოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს კრემლშიც უნდა ესმოდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად იქ დოგმები იმარჯვებენ ხოლმე საღ აზროვნებაზე.
ია აბულაშვილი
გაზეთი ”რეზონანსი”
10:57 / 11-03-2010
"კრემლის რეალური ფავორიტი ჯერ არ გამოჩენილა"






















