22 მაისი 2012 სამშაბათი - 18:07
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:26 / 11-03-2010
"ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს"
რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარება და ოპოზიციონერ ლიდერთა ერთი ნაწილის მოსკოვში ვიზიტი - ეს ის თემებია, რომლებზეც ქართველები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ. მოულოდნელი და უსიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი - ადამიანები, რომლებიც ადრე ქართველი კაცის მებრძოლ ხასიათზე, შეუვალობასა და მამაცობაზე ლაპარაკობდნენ, დღეს მორჩილებისთვის არიან მზად. მათ არც იმის აღიარება უჭირთ, რომ გალახულები არიან და არც ის ეთაკილებათ, რომ დათვს ბაბა დაუძახონ. სამწუხაროდ, ჩემ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ ოკუპანტთან შეურიგებელი და უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.      

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი:

- რუსეთთან დიალოგის დაწყება საჭიროა, მაგრამ ეს ოპოზიციამ კი არა, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩვენსავით არავის უჭირს. მოსკოვთან ყველამ გამონახა საერთო ენა. რუსეთთანაც ვილაპარაკოთ და ამერიკასთანაც, მაგრამ არც ერთის ტანკში არ უნდა შევძვრეთ. ილიას თქმისა არ იყოს, - "ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს".

სოსო ჯაჭვლიანი, მსახიობი, რეჟისორი:

- რუსებმა ფინელებს კარელია წაართვეს, იაპონელებს - კურილიის კუნძულები, მაგრამ ერთმანეთს მაინც ელაპარაკებიან; არც იაპონელებს ჩაუქნევიათ ხელი თავიანთ ტერიტორიაზე და არც - ფინელებს, ისინი უბრალოდ, შესაფერის მომენტს ელოდებიან. ჩემი აზრით, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. უკვე დავრწმუნდით, რომ ომით ვერაფერს გავხდებით და დიალოგის გარდა, სხვა რა გზა დაგვრჩა?! თუ სხვა გამოსავალიც არსებობს, ჩვენც გაგვაგებინოს ხელისუფლებამ. მე ის ვიცი, რომ უკიდურესი გაჭირვების დროს გვერდით არც ევროპა დაგვიდგა და არც - ამერიკა. რუსეთი კიდევ რომ გავაღიზიანოთ და საპასუხოდ ისევ თავს დაგვესხას, ევროპის ან ამერიკის შეშფოთება და ჰუმანიტარული დახმარება გვიშველის რამეს? მესმის, ცუდი მოსასმენია, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ - კაცი რომ მოგერევა, გაგლახავს და გეტყვის: ან ხელ-ფეხს მოგაჭრი, ან მარტო ხელებსო, საღად თუ აზროვნებ, ხომ სთხოვ, ფეხები მაინც დაგიტოვოს?..

ოტია იოსელიანი, მწერალი:
- გვინდა თუ არა, რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ და დიალოგი დავიწყოთ. ხომ გაგიგიათ, - "დათვი რომ მოგერევა, ბაბა უნდა დაუძახოო". ახლა ქართველებს სხვა გზა არა გვაქვს, რუსეთს ბაბა უნდა დავუძახოთ, მაგრამ მამად არ უნდა მოვიხსენიოთ.

ლაშა ბუღაძე, მწერალი:
- დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის გამართვა შეუძლებელია! 1783 წლიდან მოყოლებული დღემდე, რაც მეტი დავთმეთ, მით მეტი დავკარგეთ. რუსი ბუნებით მტაცებელი და დამპყრობელია. დღეს პუტინი ღიად აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მისთვის პრობლემაა და საქართველოს დამოუკიდებლობასაც ვერ ეგუება. ამ კაცმა, მედვედევთან ერთად, 2 წლის წინ თავზე დაგვაყარა ბომბები, დაგვიხოცა ხალხი და აღიარა ოსი და აფხაზი სეპარატისტების დამოუკიდებლობა. აბა, ასეთ ადამიანებთან დიალოგი რა შედეგს მოგვიტანს?!.

ირმა სოხაძე, მომღერალი:

- არ ვიცი, რუსეთთან ურთიერთობა როგორ უნდა დავარეგულიროთ, იმას კი ვხვდები, რომ ომით ვერაფერს გავხდებით, დანარჩენზე პოლიტიკოსებმა იფიქრონ...

ირაკლი წერეთელი, პოლიტიკოსი:
- კატეგორიულად გამორიცხულია და ყოვლად შეუძლებელია რუსეთთან დიალოგის გზით პრობლემების მოგვარება. ქართველებმა უფრო აქტიურად უნდა დავიწყოთ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ შეურიგებელი (ოღონდ მშვიდობიანი, შეუიარაღებელი, პოლიტიკური და დიპლომატიური) ბრძოლა და ნატოს წევრ ქვეყნებთან სამხედრო, სტრატეგიულ და პოლიტიკურ მოკავშირეობაზე ვიფიქროთ. მოსკოვში მორბენალი პოლიტიკოსები მოღალატეები არიან. სამწუხაროდ, ღირსეული და მებრძოლი ქართველი გმირების პარალელურად, ყოველთვის გვყავდნენ მოღალატეები და გამყიდველები. 
რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- ჩემი აზრით, რუსეთის პრეტენზიებისა და პირობების მოსასმენად პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. საქართველოს ხელისუფლების ვერსიაა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დასავლეთის ზეწოლით მოგვარდეს. ამ დროს კი, საფრანგეთის მაგალითზე დავინახეთ, რომ ევროპას რუსეთის პარტნიორულ ურთიერთობებში შეთრევა სურს და არანაირ ზეწოლას არ აპირებს. სხვა გზა არა გვაქვს, ახლა აუცილებელია რაიმე ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს საშუალებას მისცემს, რუსეთის პრეტენზიები და პირობები გაიგოს. ვფიქრობ, ეს გზა ურთიერთობის დარეგულირებასა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

ოპოზიციის მოსკოვში ვოიაჟები ღალატად არ უნდა შეფასდეს; თუ ბურჯანაძის მიერ კრემლთან მწვავე დისკუსიებს გავიხსენებთ, მას რუსეთის ჯარისკაცად აღარ წარმოვიდგენთ.

რამაზ გურგენიძე, ექიმი:

- რუსეთთან დიალოგს აზრი არა აქვს, რადგანაც ამ ქვეყნის ხელისუფლებაში დღეს მკვლელების კასტაა მოსული. კრემლის სტრატეგიული ამოცანა საქართველოს დაშლა და განადგურებაა. პუტინი ნამდვილი მკვლელია, ამ კაცს ქართველი ხალხის სიძულვილი სახეზე აწერია. ქართველ პოლიტიკოსებს იმიტომ ხვდება, რომ მსოფლიო საზოგადოებას დაანახვოს, როგორი "ჰუმანურია" და როგორ უნდა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. ნინო ბურჯანაძე მისი აგენტია და მოსკოვშიც მისი ბრძანებით ჩავიდა.

ეს ქალბატონი იმის ღირსია, რომ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლებმა კომბლებით გალახონ. ბოლო დროს, ქართველები ძალიან ხშირად ამბობენ, - რუსეთი ძლიერია და ჩვენ ამ ქვეყანასთან ვერაფერს გავხდებითო. ეს ხალხი რუსულ პრესას არ კითხულობს... 25 წელია, ყველაფერს ვკითხულობ, რაც რუსულ და ქართულ ენაზე იწერება. რუსეთი დასაქცევად განწირული, გამოფიტული ქვეყანაა და უფსკრულში მიექანება. ზოგიერთი ქართველი იმასაც ამბობს, აგვისტოს ომის დროს ამერიკა არ დაგვეხმარა, ისევ რუსეთმა დაგვინდოო.

აგვისტოს ომის დროს მოსკოვმა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა, მეტის უფლება ვაშინგტონმა არ მისცა. ვაშინგტონი რომ არა, რუსეთი დიდი ხნის წინ გადაგვყლაპავდა, ზვიად გამსახურდიას ჩვენც ზედ მიგვაყოლებდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 5 წლის წინ აღიარა: საქართველო ორ ნაწილად იყო გაყოფილი - გამსახურდიასა და შევარდნაძის მიერ. ჩვენ ამ ქვეყნის შეერთება ძალიან ძვირად დაგვიჯდა და ამის ფასი ჯერ კიდევ სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენსო. ეს სიგუამაც აღიარა, თანაც - ორჯერ. სასწაული რომ მოხდეს და რუსეთის ჯარი თბილისში შემოვიდეს, ხელში იარაღს ავიღებ და თანამოაზრეებთან ერთად, მოღალატეებს (ბურჯანაძე, ნოღაიდელი...) თავს შევაკლავ. ჩვენ ვიცით, ეგენი ვინც არიან, მაგრამ მათ არ იციან, ჩვენ ვინა ვართ.  

თინიკო ვარშალომიძე, პედაგოგი:
- არ მსიამოვნებს ამის აღიარება, მაგრამ აგვისტოს ომის დროს გაირკვა, რომ რუსეთთან წინააღმდეგობის უნარი არ შეგვწევს. ეს ქვეყანა მაინც იმას აკეთებს, რაც თავად სურს. აფხაზეთისა და ცხინვალის შემდეგ, ახალგორი და კოდორი წაგვართვა, მერე თუშეთში მიიტაცა მიწები, ახლა კი, როგორც გავიგე, ლარსის მხრიდან აპირებს შემოტევას. რა აზრი აქვს, ცალ-ცალკე, ნაკუწ-ნაკუწ დაგვიპყრობს თუ ერთიანად? ალბათ, ჯობია, დავნებდეთ, ასე ჩვენი შვილების სიცოცხლეს მაინც აღარ ჩავაგდებთ საფრთხეში.

გივი ოქროპირიძე, იურისტი:

- ფაქტია, რუსეთთან დიალოგისა და კომპრომისზე წასვლის გარდა, აღარაფერი დაგვრჩენია. ამას ხელისუფლებაც ხვდება და ამიტომაც აწარმოებს კრემლთან ფარულ გარიგებებს, ოპოზიციონერ ლიდერებს კი (რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკებებს ღიად აწარმოებენ) ხალხის გასაგონად ლანძღავს. თუ ეს ხელისუფლება კრემლთან გარიგებაში არ არის, მაშინ რატომ გახსნა ლარსი? რატომ დაუთმო თუშეთში მიწები? რატომ გადმოსწიეს რაჭაში საზღვარი? რატომ ჩაუგდეს რუს ბიზნესმენებს ჩვენი ენერგობერკეტები?...

მაკა ლაცაბიძე, ფარმაცევტი:

- გვინდა თუ არა, მოგვიწევს იმის აღიარება, რომ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა, მას ევროპა და ამერიკაც კი ანგარიშს უწევს. არ მესმის, რატომ უნდა მოვიკლა თავი ნატოში შესვლისთვის, თუ ეს ორგანიზაცია გაჭირვების დროს არ დაგვეხმარება? არც ევროპელობა და არც - ნატოელობა არ გვიშველის, თუ თავზე რუსეთის ბომბები დამაცვივდება.

ირაკლი ცირეკიძე, დისტრიბუტორი:

- ჩემი აზრით, რუსეთს არაფერი არ უნდა დავუთმოთ. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ბიჭები დაგვიხოცეს. ადამიანები, რომლებიც რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ და ამბობენ, - ჩვენს მოძმე ერთან ისევ უნდა ვიმეგობროთო, თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების სულებს რა პასუხებს სცემენ? ნუთუ, მართლა პირადი კეთილდღეობის მოწყობაზეა გადასული მთელი ერი? - ამის დაჯერება არც კი მინდა.           

კახა ფანცულაია, მეწარმე:
- ისეთი ხელისუფლება რომ გვყავდეს, რომლის ნდობაც შესაძლებელი იქნებოდა, დამიჯერეთ, რუსეთის წინააღმდეგ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებდი, მაგრამ ახლა ჩვენს თავგანწირვას რა აზრი აქვს? თანაც, არც ამერიკა და ევროპა გვიდგას მხარში. ან კიდევ, მე როგორ ვიბრძოლო, როდესაც ჩემი ქვეყნის მთავარსარდალი რუსული თვითმფრინავის დანახვაზე უკანმოუხედავად გარბის?!.  

თემურ გაფრინდაშვილი, ყოფილი სამხედრო:
- დამიჯერეთ, რუსეთთან ბრძოლას აზრი არა აქვს. ბევრჯერ მიფიქრია ამაზე და ვხვდები, რომ ჩვენს ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია არა აქვს შემუშავებული. სულ გარე ძალების - ხან ამერიკის, ხანაც - ინგლისის იმედზეა. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, სხვისი იმედი რომ გქონდეს. ევროპა და ამერიკა, როცა დასჭირდებათ, მაშინვე გაგწირავენ, ჩვენ კი ერთი ციდა სახელმწიფო ვართ და მრავალმილიონიანი რუსეთის წინააღმდეგ რას შევძლებთ?!.  


ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
12:38 / 22-05-2012  Image მამაკაცს, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ სცემა, მომღერალთან პრეტენზიები არ აქვს
მანქანიდან ირაკლი ფირცხალავა გადმოვიდა და  ფრანგული ავტომობილის მძღოლი კეტით სცემა
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა
09:04 / 22-05-2012  Image პრინცი ჩარლზი ეროტიული სცენების დროს ეკრანს ზურგს აქცევს
კინოვარსკვლავმა უილ სმიტმა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრისსაიდუმლო გაამხილა